მამა ბასილის სინდრომი

მამა ბასილის სინდრომი

გასულ კვირას საქართველოს შინაგანმა ჯარებმა ე.წ. „გლდანის ეპარქიის“ წინამძღოლი, ბასილ მკალავიშვილი დააკავეს ძალისმიერი ოპერაციის შედეგად.

ბუნებრივია, არც ერთ ჭკუათმყოფელს და არაპარანოიდულ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს (და არც მოეწონებოდა) მასობრივი ცემა-ტყეპის ის კადრები, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ იხილა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ნამდვილად შეიძლებოდა მკალავიშვილის დაპატიმრება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის (განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა დარბევა და სხვა მრავალი) ქალაქის ცენტრში გამართული პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რაიონული პოლიციის უფროსმა, ვინც ხსენებულ პრესკონფერენციას ესწრებოდა, ეს ვერ გაბედა (რაც ძალზე ნიშანდობლივია) სწორედ იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ შექმნა სამართალდაცვის ისეთი სისტემა, რომელიც აღარ დაეფუძნება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებს.

უპირველესად სწორედ ამაში მჟღავნდება „მამა ბასილის სინდრომი“: თუ წინა ხელისუფლების დროს პოლიციის კონკრეტული დაბალჩინოსანი მოღვაწეები არ იღებენ კონკრეტული გადაწყვეტილებებს, ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ გარანტია, რომ შემდგომი გარდაუვალი გართულებებისათვის ხელისუფლება „ჯოხს მათზე არ გადატეხდა“.

ძველი სინდრომი კვლავინდებურად ძალაშია. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ „სამართალდამცველები“ ბევრად აქტიურად და თამამად მოქმედებდნენ მხოლოდ და სწორედ მაშინ, როცა პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა აიღეს და ისინი პირადად (!) მონაწილეობდნენ გლდანის ოპერაციაში.

ამგვარი პრაქტიკა აბსოლუტურად არანორმალურია, მაგრამ იგი იარსებებს მანამ, სანამ პოლიციისა და პროკურატურის კონკრეტულ ჩინოსანს, ვინც უშუალოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, არ ექნება მტკიცე გარანტია იმისა, რომ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემდგომი პოლიტიკური გართულებებისათვის პასუხისმგებლობას მას არ დააკისრებენ და ჯოხს კვლავ მასზე არ გადატეხენ.

ასეთ გარანტიად კი სიტყვიერი განცხადებები (ან თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერა) ნამდვილად ვერ გამოდგება - საჭიროა საკანონმდებლო მექანიზმები, რაც ერთი მხრივ, იმავე პოლიციის უფროსს, სასჯელის შიშით აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება (რასაკვირველია, აუტკივარი თავის ატკივება არავის სურს) განურჩევლად პოლიტიკური შედეგისა; და, მეორე მხრივ, დაიცავს მას შემდგომი ზეწოლისაგან მაშინაც კი, თუ უმაღლეს ხელისუფლებას მისი გადაწყვეტილების გამო პოლიტიკური პრობლემები შეექმნა.

რაც შეეხება იმას, თითქოს ბასილი მკალავიშვილის დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებამ სექტანტებიც უნდა დააპატიმროს, „თორემ მომხდარი მათ ხელშეწყობად აღიქმება“ - რასაკვირველია, იგივე ბედი უნდა ეწიოს ყველას, ვინც ძალადობრივი მოქმედებით ცდილობს ადამიანებს აღმსარებლობის თავისუფლებაში შეუშალოს ხელი, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ამას როდი გულისხმობენ: იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის იმ ფუძემდებლური დებულების ხელყოფა, რაც ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს ყველა სფეროში - მათ შორის, აღმსარებლობისაც.

აღმსარებლობის თავისუფლება კი უეჭველად გულისხმობს მისი არაძალადობრივად და საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებას! სხვა შემთხვევაში ეს თავისუფლება ფიქციაა.

ლიბერალიზმის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ის გახლავთ, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ, თუ აუცილებელია, უმკაცრესი მეთოდებით უნდა დაიცვას თავისუფალი არჩევანის უფლება. შესაბამისად, უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამ უფლებას ხელყოფს.

გვესმის გაუთავებელი აპელირება „ორი ტომარა ფქვილით მორწმუნეთა მოსყიდვის“ შესახებ. ბოლოს და ბოლოს, „ორი ტომარა ფქვილით“ მართლაც შეიძლება ადამიანი მოისყიდო, ნამდვილად შეიძლება ზოგიერთს თვით „ეშმაკისეული საქმეც“ გააკეთებინო, მაგრამ შეუძლებელია „ორი ტომარა ფქვილით“ იყიდო რწმენა!

სანამ არ ვაღიარებთ, სანამ არ ვიტყვით, რომ აქ გარკვეული პრობლემა ნამდვილად არსებობს, მანამ ვერავითარი კანონმდებლობა ვერ დაგვიცავს. და ვერც ჩვენ დავიცავთ დედა-ეკლესიის ისტორიულ (და ბუნებრივ) პრიორიტეტს საქართველოში. მით უმეტეს, რომ ეს პრიორიტეტი აგრეთვე ჩვენი წინაპრების თავისუფალ არჩევანსა და ჭეშმარიტ რწმენას ეფუძნებოდა.