საქართველოს საინვესტიციო კორპორაციის „სასკოს“ ლიკვიდაციის გამოცხადებამ გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო მისი ათასობით მეანაბრე.
კორპორაციისათვის მინდობილი თანხისა და კუთვნილი დივიდენდების დასაბრუნებლად შეიქმნა სალიკვიდაციო და საინიციატივო კომისიები, რომლებმაც აღრიცხეს „სასკოს“ ქონება - როგორც მოსალოდნელი იყო, იგი გასაცემ თანხაზე ნაკლები აღმოჩნდა.
ოთხშაბათს, 6 აპრილს „კავკასიის ბირჟის“ დარბაზში გაიმართა კორპორაციის ხელმძღვანელთა და მეანაბრეთა შეკრება, რომელსაც ესწრებოდა „კავკასიის კონცერნის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ამირან ქადაგიშვილი.
მეანაბრეებმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ თავიანთი თანხები „სასკოში“ ბატონ ამირან ქადაგიშვილისა და კონცერნის ნდობის გამო შეიტანეს და ამიტომ მორალური პასუხისმგებლობაც, თანხის დაბრუნებაზე მათ ეკისრებათ.
ერთ-ერთი გამომსვლელის აზრით, ლიკვიდაციის გამოცხადება ნაკლებად პრესტიჟის დამცემია მისი ხელმძღვანელისათვის, ვიდრე თავის გაკოტრებულად ცნობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეანაბრეებს მხოლოდ გარკვეული პერიოდის - სამი თვის განმავლობაში აქვთ უფლება, მოითხოვონ თავიანთი წილი ქონება, განსხვავებით მეორე შემთხვევისა, როცა თანხის დაბრუნების უფლება მანამ აქვთ, სანამ მთლიანად არ გაიყიდება ორგანიზაციის ქონება და მიღებული შემოსავალი არ განაწილდება.
ხოლო „სასკოს“ არსებული, გაურკვეველი ქონების გადაცემა მეანაბრეებისათვის, მხოლოდ მათი თავიდან მოშორების მცდელობა და მოტყუება იქნება.
ამირან ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მან მთავრობაში მოღვაწეობის გამო დატოვა ყველა თანამდებობა და, შესაბამისად, კონტროლიდან გამოვიდა „სასკოც“, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა, ამას დაერთო მისი ავადმყოფობაც. ახლა კი კვლავ ბრუნდება კორპორაციაში, რათა გამოასწოროს მდგომარეობა. იგი აღელვებულ საზოგადოებას დაპირდა კუთვნილი თანხის დაბრუნებას, არა მხოლოდ შენატანების, არამედ დივიდენდებისას კი, რისთვისაც კორპორაციის ქონების გაყიდვის გარდა, მას კრედიტის აღებაც სურს.
მიუხედავად მოთხოვნისა, მან თავი შეიკავა ფულის გაცემის ვადის დასახელებიდან, მაგრამ მეანაბრეებს აღუთქვა, რომ 28 ივნისისათვის ყველას ვალს დაფარავს. თავდაპირველად გაისტუმრებენ იმ მეანაბრეებს, რომლებსაც შენატანები კუპონებით ჰქონდათ, რადგან არსებული ინფლაციის გამო კუპონი თანდათანობით უფასურდება.
თანხების გაცემა დარბაზში მყოფთა ხმების უმრავლესობით გადაწყდა. შემოსული გასაცემი თანხის არა პროცენტული განაწილების, როცა ყველას თავისი თანხის გარკვეული პროცენტი მიეცემა, არამედ „სასკოსთან“ ხელშეკრულების დადების რიგითობის მიხედვით - ვინც ადრე შეიტანა თანხა, მან ადრეც უნდა მიიღოს.
დაინტერესება გამოიწვია იმან, ამირან ქადაგიშვილი ზემონახსენებ ვალდებულებას იღებს, როგორც ფიზიკური თუ როგორც იურიდიული პირი. რომელი ორგანიზაციების სახელით ლაპარაკობს იგი და სად არიან კონცერნის დანარჩენი ხელმძღვანელები, რატომ არ ინაწილებენ ისინი იმ ვალდებულებებს, რომელიც ბატონმა ქადაგიშვილმა აიღო.
ყოფილმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ იგი თავისი დაპირების განხორციელებას აპირებს „სასკოს“ ქონების რეალიზაციით და იმ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, რომელშიც მას თავისი წვლილი აქვს და პატივს სცემენ. „კავკასიის კონცერნის“ სახელით მას ვალდებულება არ აუღია.
საკუთარი ფულის გაურკვეველი მომავლით შეწუხებული მეანაბრეები დარბაზს ტოვებდნენ.