ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილსა და ნაციონალებს საათივით აწყობილი საქმე აურია. ხელისუფალნი გაოგნებულები და აღშფოთებულები არიან. ბევრი ისეთი დაბნეულია, კომენტარის გაკეთების თავიც არა აქვს. დეპუტატები, ჟურნალისტების გარდა, უკვე თავის ოპოზიციონერ კოლეგებსაც ემალებიან. როგორც ჩანს, არ იციან, რა უნდა თქვან, ან თავს იზღვევენ, რადგან კაცმა არ იცის, რა იქნება ხვალ.
უმრავლესობის უმრავლესობა მწარედ დუმს. კომენტარებს მათი მძიმე არტილერია აკეთებს მხოლოდ. ივანიშვილის გაფარჩაკება ხათუნა ოჩიაურმა, გოკა გაბაშვილმა, აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა აიღეს თავის თავზე.
მათ რამდენიმე ექსპერტიც ეხმარება. აი, ის ექსპერტები, აქამდე სულ რუსეთს რომ ლანძღავდნენ.
საქმეში მომღერალი მინისტრი გოგა ხაჩიძეც ჩაერთო. მან მიზანში ბიზნესმენის შვილი ბერა ამოიღო და მას მუსიკა და სიმღერა დაუწუნა. აბა, სხვას რას ელოდით. "მიშა მაგარიას" ავტორი ხომ პლატინის დისკის მფლობელია და ბერა მის მოსაწონ სიმღერას როგორ დაწერდა. თან, ამ ახალგაზრდას არც მფრინავ თეფშზე ეცოდინება დაკვრა.
ვიდრე ხაჩიძე ბერას მუსიკას განიხილავდა, სამართალდამცავებიც გააქტიურდნენ. ჯერ იყო და ბერას მეგობარი დიჯეი დააკავეს, რომელიც მაისურებს არიგებდა, მერე "ქართუ ბანკის" თანამშრომლები გასკვანჭეს.
მშობლიურმა შსს-მ გვამცნო, რომ ბანკის თანამშრომლები, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გათეთრების გამო, დააკავეს. მოგვიანებით, დაკავებულები გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს დიჯეიც.
"ქართუ ბანკის" კუთვნილი თანხა 1 მილიონი დოლარი და 2 მილიონი ევრო კი სახსოვრად დაიტოვეს. სხვა თუ არაფერი, ამ ფულს 5-ლარიანი დახმარებისთვის გამოიყენებენ.
გეცოდინებათ, რომ ქალაქის თავმა გადაწყვიტა, თბილისელებს ყოფა შეუმსუბუქოს და მეტრომანებზე 5 ლარი ჩაურიცხოს. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ამით, ივანიშვილის გამოჩენით აღფრთოვანებულ ერს, ისევ თავის მხარეზე მიატრიალებენ.
ნაციონალებმა კარგად იციან, რომ უგულავას 5 ლარი ივანიშვილის 5,5 მილიარდთან არაფერია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად სხვა ზომებსაც მიმართავენ.
გოკა გაბაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ პირდაპირ გრადის დანადგარად არის ქცეული. დღეში ას განცხადებას მაინც აკეთებს. ამტკიცებს, რომ ივანიშვილი პუტინის პროექტია და ეს იმდენად ნათელი ყოფილა, რომ მას ფიცი და მტკიცი აღარ უნდა.
ივანიშვილმა მადლობა უნდა თქვას, თბილისის ომის დაწყებას რომ არ აბრალებენ და გაბაშვილი იმას არ ამტკიცებს, სამოქალაქო ომის დროს ივანიშვილი ტანკზე იჯდა და აქეთ-იქით დაქროდაო.
ბიზნესმენს სასწრაფო წესით ჩამოართვეს მოქალაქეობა. არადა, მან საქართველოს პასპორტი მიმდინარე წლის ივლისში აიღო. მიხეილ სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს შეუჩერა. მასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობა მის მეუღლესაც შეუჩერდა.
ამის გამო, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. ივანიშვილი სააკაშვილს სასამართლოში უჩივის. იურისტების ნაწილი შიშობს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, ბიზნესმენი შესაძლოა საქართველოდან გააძევონ.
ბიძინისტები განსაკუთრებით მაშინ შეშფოთდნენ, როცა გაიგეს, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.
ერთ საღამოს ივანიშვილის დაცვას დაცვის პოლიციიდან დაურეკეს და იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. ამაზე ოპოზიციის ნაწილმა ხმაური ატეხა. რამდენიმემ ისიც თქვა, დაიჭერენო. ეს ამბავი იმ საღამოს მოხდა, როცა "ქართუ ბანკის" თანამშრომლები დააკავეს.
აღშფოთებული ერი სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა დაამშვიდა. მისი თქმით, ივანიშვილის დაკავება ასე მარტივი არ იქნებოდა. სხვა თუ არაფერი, ის ხომ სან მარინოს საპატიო კონსულია და მას დიპლომატიური ხელშეუხებლობა იცავს.
ხელისუფლებას იარაღის ჩაბარება ბოროტი განზრახვით რომ არ მოუთხოვია, მალე გაირკვა. პოლიციას იარაღი ივანიშვილის დაცვის 10-მა თანამშრომელმა ჩააბარა.
ადვოკატ ეკა ბესელიას განმარტებით, იარაღის ჩამბარებლები ბიზნესმენის დაცვის წევრები პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ და ისინი ივანიშვილთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ. ზემოხსენებული პირები ივანიშვილის დაცვის სამსახურში კვლავ რჩებიან, თუმცა, ავტომატური იარაღის გარეშე.
მათთვის ავტომატური იარაღის ჩამორთმევა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო მოხდა. დაცვის პოლიციას უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება არა აქვს.
ზემოთ "ქართუ ბანკის" ინციდენტზე ვსაუბრობდით, ბანკის თანამშრომლები, მართალია, გაათავისუფლეს, მაგრამ შემოწმება დაიწყეს. ეროვნული ბანკის კომისია "ქართუ ბანკში" შევიდა და საგულდაგულო შემოწმება დაიწყო.
ეს რომ შემთხვევითი არ არის, ამას ყველა ხვდება. ივანიშვილის გარემოცვა ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ ბანკის გაკოტრება სურს. ასეთი რაღაცები ჩვენს ხელისუფლებას კარგად გამოსდის.
ივანიშვილის გარშემო ატეხილი დაჭერების გამო შეშფოთება ქრისტიან-დემოკრატებმაც კი გამოთქვეს. შეშფოთება პირადად გიორგი თარგამაძემ გამოხატა, რომელიც, ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ბინძური მეთოდებით შემოვიდა პოლიტიკაში.
ამ კვირაში ნაციონალების მძიმე არტილერიას საქმე თავზე საყრელი ჰქონდა. მათ ივანიშვილის რამდენიმე განცხადებასა და ინტერვიუზე უნდა გაეკეთებინათ კომენტარი. ვერაფერს იტყვი, კარგად იმუშავეს. პუტინის პროექტის წინააღმდეგ პატრიოტული პროტესტი ასგზის მაინც დააფიქსირეს.
ბიზნესმენმა მათი მოტყუება ვერც ტერმინ "ოკუპაციით" შეძლო. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელ ქმედებებს წინ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდი გაუაზრებელი ნაბიჯები დახვდა.
როგორც ბიზნესმენმა "როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 2008 წელს, რუსეთმა საშინელი აგრესია გამოამჟღავნა და დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
- რუსეთმა საშინელი აგრესია გამოამჟღავნა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით, დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ სათანადო პოზიციას დაიკავებს აშშ და ევროპა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების "ოკუპირებულად” მოხსენიება ბიზნესმენის რუსეთთან კავშირის შესახებ ეჭვებს არ უფანტავს.
- გეთანხმებით, რომ მან სიტყვა "ოკუპაცია” ახსენა, მაგრამ ისიც თქვა, რომ ოკუპაცია საქართველოს ქმედებებმა განაპირობა. ამ ინტერვიუშიც საქართველოს ადანაშაულებს, ისე, როგორც ეს წინა განცხადებებში გააკეთა. თანაც, მარტო ამ ერთ ფრაზაზე ხომ არ არის? ივანიშვილი იქ პუტინზეც საუბრობს, ასევე, ზოგადად, საქართველოზე და ა.შ. არ შეიძლება მარტო ერთი ფრაზა ამოვგლიჯოთ და ისე ვილაპარაკოთ იმაზე, არის თუ არა ივანიშვილი რუსეთის პროექტი, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ.
ნაციონალების გარდა, ივანიშვილის გამოჩენით, ოპოზიციის ნაწილიც შეშფოთებულია, მეორე ნაწილი კი აღტყინებულია. როგორც ამბობენ, ივანიშვილის კართან რიგები დგას. ბიზნესმენი უკვე რამდენიმე ლიდერმა მოინახულა.
მათგან ყველაზე მეტად ირაკლი ალასანიას გაუმართლა. ის უკვე ორჯერ შეხვდა ივანიშვილს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ. მათ გვერდით სხვებიც იპოვიან ნავსაყუდელს. თუმცა, იქამდე ჯერ ბევრი რამ არის გასარკვევი.
გასარკვევია, მიიღებს თუ არა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თუ მიმართვა იქნება, ივანიშვილს მოქალაქეობას მისცემენ.
დეპუტატი აკო მინაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილზე ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას არ მისცემდა.
ხიდებისა და შადრევნების გახსნა ხელისუფლებას ადრეც უყვარდა, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ძალიან გააქტიურდნენ. განსაკუთრებით საჩხერის მიმართულება აირჩიეს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქ რამდენიმე დაწესებულება გახსნეს.
ცოტა ხანში იტყვიან, რომ ივანიშვილს საქართველოსა და საჩხერისთვის არაფერი გაუკეთებია. მალე, ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც იტყვიან, რომ ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ აყვავილებული ჭორვილა მიითვისა.
ენას ძვალი არა აქვს და ათასი ჭორ-მართალის მომსწრენი გავხდებით. მოგვატყუებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ერთი რამ კი ფაქტია, ივანიშვილის გამოჩენამ ხელისუფლება სერიოზულად შეანჯღრია. ჩამკვდარი პოლიტიკა ოდნავ გამოცოცხლდა. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ჟურნალია და კინოც მალე იქნება. ვნახოთ, საქმე ისე მიდის, კინო მალე უნდა დაიწყოს. ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ივანიშვილთან შესახვედრად შემთხვევით არ მისულა.
როგორც ამბობენ, არც ისაა შემთხვევითი, ივანიშვილი ალასანიასა და რესპუბლიკელებთან რომ თანამშრომლობს. ერთიცა და მეორეც ამერიკულ პროექტად ითვლება.
შემთხვევითი არც ისაა, რომ ნაციონალების დიდი უმრავლესობა კომენტარებისგან თავს იკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მზადაა, ივანიშვილის მხარეს გადავიდეს.
ამ აჟიოტაჟის ფონზე სააკაშვილიც დუმს. ის, როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადება. სააკაშვილი შევარდნაძე არაა, ასე იოლად რომ დათმოს ყველაფერი. ისე, რევოლუციამდე შევარდნაძეც იძახდა, მანამდე არ აუდგეთ გვერდები, სანამ მე გადავდგებიო, მაგრამ გადადგა, მუდმივად პრეზიდენტი არც სააკაშვილი იქნება.
და კიდევ, გავრცელდა ცნობა, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ნაციონალები ერთად შეკრებილან და ფიცი დაუდიათ, რომ რაც უნდა მოხდეს, ერთმანეთს არ უღალატონ.