მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში საქართველოს დაპყრობისთვის ორი იმპერია – ირანი და ოსმალეთი იბრძოდა. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან, მათ დაემატა მესამე დამპყრობელი რუსეთის სახით. მალე გაირკვა, რომ რუსეთი ჩვეულებრივი დამპყრობელი არ ყოფილა. რუსეთის საიმპერატორო კარზე საქართველოს დაპყრობის, ქართველი ერის ასიმილაციისა და საქართველოს, რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად გადაქცევის ვერაგული გეგმა ჰქონდათ დასახული. ამ გეგმის რეალიზაცია მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან დაიწყო. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
ბატონო ვახტანგ, საერთაშორისო ურთიერთობათა დონეზე, რუსეთმა როდის განაცხადა პრეტენზია საქართველოს ტერიტორიებზე?
– საქართველო-რუსეთის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა 1484 წლიდან დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის დიპლომატიური და სამხედრო დაზვერვა გულდასმით სწავლობდა ქართულ სამეფო სამთავროებში შექმნილ ვითარებას, მაგრამ პრეტენზია საქართველოს ტერიტორიების ფლობაზე, ოფიციალურად რუსეთმა მოგვიანებით განაცხადა. 1700 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის, დაიდო ხელშეკრულება. რუსეთის მეფის პეტრე პირველის ტიტულატურაში, არის ასეთი ტიტულიც: „ივერიის ქვეყნის, ქართლისა და საქართველოს მეფეების მბრძანებელი და ხელმწიფე”. ამ შემთხვევაში იგულისხმება, არა მთელი საქართველო, არამედ ქართლისა და კახეთის სამეფოები.
იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი?
– იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი ამ პერიოდში ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი და ამდენად, რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებაში, ოსმალეთი არ დაუშვებდა რუსეთის მეფის იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მბრძანებლად გამოცხადებას.
მაშინ, რატომ დაუშვა გამონაკლისი ქართლისა და კახეთის სამეფოების მიმართ?
– ქართლისა და კახეთის სამეფოები ამ დროისთვის ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ცხადია, ოსმალეთი, ირანის ინტერესების დაცვისთვის არ შეიწუხებდა თავს.
რა უფლება ჰქონდა რუსეთის მეფეს, თავი მოეხსენიებინა ქართლისა და კახეთის სამეფოების მბრძანებლად და ხელმწიფედ?! ამაში თავისი როლი პეტრე პირველის ქართულმა წარმომავლობამ ხომ არ ითამაშა?
– მართალია, პეტრე პირველი, მამით ბაგრატიონი – ერეკლე პირველი ნაზარ-ალი-ხანის შვილი იყო, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ქართლისა და კახეთის სამეფოების მბრძანებლად და ხელმწიფედ მოხსეანიებაში. პეტრე პირველი ოფიციალურად ვერ აღიარებდა და ოსმალეთის მხარეს ვერ განუცხადებდა, რომ ქართველი ბატონის უკანონო შვილი იყო. აქ საკითხი უფრო სერიოზულად იდგა: რუსეთი იწყებდა სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებისთვის ბრძოლას.
მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს რუსეთმა დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები. რა მოხდა შემდეგ?
– ამ დროისთვის რუსეთს უკვე კარგად ჰქონდა მოფიქრებული ქართველი ერის ასიმილაციისა და საქართველოს რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად გადაქცევის გეგმა. როგორც გაირკვა, რუსეთის დაზვერვას კარგად ჰქონდა შესწავლილი საქართველოში ირანისა და ოსმალეთის წარუმატებელი პოლიტიკის მიზეზები. ანუ, რუსებმა ზუსტად ამოხსნეს ამოცანა, რატომ ვერ გადააქცია ირანმა და ოსმალეთმა საქართველო თავის განუყოფელ ნაწილად და რატომ ვერ მოახდინეს ქართველი ერის ასიმილაცია. უნდა ითქვას, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა კარგად ისწავლეს ირანისა და ოსმალეთის შეცდომებზე.
რა შეცდომები დაუშვეს ირანის შაჰებმა და ოსმალეთის სულთნებმა?
– უმთავრესი შეცდომა იყო ის, რომ ამ ორმა დიდმა დამპყრობელმა არ გააუქმა საქართველოში მეფობა და კათოლიკოს-პატრიარქობა. მართალია, ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტებზე მაჰმადიანი მეფეებიც ადიოდნენ, მაგრამ ისინი მაინც სამეფო დინასტიიდან (ბაგრატიონებიდან) იყვნენ. მეფის ხელისუფლების არსებობა ხელს უწყობდა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ფუნქციონირებას, ქართული სამართლის მოქმედებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ქართული ფულად-საფინანსო სისტემის შენარჩუნებას, ასევე სახელმწიფო საზღვრების დაცვას. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების (კათოლიკოს-პატრიარქობის, საეკლესიო კრების) არსებობა, სამრევლო ეკლესიებისა და მონასტრების ფუნქციონირება, ქართველობაში ქრისტიანული სულიერების შენარჩუნების გარანტი იყო. რუსებმა ყოველივე ეს გაითვალისწინეს.
და ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად რა მოიმოქმედეს?
– უპირველეს ყოვლისა, რუსებმა დაუყოვნებლივ გააუქმეს ქართლ-კახეთსა და იმერეთში უმაღლესი საერო ხელისუფლება – მეფობა. თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი ექსპერიმენტი რუსებმა ქართლ-კახეთში ჩაატარეს. 1801 წლის 12 სექტემბერს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დაამტკიცა დებულება ქართლ-კახეთის მმართველობის შესახებ. ქართლ-კახეთში უმაღლესი სახელმწიფო მოხელე იყო – „საქართველოს მთავარსარდალი”. პირველი მთავარსარდალი იყო გენერალი კარლ კნორინგი, რომელიც შემდეგ შეცვალა გენერალმა პავლე ციციანოვმა. ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფოს ტერიტორიას უშუალოდ განაგებდა „საქართველოს მმართველი”. პირველ მმართველად დაინიშნა გენერალი ივანე ლაზარევი. ხელისუფლების ორგანოს, რომელსაც უშუალოდ უნდა ემართა ქართლ-კახეთი ეწოდებოდა „საქართველოს უმაღლესი მთავრობა”, რომლის თავმჯდომარედაც ითვლებოდა საქართველოს მმართველი. საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ყველა თანამდებობაზე მხოლოდ რუსები დაინიშნენ, ძირითადად, სამხედრო პირები. საქართველოს მთავარსარდალმა და საქართველოს უმაღლესმა მთავრობამ მთლიანად შეცვალა სამეფო ხელისუფლება, უფრო ზუსტად, მისი ცენტრალური აპარატი.
რა ხდებოდა პროვინციებში?
– რუსებმა ხელისუფლების ცენტრალური მმართველობის კვალდაკვალ შეცვალეს ადგილობრივი მმართველობაც. ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორია დაიყო ხუთ მაზრად: გორის, ლორეს, დუშეთის, თელავისა და სიღნაღის მაზრებად. მაზრების სათავეში ჩააყენეს რუსი სამხედროები – კაპიტან-„ისპრავნიკები“. ამით ბოლო მოეღო ტრადიციულ ადგილობრივ მმართველობას. თბილისის გარდა, ყველა მნიშვნელოვან სამხედრო სტრატეგიულ ადგილებში (ქალაქებში) ჩააყენეს რუსეთის ჯარი. აქ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი იყო სამხედრო კომენდანტი.
თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ირანისა და ოსმალეთის ბატონობის პერიოდში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა ქართული სამართალი. რა ვითარება შეიქმნა რუსეთის ბატონობის დამყარების შემდეგ?
– რუსებმა ამ შემთხვევაშიც კარგად გაითვალისწინეს წინამორბედი დამპყრობლების დაშვებული შეცდომა. გარკვეული მოსაზრებით, სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განხილვა ხდებოდა ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით, ანუ ჯერჯერობით კვლავ მოქმედებდა ქართული სამართალი. თუმცა, მოსამართლეები რუსები იყვნენ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ქართული სამართლის მოქმედების არე. სისხლის სამართალის საქმეების განხილვა სასამართლოებში მხოლოდ რუსული კანონების საფუძველზე მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაშიც მოსამართლეები რუსები იყვნენ. რუსული სამართალი უცხო და მიუღებელი იყო ქართველებისთვის. სასჯელის ზომებიც არ შეეფერებოდა ქართული სამართლით გათვალისწინებულ სასჯელის ზომებს.
საკმარისი იყო ყოველივე ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ დასასამარებლად?
– ცხადია არა. რუსეთის ბატონობის დამყარებიდან, სულ მალე გახდა ცნობილი, რომ დიდი სოციალური ძალა – თავადები და აზნაურები მტრულად განეწყვნენ რუსული მმართველობის მიმართ. ეს რუსეთისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთმა გეზი აიღო თავადებისა და აზნაურების ყოველმხრივ შევიწროებაზე. ტრადიციულად, საქართველოში უმაღლეს სახელმწიფო სამხედრო დიპლომატიურ და სასამართლო თანამდებობებზე თავადები ინიშნებოდნენ. ეს თანამდებობები მათ სერიოზულ შემოსავალს აძლევდა. შედარებით დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებად აზნაურებს აწინაურებდნენ, რაც ასევე, გარკვეული შემოსავლის წყარო გახლდათ მათთვის. რუსებმა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე ქართველი თავადები და აზნაურები არ გააჭაჭანეს, რითაც ძლიერი დარტყმა მიაყენეს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. თავადებისა და აზნაურების ეკონომიკური მდგომარეობის შერყევას, რუსეთის აზრით, უნდა შეენელებინა მათი პოლიტიკური აქტივობა. თუმცა, რუსები ამ შემთხვევაში მოტყუვდნენ.
როგორ შეხვდა ყოველივე ამას ქართული საზოგადოება?
– ქართული საზოგადოება პირველ ხანებში გარკვეულ ეიფორიაში აღმოჩნდა, მაგრამ სულ მალე გამოერკვა. საზოგადოების ყველა ფენაში ანტირუსული განწყობილება გაძლიერდა. უპირველესად ანტირუსული განწყობილება გამომჟღავნდა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრთა შორის. ორივე დედოფალი – ერეკლე მეორის ქვრივი დარეჯანი, გიორგი მეთორმეტის ქვრივი მარიამი, ტახტის კანონიერი მემკვიდრე – დავით ბატონიშვილი ერეკლე მეორის შვილები და შვილიშვილები, არც მალავდნენ სამეფოს გაუქმებით გამოწვეულ უკმაყოფილებას. უკმაყოფილებას არ მალავდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, შავი და თეთრი სამღვდელოება. უკმაყოფილო იყო თავადებისა და აზნაურების მრავალრიცხოვანი ფენა. საქართველოში სულ უფრო იზრდებოდა უკმაყოფილება რუსეთის პოლიტიკის მიმართ.