კახი ასათიანის მკვლელობის სკანდალური ვერსიები

კახი ასათიანის მკვლელობის სკანდალური ვერსიები

(იბეჭდება შემოკლებით)

„კვირის ქრონიკამ“ კახი ასათიანის მკვლელობის რამდენიმე ვერსია დაადგინა.

ვერსია პირველი. მკვლელობის წუთიდანვე აქცენტი ერთ-ერთ ვერსიაზე კეთდებოდა - კახი ასათიანი „აირზენას“ დამფუძნებელი და მეწილე იყო. „აირზენას“ პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი შევარდნაძის პირადი პილოტი გახლდათ, ამიტომაც, „აირზენას“ საავიაციო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა უკავია.

გავრცელებული ვერსიით, ამ ორი ცნობილი პიროვნების გარდა, „აირზენას“ კრიმინალური ავტორიტეტებიც მფარველობდნენ. ისინი დამფუძნებლებიდან თავდაპირველად მხოლოდ ასათიანს იცნობდნენ. დამფუძნებელთა შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. მიზეზი ფრანკფურტის ოფისიდან მოზრდილი თანხის გაქრობა იყო. მაშინ ეს ამბავი ოფისის ხელმძღვანელთან ერთად „აირზენას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟსაც დაბრალდა. თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილებით, ამ დამფუძნებელს არამარტო წილი ჩამოართვეს, არამედ ზარალის ანაზღაურებაც დააკისრეს. გაიაშვილს მაშინ მხარს კახი ასათიანიც უჭერდა. თანხების აორთქლებაში დადანაშაულებული საბოლოოდ ფირმიდან გარიცხეს, მას კრიმინალური ავტორიტეტების მხარდაჭერამაც ვერ უშველა.

ზუსტად ერთი წლის წინ თამაზ გაიაშვილზე თავდასხმა მოხდა. თუმცა ქილერებს შეცდომა მოუვიდათ და ბიძის ნაცვლად რაიონიდან ჩამოსული გაიაშვილის დისშვილი, ბახტაძე მაშინ მოკლეს, როცა იგი ბიძის მანქანას გარაჟში აყენებდა. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, მეორე მხრივ, „აირზენას“ ფლაგმანობის ეჭვქვეშ დაყენება დღემდე გრძელდება. მართალია, ბოლო პერიოდში „აირზენას“ ირგვლივ სკანდალები აღარ ხმაურდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიის მიმართ პრეტენზიები ჩაცხრა. ანტიმონოპოლიური სამსახური „აირზენას“ უკვე კარგა ხანია, ერჩის და ბაზარზე ბილეთის მნიშვნელოვნად მაღალი ფასის დაწესების გამო ედავება.

ვერსია მეორე. სპორტული ბიზნესი - ფეხბურთი. აქ კახი ასათიანის ინტერესები ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებს შეეჯახა და კულმინაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე მიაღწია.

„ქრონიკა“ სამიოდე თვის წინ წერდა: „24 აგვისტოს, „შერატონ მეტეხი პალასში“ კენჭს ორ ძირითად კანდიდატს უყრიდნენ - პეტრიაშვილს პატარკაციშვილი უჭერდა მხარს, ჟორდანიას - ასათიანი. კულმინაცია კახი ასათიანის ფეხზე წამოდგომის შემდეგ დადგა - მოგეხსენებათ, ბატონი კახი მერაბ ჟორდანიას სიმამრი კი აღარ იყო, მაგრამ იგი ჯერაც გვერდით ედგა ყოფილ სიძეს და ამის დასტური მისი ტრიბუნაზე მყოფი პეტრიაშვილისადმი მიმართვა გახლდათ: „რა გინდა, შვილო, შენ... მითხარი, ვინ გიჭერს მხარს საფეხბურთო სამყაროდან... ვინ? პატარკაციშვილი და ის გურული ბიჭი? რა ჰქვია იმას...“

ის „გურული“ ბიჭი ვანო ჩხარტიშვილი გახლავთ და მას შემდეგ, რაც დავით პეტრიაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „მქუხარე“ სიტყვა წარმოთქვა მის მხარდასაჭერად, საფეხბურთო ყრილობებზე აღარავის უნახავს. ასათიანმაც სწორედ ეს მომენტი გამოიყენა პეტრიაშვილის წინააღმდეგ - ირონია ყველაზე გულუბრყვილოთათვისაც კი გასაგები იყო. როგორ აჯობა მერაბ ჟორდანიამ პეტრიაშვილს?!

ყველაფერი ისე მიდიოდა, პატარკაციშვილს გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა პეტრიაშვილის გამარჯვებაში, მაგრამ იმ დროს, როცა ყრილობამდე ძალიან ცოტა ხანი რჩებოდა, ჟორდანიას მოწინააღმდეგე ბანაკში გაისმა ზარი საზღვარგარეთიდან და ტელეფონში კატეგორიული ტონით დაფიქსირდა: „ფეხბურთი ჩემი ბიზნესია, ჩემი ინტერესი. არ მიყვარს, როცა მერევიან...“ კატეგორიული ტონი საერთაშორისო მასშტაბის ქართველ ავტორიტეტს ეკუთვნოდა და მას შეეძლო ამ დონეზეც კი კატეგორიული ყოფილიყო.

სწორედ ამის შემდეგ შედგა პატარკაციშვილისა და მერაბ ჟორდანიას უეცარი შეხვედრა და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა: „მე და ბატონი ბადრი დავმეგობრდით!“

ეს ჟორდანიას გამარჯვება და ქართული ოლიგარქიის მარცხი იყო.

საქმეში ჩახედულ ხალხში მოარული ვერსიის თანახმად, საერთაშორისო ავტორიტეტის ზარმა ორ ფრონტზე იმუშავა და ორივე ფრონტი მოიგო.

თუკი საქართველოში პეტრიაშვილის მხარდაჭერა გაგრძელდებოდა, უცხოეთში, კერძოდ, პარიზში სერიოზული პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა პაატა შევარდნაძეს. იმ საერთაშორისო ავტორიტეტის მარჯვენა ხელი, თბილისში კარგად ცნობილი კალაშოვი, კახი ასათიანის ახლობელი გახლდათ და რახან პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა ე. წ. ქუჩის აკადემიკოსებსაც უნდა გადაეწყვიტათ, „ქუჩაში“ გამოტანილი ვერდიქტი სწორედ ასათიანის, ანუ ჟორდანიას სასარგებლოდ გადაწყდა.

ვერსია მესამე. კახი ასათიანს ფოთში სამშენებლო პროექტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ფულის ნაცვლად მშენებლები „მერსედეს-ცენტრიდან“ გამოყვანილი „მერსედესებით“ გაისტუმრეს. შეთანხმების თანახმად, მოვალეს მანქანა უნდა გაეყიდა და ფული ასე აენაზღაურებინა, მაგრამ თურმე მანქანები ნავარაუდევ ფასად არ გაიყიდა და ამას ორივე მხრიდან უსიამოვნო საუბრებიც მოჰყოლია.

გამოძიება ვალებთან დაკავშირებულ საკითხსაც სწავლობს, თუმცა ფოთთან დაკავშირებული ისტორია მათთვის უცნობი იყო.

ვერსია მეოთხე. გარდა იმისა, რომ კახი ასათიანი საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული, მას მაკა ასათიანის ბიზნესში შვილზე არანაკლები წვლილი მიუძღვის. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური და პარიზული „ფეშენების“ დაფინანსებაში კახი ასათიანი სერიოზულ როლს თამაშობდა. როგორც ირწმუნებიან, პარიზში ერთ-ერთ რესპექტაბელურ ბუტიკში პაატა შევარდნაძისა და მაკა ასათიანის ინტერესები იკვეთება.

ვერსია მეხუთე. კახი ასათიანისა და ბადრი პატარკაციშვილის ინტერესები ამჯერად „აირზენასთან“ დაკავშირებით გადაიკვეთა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, პატარკაციშვილს „აირზენას“ წილის ყიდვა სურდა და ამასთან დაკავშირებით როგორც გაიაშვილთან, ისე კახი ასათიანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კახი ასათიანი პატარკაციშვილს ორჯერ შეხვდა რიტუალების სასახლეში. როგორც ამბობენ, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ასათიანი ძალიან გაღიზიანებული იყო.