თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ქონებას, სავარაუდოდ, თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაეპატრონება.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, იმ აუქციონში მონაწილეობით, რომელზეც სახელმწიფოს "არტი ჯგუფის" ქონების გაყიდვა აქვს დაგეგმილი, დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან დაინტერესებული.
სააგენტო "პირველმა" აღნიშნული ინფორმაციის დავით კეზერაშვილთან გადამოწმენა ვერ მოახერხა. ქიბარ ხალვაშის უახლოეს გარემოცვაში კი არ გამორიცხავენ, რომ დავით კეზერაშვილს ამ ქონებაზე პრეტენზია მართლაც ჰქონდეს, რადგან მის სახელს უკავშირებენ "არტი ჯგუფის" თბილისის საწყობის გადაწვას, რომელმაც კომპანიას მილიონობით ზარალი მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილს ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს. მის სახელს ბევრი ხმაურიანი საქმე უკავშირდება: 2004 წელს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის შეჭრა კაფე "ნიკალაში" და იქ მყოფი მოქალაქეების დაწიოკება. ფინანსური პოლიციის "ანგარიშზე" "ურჩი გადამხდელების მორჯულება" და მათგან ამოღებული თანხების სპეციალურ ფონდებში აკუმულირებაცაა.
კეზერაშვილი გასული წლის ბოლოს მორიგ სამთავრობო წმენდას შეეწირა. მან სააკაშვილის აღმასრულებელი გუნდი 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა. მისი საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღემდე არ გავრცელებულა.