„ნაციონალების“ ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშა გახდა

„ნაციონალების“ ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშა გახდა

საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აქვს. პირველი რესპუბლიკის შინდისფერი დროშა უკვე ისტორიის საკუთრებაა. გუშინ პარლამენტარებმა ისტორიული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს და „ნაციონალების“ პარტიული ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად აღიარეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ტაბახმელასთან ჩახოცილი იუნკრების სისხლისფერი დროშა უკვე ჩამოხსნილია. ამ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება „ნაციონალების“ აქტივისტების მიერ სხდომათა დარბაზში გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშების ფრიალის ფონზე მიიღეს.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის გიგი წერეთელის მოთხოვნის მიუხედავად, რამდენიმე ხუთჯვრიანი დროშა სხდომათა დარბაზში მაინც გამოფინეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით გამართული დაპირისპირების ფონზე, პარლამენტის სხდომათა დარბაზის ზედა ლოჟაში „ნაციონალების“ აქტივისტები განლაგდნენ და ყველანაირი წინასწარი ნებართვის გარეშე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხუთჯვრიანი დროშები გამოფინეს.

მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელმა პარლამენტის სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოში არსებული კანონებისადმი დამორჩილება მოსთხოვა, საზოგადოების ჯგუფი არ დაიშალა. ამასთან, დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა სტუმრებს ლოჟიდან ჩამოაშვებინა ერთი დროშა, რომელიც პარლამენტის სპიკერის პროტესტის მიუხედავად, ჯერ პარლამენტის დარბაზში მაგიდაზე გადაფინა და შემდეგ პრეზიდიუმში აიტანა. „ნაციონალებისა“ და „დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლობამ კანონდამრღვევი სტუმრები დაიცვეს და შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადებას სრული სამართლებრივი, ისტორიული და მორალური საფუძველი აქვს.

სხდომათა დარბაზში „დემოკრატმა“ ხათუნა ხოფერიამ ერთ-ერთ ხუთჯვრიან დროშაზე, რომელიც მას აქტივისტებმა დარბაზში ჩააწოდეს, პარლამენტარების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატებმა ხუთჯვრიან დროშაზე ავტოგრაფები დატოვეს. გურამ შარაძემ, რომელიც ყოველთვის ამ დროშის წინააღმდეგ გამოდიოდა, ავტოგრაფის გაკეთებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ შარაძე ჯერ კიდევ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს მოითხოვდა ხუთჯვრიანი დროშის თბილისის მუნიციპალიტეტის სახურავიდან ჩამოხსნას.

შარაძის სარჩელების გამო „ნაციონალებს“ არაერთხელ მოუწიათ სასამართლოებში სირბილი. მართალია, ტრადიციების დამცველმა დეპუტატმა პროცესი მოიგო, მაგრამ აღმასრულებლებმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება „ხავერდოვან რევოლუციამდეც“ კი ვერ შეძლეს. ახლა კი, შარაძე სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს ასე აფასებს: „ძალა აღმართს ხნავს“.

საქართველოს პარლამენტის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატები ვან ბაიბურთი და რამირ ბაქიროვი მხარს უჭერენ სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანი დროშის გამოცხადებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვან ბაიბურთმა განაცხადა, რომ დავით აღმაშენებლის დროს ამ დროშის ქვეშ იყო გაერთიანებული საქართველოს არაქართველი მოსახლეობა და ისინი ყველანი საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდნენ. მისი თქმით, საქართველოს არაქართული მოსახლეობა დღესაც მხარს უჭერს აღნიშნული დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადებას.

ხოლო აზერბაიჯანელმა ბაქიროვმა დამტვრეული ქართულით განაცხადა, რომ მისი თანამემამულეები მზად არიან, ამ დროშის ქვეშ დადგნენ, თუ მას საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო დროშად გამოაცხადებს. რამირ ბაქიროვის თქმით, ეს დროშა უნდა გახდეს საქართველოს სიძლიერისა და გაერთიანების სიმბოლო.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხილვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტს დაჩქარებულად და რიგგარეშედ სთხოვა. ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია პარლამენტარმა ზურაბ ქაფიანიძემაც დააფიქსირა. თუმცა, მოგვიანებით საკუთარი პოზიცია შეცვალა: „თუ სააკაშვილს სურს ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადება, პარლამენტმა მისი სურვილი უნდა შეასრულოს“. მისმა განცხადებამ წერეთლის უკმაყოფილება გამოიწვია. პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ქაფიანიძეს მიკროფონი გამოურთო და გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცა.

ქვეყნის მთავარი სიმბოლიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ყველაზე კატეგორიული „ახალი მემარჯვენე“ დავით კოღუაშვილი იყო. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანი დროშის გამოცხადებას და მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო დროშა ერის საერთო ინტერესებს უნდა გამოხატავდეს და მის გარშემო კონსენსუსი უნდა არსებობდეს: „ მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი და არა იმპერატორი. თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველამ კარგად ვიცით, ეს „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშა იყო. დღეს ერის დროშაზეა საუბარი. ასეთი დაჩქარებული წესით, მით უმეტეს ამ პარლამენტში საკითხის განხილვა მიუღებელია. ეს კონსტიტუციური საკითხია. თუ არ შეგვრცხვება ჩვენი გადაწყვეტილების, ის მაინც გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება კენჭისყრის გამო როდესმე უხერხულობა ვიგრძნოთ“.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა პროცედურების დარღვევით მოხდა. მოქმედი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ვერ განიხილა და შესაბამისი დასკვნაც ვერ წარმოადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა და უარი თქვა კანონპროექტის რიგგარეშე სხდომაზე გასატანად დასტურის მიცემაზე. სხდომა დაიშალა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის დაჩქარებული წესით გადაწყვეტა დაუშვებელია და ის ჯერ საზოგადოების, ისტორიკოსებისა და ჰერალდიკოსების განხილვის საქმედ უნდა იქცეს. „იდეაში, რაც უნდა კეთილშობილური აზრი იდოს, მისი შანტაჟით და ძალადობის გზით განხორციელება დაუშვებელია. ხელისუფლება პარლამენტს სახელმწიფო დროშის შეცვლაზე სასწრაფო თანხმობას სთხოვს იმის გამო, რომ 25 იანვარს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა მონაწილეობდეს“, - მიაჩნია ქუცნაშვილს.

თუმცა, დეპუტატებმა ორგანულ კანონში ცვლილებები მაინც შეიტანეს. ამიერიდან საქართველოს სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანი დროშაა აღიარებული. „ჩვენ ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენ ვადასტურებთ იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ბოლო დღეებში ამ დროშის ქვეშ ქართველი ერი დადგა და გამარჯვებაც მოიპოვა. ჩვენ გვერგო პატივი, ქართველი ხალხის ნება გამოვხატოთ,“ - აღნიშნა „დემოკრატმა“ ვასილ მაღლაფერიძემ.