ფინანსური სკანდალები ამ ტელეკომპანიას ისედაც არ აკლია, არც ის, დიდი ხნის წინ, როცა პროექტი „ვის უნდა 20 000“ გადიოდა. მაშინ თამაშში მოგებული ადამიანები ტელეკომპანიას ედავებოდნენ, მოგებულ თანხებს დაგვიანებით ან საერთოდ არ გვინაზღაურებენო. ამჯერად ამ ტელეკომპანიის ეთერით გაშვებულ ერთ-ერთ პროექტზე, „ფორტ ბოიარდზე“ და მის გარშემო დატრიალებულ უსიამოვნო დეტალებზე მოგითხრობთ.
დავიწყოთ იმით, რომ ეს პროექტი თავიდან „რუსთავი-2“-სთვის არ იყო გამიზნული. მას კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა, ერთ-ერთი მთავარი ამ ჯგუფში პირველი არხის ფინანსების განმკარგავი, კახა ბექაური იყო. პროექტი „სხვა არხისთვის“ იყო გამიზნული, რომელიც მალე უნდა გასულიყო ეთერში. ამ სიტყვას „სხვა არხი“ ხშირად ახსენებდა თავად გადაცემის წამყვანი დუტა სხირტლაძე, „ჩვენ სხვა არხზე ვართ, სხვა ქვეყნიდან“. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ „სხვა არხი“ აღარ გაიხსნა და პირველი არხის ფინანსურმა ბოსმა კახა ბექაურმა პროექტი „რუსთავი-2“-ს მიჰყიდა. რამდენად და რა პირობებით ეს დეტალები თავად კომპანიების საიდუმლოებაა, თუმცა არის დეტალები, რომლებიც საჯაროა, მათ შორის ისიც, თუ რატომ არ მივიდა მოგებული თანხა კონკრეტულ ადრესატამდე.
მაშ ასე, ამ პროექტის მიხედვით ყოველი გადაცემის ბოლოს გამარჯვებული გუნდი მოგებულ თანხას კონკრეტული ადამიანების ანგარიშზე რიცხავდა. ამჯერად თანხებს ხან ბავშვთა სახლებში რიცხავდნენ, ხან მოხუცთა თავშესაფარში. მაგრამ „ალიას“ ინფორმაციით, უპატრონო ბავშვებიც და მიუსაფარი მოხუცებიც დღემდე უშედეგოდ ელიან „ფორტ ბოიარდიდან“ მათთვის გამოგზავნილ თანხას.
დედა ანა, ბათუმის მოხუცებულთა სავანე:
- მე მონაზონი ვარ, შვილო და ტელევიზორს არ ვუყურებ, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ჩვენი სავანის ანგარიშზე თანხა უნდა გადმოერიცხათ, ძალიან გამიხარდა. შეიძლება ვინმესთვის 2 400 ლარი დიდი ფული არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. იმ გადაცემაში კახა ცისკარიძეს გამოუცხადებია, რომ ბათუმის მოხუცთა თავშესაფარს უნდა გადავცეთ მოგებული თანხაო. მას შემდეგ თვენახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ არავის არაფერი გადმოუცია.
თავად თუ მოიკითხეთ ამ თანხის ასავალ-დასავალი?
- ჩვენ მოხუცებს თავად რა შეგვიძლია, მაგრამ ნაცნობების მეშვეობით ვეცადეთ გაგვერკვია რა ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერი გავიგეთ, არავინ არაფერი იცის ამ თანხის შესახებ. არადა, თუკი მართლა ჩვენ გადმოგვირიცხეს, რატომ არ მოდის ჩვენამდე?!
„ალიას“ ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა სხვა „ადრესატებთანაც“. უხერხულ მდგომარეობაშია თავად მომღერალი კახა ცისკარიძეც, რომელიც ერთ-ერთ თამაშში მონაწილეობდა და რომელმაც განაცხადა, მოგებული თანხა 2 400 ლარი ბათუმის მოხუცთა თავშესაფარს უნდა გადავცეო.
კახა ცისკარიძე: „ეს ფული ჩვენთვის ხელზე არავის მოუცია, იგი უნდა გადაერიცხათ, მაგრამ როგორც მე ვიცი, მოხუცთა თავშესაფრამდე არაფერი მისულა. რა მოხდა და ვის გამო მოხდა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს-დღეობით პირობა შესრულებული არ არის. პირობა კი პროექტის ხელმძღვანელებმა უნდა შეასრულონ, იქნებ თქვენ გაარკვიოთ“.
სამწუხაროდ, გარკვევით ბევრი რამ გაირკვა. მეტიც, პროექტის ხელმძღვანელებს, მარტო გადასარიცხი თანხები კი არ აწევთ ვალად, არამედ მასში მონაწილეების ჰონორარებიც გადასახდელი აქვთ.
ნანუკა ხუსკივაძე, „ფორტ-ბოიარდის“ წამყვანი:
- ჩემთვის ჰონორარიც არ მოუციათ.
რამდენი უნდა მოეცათ?
- არ ვიცი, ბოლო წუთამდე არ ვიცოდი, რომ ამ პროექტში წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, ბოლოს მითხრეს. ასე რომ, კონკრეტული თანხა არ ვიცი.
ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული პროექტის ხელმძღვანელობასთან?
- არა.
ზეპირი მოლაპარაკება მაინც გექნებოდათ ვინმესთან...
- კახა ბექაურთან, მაგრამ დღემდე არავინ არაფერს არ მიხდის. ძალიან კარგია ამ თემით რომ დაინტერესდით.
„ალიამ“ კახა ბექაურთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. არა და გვაინტერესებდა, კონკრეტულად რომელი არხისთვის მომზადდა თავიდან პროექტი, რამდენად მიეყიდა „რუსთავი-2“-ს და სად დაიკარგა ჩასარიცხი თანხები. როგორც მისი მეუღლე, ეკა ბერიძე აცხადებს, ბექაურმა თვალის ოპერაცია გაიკეთა და ამ ეტაპზე მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რაც შეეხება „რუსთავი-2“-ს, ბევრი დეტალის გარკვევა ამ პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან და საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, ეკა ხოფერიასთან მოხერხდა.
ეკა ხოფერია:
- ამ პრობლემის შესახებ მეც საქმის კურსში ვარ. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ ჩვენ, ანუ „რუსთავი-2“, რომელ გადაცემაშიც ვმონაწილეობდით და რაც უშუალოდ ჩვენ მოვიგეთ, თანხა ზუსტად არ მახსოვს, ვისაც დავპირდით იმათ, ჩვენი ბიუჯეტიდან გადავურიცხეთ. ეს იყო ჯოენის კლინიკა და ერთ-ერთი ბავშვთა სახლი. ამაზე მე პასუხს ვაგებ, ეს გადარიცხვა ნამდვილად მოხდა.
სხვებმა რა დააშავეს? ბათუმის მოხუცთა სახლმა, წყნეთის, დიღმის, კოჯრის და კიდევ რამდენიმე ბავშვთა სახლმა, რომელთაც თანხების გადარიცხვას მთელი საქართველოს წინაშე, პირდაპირი ეთერით პირდებოდნენ თქვენი არხის ეთერით გასულ გადაცემაში?
- ეს პროექტი „სხვა არხისთვის“ იყო მომზადებული, მაგრამ რაკი ის „სხვა არხი“ აღარ გავიდა, პროექტი თაროზე რომ არ შემოდებულიყო, ჩვენთან გავიდა.
პროექტის ღირებულება რამდენი იყო?
- ზუსტად არ ვიცი, ეს იყო ერთობლივი პროექტი, ბაზა ჩვენი იყო, კონკრეტული ჯგუფი მუშაობდა, პრობლემა იმანაც წარმოშვა, რომ ეს არ იყო იურიდიული პირის მიერ მომზადებული პროექტი.
ანუ, შესაბამისად არც ხელშეკრულება არსებობდა?
- ასეთი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იურიდიული პირი არ იყო. ეს იყო კონკრეტული ჯგუფი ადამიანების, რომელიც ამ პროექტს „სხვა არხისთვის“ ამზადებდა.
რა არხზეა საუბარი და ვინ იქნებოდა მფლობელი?
- აქ იყო „რუსთავი-2“-იც და რამდენიმე სარეკლამო კომპანიაც. მაგრამ ჯერ იყო პროექტი და ამის შემდეგ უნდა მოძებნილიყო სიხშირე და ყველაფერი დანარჩენი, რაც ტელევიზიას სჭირდება. ჯერ მომზადდა პროექტი, მაგრამ რადგან ტელევიზია არ შედგა, ამიტომ ამ პროექტს თაროზე ხომ არ შემოვდებდით და ჩვენთან გავიდა.
ანუ არ გიყიდიათ?
- ზუსტად არ ვიცი რა და როგორ იყო, მაგრამ ამ პროექტში „რუსთავი-2“-ის ფინანსებიც იყო.
პროექტი ზუსტად რა დაჯდა?
- ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი იყო.
მორალური პასუხისმგებლობა ამ მოტყუებული ადამიანების წინაშე, ვინ უნდა აიღოს?
- როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ჯგუფი როცა თამაშობდა, მაშინ ვისაც დავპირდით მოგებული თანხა, მათ ჩვენი ანგარიშიდან გადავურიცხეთ. ამ პროექტში ისეთი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომ არა მგონია მათ უარი თქვან და ეს ფული, რაც საჭიროა, ჩვენ თვითონ მოვაგროვოთ. მე თავად ვაპირებ დავუკავშირდე მათ ამ წინადადებით.
„რუსთავი-2“-ის ფინანსურ ხელმძღვანელთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ტელეკომპანიის ოფისში მთავარმა ბუღალტერმა როცა ჩვენი კითხვის შინაარსი გაიგო გვითხრა, რომ უფროსი ორშაბათამდე არ იქნებოდა.
მოკლედ, საკმაოდ ჩახლართული ამბავია. კი ბატონო, გასაგებია, რომ სხვა არხზე უნდა გასულიყო პროექტი, მაგრამ „რუსთავი-2“ რომელი გუშინ გამოჩეკილი „ტელევიზიაა“, რომ ასეთ ელემენტარულ დეტალში მოეტყუებინათ. პროექტის წამყვანისთვის ჰონორარის არმიცემაც არ ჯდება უბრალო გაურკვევლობის ლოგიკაში.
გარიგება მოხდა-თქო, დამამტკიცებელი მასალა არ გვაქვს და შემოგვედავებიან, მაგრამ ფაქტი ერთია, უპატრონო ბავშვები და მოხუცები ტელეეკრანიდან შეპირებულ თანხებს დღემდე უშედეგოდ ელიან.