გუშინ ქართული პოლიტიკის ორმა ისტორიულმა პარტიამ - „ეროვნულ-დემოკრატებმა“ და „ტრადიციონალისტებმა“ განაცხადეს, რომ ერთიანდებიან, რათა ახალი ოპოზიციური კოალიცია შექმნან.
იმთავითვე ცხადია (და ეს პირდაპირ ითქვა), რომ კოალიცია მწვავედ დაუპირისპირდება ახალ ხელისუფლებას. „ახალი ოპოზიციის“ დოქტრინა კი აკაკი ასათიანმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქცა უკიდურესად მემარცხენე ძალად, რომელიც ქონების ექსპროპრიაციასა და ნაციონალიზაციას მოითხოვს კორუფციი წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ და საბაბით.
რასაკვირველია, პიროვნულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი საყვედური სამართლიანი, ალბათ, არ არის, რადგან იგი თავადაც ლიბერალია მთელი თავისი „კონსტიტუციით“ და არც ამერიკელი მეგობრები მოუწონებენ რეალურ „მემარცხენეობას“. მაგრამ სააკაშვილმა ძალიან ოსტატურად გამოიყენა მემარცხენე სულისკვეთება, რაც ნამდვილად წარმოჩინდა ქართულ საზოგადოებაში. სწორედ ეს არის აქ ყველაზე საინტერესო.
მართლაც, ამჟამინდელი ქართული საზოგადოება კარდინალურად განსხვავდება 15-20 წლის წინანდელისაგან. ეს პერიოდი საქართველოსათვის ნამდვილ „ეპოქათა ცვლად“ იქცა. მოდით, ერთად დავაკვირდეთ საოცარ ფენომენს: 1988 წელს ვინმესთვის რომ გეთქვა, „მოვა დრო და ქართული„მოწინავე“ (ყველაზე აქტიური და რევოლუციური) ახალგაზრდობისათვის იდეალად იქცევა კომუნისტი პარტიზანი ჩე გევარა“ - განა ამას ჭკუათმყოფელი დაიჯერებდა? რასაკვირველია, არა!!! უფრო მეტიც, თვით კითხვის ასე დასმაც კი მკრეხელობად აღიქმებოდა მაშინ, „ეროვნული ილუზიების“ ეპოქაში, როდესაც საზოგადოება სულ სხვა სულისკვეთებით სუნთქავდა. აბა, სად საქართველო და სად ჩე გევარა, რომლის იდეალი ლევ ტროცკი იყო სიცოცხლის ბოლომდე?
სინამდვილეში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ტრადიციონალისტთა კავშირის გაერთიანება იმის მაჩვენებელია, რომ 1988-1993 წლების სისხლიანი „ეროვნული რევოლუციის“ შემოქმედებმა სერიოზული საფრთხე იგრძნეს 22-23 ნოემბრის უსისხლო რევოლუციისგან, ისინი მიხვდნენ (ძალიან გვიან) რომ პროცესი, რომელიც საქართველოში ელვისებურად განვითარდა ახალ საზოგადოებრივ სულისკვეთებაზე დაყრდნობით (ისევე, როგორც ამ პროცესის სათავეში მოქცეული პიროვნება), უკვე სავსებით განსხვავებული თვისებრიობის შემცველია.
აქ სრულიად უადგილო იქნებოდა დისკურსი „უკეთესობა-უარესობის“ შესახებ, ისევე, როგორც აბსოლუტურად უაზროა (ვთქვათ) გია ჭანტურიასა და მიხეილ სააკაშვილის შედარება.
ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია, რადგან, ასევე, კარდინალურად განსხვავებულია ეპოქა და საზოგადოება (აქედან გამომდინარე, თანამდევი პოლიტიკური პროცესით), რომელშიც მათ მოუწიათ საქმიანობა. ეროვნული მოძრაობის სულისკვეთებას ნაზიარები პარტიები, თავდაპირველად, მხოლოდ ინსტიქტურად გრძნობდნენ საფრთხეს. ამჟამად შეგრძნება უკვე გაცნობიერებული ხდება, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან გვიან არის: რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ედუარდ შევარდნაძესთან და მის დიდ ეპოქასთან ერთად ეროვნული მოძრაობაც ისტორიის კუთვნილება ხდება.
23 ნოემბრის შემდეგ ქართული საზოგადოება ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან და აბსოლუტურად გამორიცხულია, მან მხარი დაუჭიროს „წარსულის აჩრდილებს“, თუ ახალმა ხელისუფლებამ და მათ მიმართ თავად არ მოიღო მოწყალება და საკუთარი რეჟიმის დეკორაციად თვითონ არ აქცია.