ჩვენი იურიდიულად ცნობის ამბავმა მიაღწია გაზეთების(?) საშუალებით რუსეთის კომუნისტურ მთავრობის წარმომადგენლის ყურამდეც. მან მისალოცი წერილი გაუგზავნა ჩვენს საგარეო მინისტრს.
ჩვენ ვიცით წარსული წლის თავდასხმა კომუნისტებისაგან და ის სამხედრო სამზადისი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ ვიცით ის მზადებაც, რომელსაც აწყობდნენ კომუნისტები ჩვენი რესპუბლიკის დასანგრევად. ჩვენ ვიცით თუ რა მოჰყვა აზერბაიჯან-სომხეთის რესპუბლიკების მოსპობას. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯან-სომხეთი მოსკოვის ფილიალურ განყოფილებად გადაიქცა. საბუთები ბლომადაა იმისა, რომ საქართველოს „პროვინციად“ თუ არა „განყოფილებად“ გადაქცევა მაინც შეადგენდა უახლოეს მიზანს კომუნისტების მუშაობისას საქართველოში და ჩვენს საზღვრებთან. ცნობილია, რომ ამ მუშაობას ხელმძღვანელობდა ოფიციალური წარმომადგენლობა იმ ბოლშევიკურ რუსეთისა, რომელმაც „პირველად გვიცნო“ ფორმალურადაც.
ამ „ცნობას“ მოსკოვისაგან ჩვენთვის არც რეალური და არც ზნეობრივი მნიშვნელობა არ ჰქონია. სინამდვილეში იგივე მოსკოვის მთავრობის წარმომადგენელნი ძირს უთხრიდენ ჩვენს რესპუბლიკას. არ ერიდებოდნენ უბრალო ეტიკეტს და საჯაროოთაც ამბობდნენ, რომ საქართველოში მალე იქნება აღმართული მოსკოვის წითელი დროშაო. მათ მისიებში განგებ ამუშავებდნენ ქართველ მოღალატეთ გამოცვლილ გვარებით.
ზნეობრივად ბოლშევიკებისაგან საქართველოს დე იურედ ცნობა არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელობას, რომელზედაც შეიძლებოდეს სერიოზულად ლაპარაკი, რადგან, ლოიდ ჯორჯის უკანასკნელ განცხადების არ იყოს, მთელმა ევროპამ იცის, რომ მოსკოვის კომუნისტური მთავრობა არღვევს დღეს, რაც მან ან მისმა უფლება მოსილმა წარმომადგენლობამ გუშინ ხელის მოწერით და დამტკიცებით აღიარა, როგორც უდავო უფლებრივი ნორმა მეზობლისათვის.
სამაგიეროდ მეტი მნიშვნელობა აქვს შედარებით შეიმანის უკანასკნელ მოლოცვის წერილის ბოლო ფრაზას. იქ სწერია, რომ ანტანტისაგან საქართველოს ცნობა „ნიშნავს გამარჯვებას რუსეთის დიდი პროლეტარული რევოლუციის მეოთხე წელს ერთ-ერთი მის მსოფლიო ლოზუნგისა და ანტანტის უარყოფას მთლიანი და განუყოფელი შავი რუსეთის რესტავრაციის იდეისას.“
რუსეთის აღდგენა ძველ საზღვრებში ეს შავი რეაქციონერული ელემენტების იდეიათაა აქ დასახული, რომელსაც დიამეტრიალურად უნდა ეწინააღმდეგებოდეს „კომუნისტური რუსეთი“.
ეჭვს გარეშეა, რომ დასავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რუსეთის საკითხში, განსაკუთრებით საფრანგეთის ახალი კაბინეტის ამუშავებით. ეჭვს გარეშეა ისიც, რომ ინგლისს თავისი გეგმები აქვს იმ რუსეთის შესახებ, რომელიც რევოლუციის წინათაც და მის შემდგომაც დაუძინებელი მტერი და მოქიშპე იყო ინგლისისა აღმოსავლეთში, მოწყობილი იაპონიის ზღვიდან და გათავებული სტამბოლამდე. ინგლისის ყველა გამოჩენილი გენერლები და პოლიტიკოსნი რუსეთზე აჩერებდნენ თავიანთ ყურადღებას. კიტჩენერის ისტორია საყოველთაოდ ცნობილია.
დასავლეთ ევროპას და ამერიკას შავი რუსეთის სრული რესტავრაციის საკითხი უარყოფითად აქვთ გადაწყვეტილი. ამით მთელი კაცობრიობა უარჰყოფს, შეუძლებლად ხდის ძველი იმპერიის საზღვრებში რუსეთის აღდგენას. დღემდის კაცობრიობის მოწინავე ნაწილი ამის დარაჯი და ენერგიული დამცველია. რა გასაკვირია, რომ ამის შემდგომ შავი რეაქციონერული ზრახვებზე უარი თქვას მოსკოვის მთავრობამ ან რა ღირებულება ექნება ამას, როდესაც ეს მოსკოვიდან „პოსტ ფაკტუმ“ გამოგვეცხადა?
აქ არის მხოლოდ მოსკოვის მთავრობის დამახასიათებელი მომენტი: მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქვეყნოთ აცხადებს რომ ძველი საზღვრების აღდგენა რეაქციონერული და შავი რუსეთის იდეა არისო. ჩვენ კი ვიცით, რომ მოსკოვის მთავრობა და მისი „მოღვაწენი“ „აღდგენის“ საქმეს ემსახურებოდნენ და მისთვის არაფერს ზოგავდნენ. აზერბაიჯანი და სომხეთი - საუკეთესო ფაქტებია. მალული მუშაობა ჩვენში კიდევ უკეთესი საბუთია.
აქედან ცხადია, კომუნისტური რუსეთი და შავი რეაქციონერული რუსეთი ერთი მეორისგან არაფრით განირჩევიან.
ეს უნდა ახსოვდეს საქართველოს დემოკრატიას.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას