თბილისი. 30 იანვარი. (საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება).
დღეს, 30 იანვარს ამჟამად ევროპაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რადიო-დეპეშით აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 27 იანვარს უმაღლესმა საბჭომ „დე იურე“ იცნო საქართველოს რესპუბლიკა.
გუშინწინ, იანვრის 30-ის სხდომაზე, როდესაც დამფუძნებელი კრება განაგრძობდა ჩვეულებრივ საკანონმდებლო მუშაობას და მსჯელობდა საქართველოს კონსტიტუციაზე, სასახლის დარბაზში მობრძანდნენ იტალიის მისიის წარმომადგენლები, რომელთაც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს მეტად სასიხარულო ამბავი საქართველოს იურიდიულად ცნობისა უმაღლესი საბჭოს მიერ. ამ ამბავმა, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა ყველა დეპუტატებს შორის აფრთოვანება და აღტაცება გამოიწვია მათში. ყველა მოუთმენლად ელის შესაფერ განცხადებას და მართლაც მთავრობის თავმჯდომარე სიხარულისაგან აღფრთოვანებული და აღელვებულია...
ჩნდება ტრიბუნაზე. მთელი დამფუძნებელი კრება მას ტაშითა და ოვაციებით ხვდება.
ბატონი ნოე ჟორდანიას სიტყვა:
მოქალაქენო! მომეცით ნება მოგილოცოთ ის ამბავი, რომელიც ეხლა მივიღეთ.
ჩვენ გვატყობინებს ბატონი ევგენი გეგეჭკორი იტალიის მისიის საშუალებით, რომ ამ თვის 27-ში უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველო იურიდიულად. (ტაში და ოვაციები, ხმები: ვაშა.).
ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში. ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო. (ტაში). ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენ თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ეხლა კი ამ ჩვენ აზრს, ამ ჩვენ დებულებას, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ ამ სამი წლის წინათ, დაეთანხმენ მოწინავე სახელმწიფოები და ამით ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულწლოვანი და სრულუფლებიანი სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის.
ჩვენ ამიერიდან არ გვეშინია არავითარი საფრთხის, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს ცნობა არის აქტი არა წუთიერი, არამედ არის აქტი მუდმივი.
თქვენ იცით რომ ბელგია იქმნა დაპყრობილი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ბელგია სახელმწიფო არ იქნება, ის არ აღსდგება. (ტაში). იმ ჩვენ გართულებულ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით ეს ჩვენი ცნობა უდრის უდიდეს დახმარებას და აი ამ ტრიბუნიდან უნდა ვუძღვნა სალამი და გულითადი მადლობა გამოვუცხადო იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთაც აი ეხლა ამ აქტით ჩვენ ხელი გამოგვიწოდეს და ჩვენ მდგომარეობაში გაგვამაგრებს.
ვუძღვნი მადლობას ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს. (ტაში და ხანგრძლივი ოვაციები უცხო სახელმწიფოთა მიმართ). აგრეთვე მადლობა უნდა ვუძღვნა ამ სახელმწიფოთა აქაურ წარმომადგენლებს, რომელთაც დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ საქმეში და აქედან ამ აქტის სასარგებლოდ აწვდიდნენ იქ ცნობებს და ერთნაირად ეწეოდნენ პროპაგანდას თავის ოფიციალურ წრეებში. ამ საქმეში მიიღეს მონაწილეობა აქ მყოფმა პოლკოვნიკმა სტოქსმა, შევალიემ და იტალიის აქაურმა მისიამ. (ტაში).
დღეიდან ჩვენ გვმართებს რასაკვირველია უფრო მეტი და გაორკეცებული მუშაობა, სიმაგრე და ერთი ფრონტის შექმნა ყოველგვარ საგარეო საფრთხის წინააღმდეგ. და ეხლა კიდევ უფრო გვმართებს დავაჩქაროთ ჩვენი მუშაობა. ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ დღეიდან შეგვიძლია უფრო გულდამშვიდებით, უფრო მუყაითად ვიშრომოთ და მოუწოდოთ ყველა ჩვენ თანამშრომელთ, ყველა იმათ ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენი სახელმწიფოს აშენებაში და აგრეთვე მთელ ჩვენ ხალხს, რომ ეს ჩვენი სრულუფლებიან სახელმწიფოდ აღიარება და ეს ნდობა, ჩვენი მუშაობით და ჩვენი სიმტკიცით გავამართლოთ. (ტაში და ხანგრძლივი ოვაციები).
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას