ბოლშევიკების შემოსვლის პირველ დღეებშივე ფრიად საყურადღებო და დიდმნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა ლენინსა და საქართველოს ახალი მთავრობის წევრთა შორის იმ შინაური პოლიტიკის შესახებ, რომელსაც უნდა დაადგეს საბჭოთა მთავრობა საქართველოში.
სრული პრინციპიალური თანხმობა, რომელიც ლენინსა და საქართველოს მთავრობის წევრთა შორის აღმოჩნდა, საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ძირითადი საკითხები ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა სოციალისტურ საფუძველზე სწორედ ისე გადასწყდება, როგორც ამას უკვე შეთანხმებული აზრი მოითხოვს.
უმთავრესი რჩევა, რომელიც ლენინმა მისცა ჩვენს მთავრობას იმაში მდგომარეობს, რომ მას საჭიროდ მიაჩნია ახალ აღმშენებლობის ხანაში ჩვენი მმართველები მოერიდნენ რუსეთის შაბლონს და სოციალისტური მოქმედება შეუფარდონ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ პირობებს.
ჩვენ ვიცით, რაშიაც გამოიხატება რუსეთის შაბლონი. ამიტომ, ლენინს რომ მარტო ეს რჩევა მიეცა, დასკვნის გაკეთება არ გაგვიჭირდებოდა. მაგრამ ლენინი ამითაც არ დაკმაყოფილდა და მოისურვა კონკრეტიზაცია იმისა, თუ როგორ ესმის მას ეს შაბლონი.
უპირველესად ყოვლისა მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჩვენში აუცილებლად დაცულ უნდა იქმნას წვრილი ვაჭრობა. წვრილი ვაჭრობის დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში კი დახმარების აღმოჩენაც, როგორც ამას ლენინი ამბობს გულისხმობს და მოითხოვს არა მარტო იმას, რომ სავაჭროები ღია იყოს და ამ სავაჭროების საქონელი უზრუნველყოფილი იყოს რეკვიზიციისაგან, არამედ იმასაც, რომ შეიქმნას ისეთი საერთო პირობები გაცვლა გამოცვლისა, როდესაც ამ პატარა სავაჭროებს საშუალება მიეცემათ თავისუფალ ბაზარზე იშოვონ საქონელი და შეავსონ თავიანთი სავაჭროები. ეს უპირველესად ყოვლისა იქნება სასურსათო ხასიათის საქონელი, პროდუქტები სოფლის ინდივიდუალური ან კოოპერატიული, ამხანაგური მეურნეობისა.
ამ მიზნის განსახორციელებლად კი საჭიროა ორიგინალური და არა შაბლონური გადაწყვეტა მრავალი ისეთი ძირითადი საკითხისა, რომლებზედაც დამოკიდებულია შესაძლებლობა აღებული კურსის დაცვისა და განვითარებისა. ფულის, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ფულის ნიშნების საკითხი, საკითხი მიწის პერიოდული გადამიჯვნისა, ნატურალური გადასახადი და მრავალი ამისთანა საკითხები თვით რუსეთშიაც დღეს იმნაირად არა სწყდება, როგორც პირველ ხანებში სწყდებოდა.
რუსეთის საბჭოთა გაზეთებიდან უკვე ვგებულობთ, რომ თითქმის ყველა ეს საკითხი თვით რუსეთშიაც პირვანდელ შაბლონურ ხასიათს ჰკარგავს და უფასდება ცხოვრების რეალურ პირობებს. მით უფრო არავითარი საჭიროება არ მოითხოვს ეს შაბლონები ვიხმაროთ საქართველოში და არ ვისარგებლოთ რუსეთის გამოცდილებით.
ამ საკითხების შესახებ ჩვენ თავის დროზე გვექნება საუბარი მკითხველებთან. დღეს კი დავკმაყოფილდებით იმით, რომ აღვნიშნავთ უკვე მომხდარ ფაქტს საქართველოს ახალ მთავრობასა და ლენინს შორის არსებულ შეთანხმებისას სოციალისტური შემოქმედების ამ ძირითად საკითხებში.
ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული სოციალური სტრუქტურის ქვეყანაა. ფორმები მიწის სარგებლობისა სრულიად სხვადასხვანაირია საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. მესაქონლეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოობა, - ყველა ეს დარგი სახალხო მეურნეობისა განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს და თუ სადმე არის საჭირო ორიგინალობის გამოჩენა, სწორედ ამ დარგებში.
საბჭოთა სისტემის უცხოელი ინსტრუქტორები დიდს დახმარებას გაუწევენ მხოლოდ ფორმალური ორგანიზაციის მოწყობის საქმეში, ფაქტიური აღმშენებლები კი უნდა იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი ცხოვრების კარგი მცოდნენი, რომლებიც შესძლებენ და თავიანთ ცოდნას ახალი ცხოვრების პირობებს შეუფარდებენ, შეუთანხმებენ.
საუბედუროდ ჩვენში ჯერჯერობით ასე არ არის. სახალხო მეურნეობის უმაღლეს დაწესებულებებს აუარებელი ისეთი ხალხი მიაწყდა, რომელთაც სრულიად არავითარი კავშირი არა აქვთ არც სოციალიზმთან და არც საქართველოს სახალხო მეურნეობასთან.
თუ ეს ორგანიზაციები საბოლოოდ ამ შემთხვევითი ხალხის ხელში დარჩა, ჩვენი სახალხო მეურნეობა საბოლოოდ დაიღუპება და სოციალიზმი ხომ ამ უცნაურად გაკომუნისტებულ ხალხის ხელში მასხრობად გადაიქცევა.
ქართველი ხალხის სოციალისტური სინდისი, რასაკვირველია, ამას ადვილად ვერ შეურიგდება.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას