"ხალხის პარტიის" წევრი, ალექსანდრე შალამბერიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რამინ ბაირამოვის მამას, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე შალამბერიძემ აღნიშნა, უფროსი ბაირამოვი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის მსჯავრდებულ ნაზიმ რაჯამოვის მამას, მამედ რაჯამოვს დაჰპირდა, რომ 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა.
მისივე თქმით, საბოლოოდ მხარეები 18 ათას დოლარზე შეთანხმდნენ, რომელიც რაჯამოვმა, ბაირამოვის საკუთარ სახლში გადასცა, მისივე თქმით ფულის გადაცემის პროცეში მონაწილეობას იღებდა პაატა კიმოთიძეც, რომელიც დეპუტატის მამამ რაჯამოვს წარუდგინა როგორც პროკურორი, რომელიც, თითქოს, უშუალოდ მოაგვარებდა საპროცესო შეთანხმებას დეპუტატ რამინ ბაირამოვის დახმარებით.
თუმცა, თანხის აღების შემდეგ, პაატა კიმოთიძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაბამისად, მსჯავრდებული ისევ პატიმრობაში დარჩა. რაჯამოვი ფულის დაბრუნებას სასამართლოს ძალით შეეცადა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საოლქო პროკურატურამ სარჩელზე, რომელიც დეპუტატის ოჯახის დანაშაულთან იყო დაკავშირებული, რეაგირება არ მოახდინა და საქმე დაფარა.
კიმოთიძე მოაგვიანებით თაღლითობის ბრალდებით დაიჭირეს და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ამავე დროს, გამოძიება ბაირამოვის პერსონით არ ინტერესდება.
"გამბარ ბაირამოვი დამპირდა შვილის ციხიდან განთავისუფლებას. მითხრა, რომ სახლი გაყიდე, ფული მომიტანე და შენს შვილს ციხიდან გამოვაშვებინებო. 18 ათასი დოლარი მივიტანე ბაირამოვის სახლში, იქ დამხვდა ვიღაცა პაატა კიმოთიძე, რომელიც ბაირამოვმა როგორც პროკურატურის თანამშრომელი ისე წარმიდგინა. როგორც კი ფული მივეცი მას, გამბარ ბაირამოვი მოსკოვში წავიდა და ეს პაატა კი დამეკარგა.
"რამდენიმეჯერ დავურეკე მოსკოვში. როცა ჩამოვიდა, მივედი მასთან და უთხარი, რომ ბავშვი ცუდად არის და რას აკეთებ-თქო, მაგრამ ასეთი მიპასუხა - აქედან წადი, თორემ შენ კიდევ გაგიშვებ ციხეშიო. ჩემს ფულს არ მაძლევს და თან მემუქრება. მისი შვილი მოვიდა ჩვენს სოფელში და მითხრა, რომ ჩემს მამას ტყუილს აბრალებო. გამომძიებელი ვახო თოდუა ჩემი ძმა არის და სადაც გინდა იქ მიჩივლე არაფერი არ გამოვაო. პროკურორმა ლაშა არეშიძემ მომატყუა, მითხრა, რომ თითქოსდა გამბარ ბაირამოვი მოატყუეს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მამედ რაჯამოვმა.
რაჯამოვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, საქართველოს პარლამენტის წევრის, რამინ ბაირამოვის მამა, გამბარ ბაირამოვი, რომლის თქმით, რაჯამოვს მისთვის თანხა არ მიუცია, ის ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარიგება და შემდეგ უკვე თანხის გადაცემა მის სახლში მოხდა.
"არაფერი ფული ჩემთვის მას არ მოუცია და არც ჩემს სახლში ყოფილა. ჩვენება მივეცი სასამართლოს. ეს შარია," - გვითხრა გამბარ ბაირამოვმა.
დაზარალებულმა არაერთხელ მიმართა გამოძიებას სისხლის სამართლის პასუხისმგებაში პაატა კიმოთიძესთან ერთად მიცემული ყოფილი იყო გამბაროვი, იმ მოტივით, რომ მან კიბოთიძესთან ერთად ჯგუფურად, თაღლითურად მიითვისეს მისი კუთვნილი 18 ათასი დოლარი.
თუმცა, როგორც მთავარ პროკურატურაში "რეზონანსს" განუცხადეს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში რაჯამოვის მიერ დასახელებული პირის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება, არც პაატა კიმოთიძის აღიარებითი ჩვენებით და არც სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებით. შესაბამისად, როგორც პროკურატურაში აცხადებენ ის ვერ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებაში.
პროკურატურის არგუმენტი არადამაჯერებლი აღმოჩნდა "ხალხის პარტიის" წევრის ალექსანდრე შალამბერიძისთვის. ის ამბობს, რომ დაზარალებულს უნდა დაუბრუნონ 18 ათასი დოლარი.
ალექსანდრე შალამბერიძე: "გამოიძიონ საოლქო პროკურატურის და კერძოდ, პროკურორ ზურაბ კოჭლამაზიშვილის მიერ დანაშაულის დაფარვის მიზეზები და დაიწყონ ამ საქმის შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძვის, ვერაფერს ვერ გახდა საოლქო პროკურატურა. როდესაც მისი შვილი დაიჭირეს რამინ ბაირამოვის მამამ, შესთავაზა, რომ იგი გაუკეთებდა მისი შვილის ციხიდან განთავისუფლების საქმეს. ეს საუბარი შედგა ბაირამოვთან ოჯახში. თავდაპირველად შესთავაზა 30 ათასი დოლარი, მაგრამ შემდეგ უკვე 18 ათასამდე დავიდა.
თავად ბაირამოვის მამა რას საქმიანობით არის დაკავებული?
- ჯერჯერობით ის მხოლოდ დეპუტატ რამინ ბაირამოვის მამაა. ადრე მუშობდა მარნეულის პოლიციაში. მის მიმართ აღძრული იქნა სს-ს საქმე და გაიქცა ბაქოში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შვილი გახდა დეპუტატი, იგი უკან დაბრუნდა. ამ შემთხვევაში მის მიერ გამოყენებული იქნა შვილის თანამდებობრივი მდგომარეობა. სწორედ ამ კუთხით იყო მასთან მისული. როდესაც შემდგომი შეხვედრა შედგა, ბაირამოვმა დაახვედრა ვინმე პაატა კიმოთიძე და გააცნო როგორც საოლქო პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი.
სად მოხდა ფულის გადაცემა?
- ფულის გადაცემა მოხდა ბაირამოვთან სახლში.
მტკიცებულება თუ არსებობს იმისა, რომ მან ბაირამოვს მისცა ფული?
- ეს ფაქტი ფირზე არაა აღბეჭდილი. მაგრამ, აქ არის ისეთი გარემოებები შექმნილი, რომელიც არანაირად არ უნდა მიიღოს საოლქო პროკურატურამ, ეს არის აუდიო ჩანაწერი ბაირამოვსა და ამ ადამიანს შორის.
რაზეა ამ ჩანაწერში საუბარი?
- ამ ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რომ რას შვრები, როდის აკეთებ საქმეს და რა ხდება.
თუ არის თანხაზე საუბარი?
-რა თქმა უნდა თანხებზე არის საუბარი. ჯერ არის საუბარი იმაზე, რომ ჯერ 5 ათასი დოლარი მიიტანა, მერე 1500 დოლარი და შემდეგ უკვე დანარჩენი თანხა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებამ დააკავა პაატა კიმოთიძე, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა თაღლითობისთვის იყო დაკავებული. სასამართლო გადაწყვეტილებაში არასად არაა ნახსენები ბაირამოვის ბრალეულობა. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ ადამიანს არ სთავაზობენ თანამშრომლობას გამოძიებასთან. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში როდესაც შეტანილი ჰქონდათ ეს მასალები, თქვა და ახლაც ამბობს, რომ პაატას კი არ გადავეცით ფული, არამედ ფული გადავეცი ბარამოვსო. მაგრამ, არასდროს არც ერთმა გამომძიებელმა არ დასვა კითხვა, თუ ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში.
ამ შემთხვევაში გავლენა რამ იქონია?
- ამ საქმეში გავლენა იქონია იმან, რომ მისი შვილი პარლამენტის წევრია. მიდის სერიოზული ხელის დაფარება, რომ ამ ადამიანის გვარი არ იყოს ნახსენები. ვერანაირად ვერ მოახერხა დაზარალებულმა, რომ ეს ადამიანი მიცემულიყო პასუხისმგებაში. მინდა შეგახსენოთ პარლამენტარ გია კენჭაძის დაკავება, რომელიც მთავრობის სახლში ფულით შედიოდა და ეს ფული მიჰქონდა ვინმე ვანოსთვის. მაშინ ძალიან სამართლიანი განაჩენი გამოიტანა მიხეილ სააკაშვილმა. ველოდები, რომ ანალოგიური რამ მოხდება ამ შემთხვევაში.