"ნაცმოძრაობაში" დაშლა-მოშლის პროცესი დაიწყო. პარტია მისმა ოთხმა ლიდერმა დატოვა - ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ. ვრცელდება ხმები, რომ პარტიას მალე დატოვებენ დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი რატიანი და მარიამ საჯაია. მართალია, ეს ხუთეული უარყოფს ამ ხმებს, ირწმუნებიან, არსად წასვლას არ ვაპირებთო, მაგრამ რაღაც ორიოდე თვის წინ, არც წასული ოთხეული აპირებდა სააკაშვილის მიტოვებას და პარტიის ერთგულებაზეც სდებდნენ თავს. მოკლედ, რასაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ "ნაციონალებს" ყველა უწინასწარმეტყველებდა, ახდა - მიხეილ სააკაშვილს მისი გამოზრდილი პოლიტიკოსები ტოვებენ. სხვათა შოროს, "ქრონიკამ" წელიწად-ნახევრის წინათ გამოაქვეყნა იმ ლიდერთა სია, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დატოვებას აპირებდნენ. მათ შორის ეს უკვე წასული ოთხეულიც იყო და წასასვლელად გამზადებული ხუთეულიც. "ნაცმოძრაობიდან" ოთხი განდგომილის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
ერთი ვერსიით, ეს ოთხეული ვანო მერაბიშვილმა გადაიბირა ჯოზეფ ქეის ხელით. პალიკო კუბლაშვილი კიევში ფარულად შეხვდა მამუკა კუდავას, მათ შორის შედგა გარიგება, შემდეგ ჯოზეფ ქეის დახმარებით ლიტვის ერთ-ერთ ბანკში პალიკო კუბლაშვილის სახელზე ანგარიში გაიხსნა, სადაც ქეიმ სოლიდური თანხა ჩაურიცხა მას. პალიკო კუბლაშვილი და გიორგი მელაძე შემდეგ უკვე ლიტვაში შეხვდნენ მამუკა კუდავას. სწორედ ამ ფულის სანაცვლოდ დატოვეს "ნაცმოძრაობა". ამ ვერსიით, მთელ ამ პროცესებს ციხიდან ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. გეგმის თანახმად, ამ ოთხეულს კიდევ ორი "ნაციონალი" დეპუტატი დაემატება, ფრაქციას შექმნიან პარლამენტში და შემდეგ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილ პარტიაში გაწევრიანდებიან. ამ ახალ პარტიას კი ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი ქმნიან, თავმჯდომარე ოქრიაშვილი იქნება. მოკლედ, ვანო მერაბიშვილი ქმნის პარტიას და მას ჯოზეფ ქეი აფინანსებს. ამ ვერსის დამაჯერებლობა აკლია. გამოდის, ვანო მერაბიშვილი იმდენად შტერია, რომ მისდა უნებურად "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს და "ნაცმოძრაობის" დაშლას ეშურება. ეს ძნელად სარწმუნოა. ცხადია, ამ ვერსიას პალიკო კუბლაშვილმა სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ ლიტვაში საერთოდ ნამყოფიც კი არ არის.
მამუკა კუდავას გვარ-სახელი გახმაურდა თუ არა, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ოთხეული "ნაცმოძრაობიდან" წამოსული საზოგადოებრივი მოძრაობის, "ივერიის" რიგებში გაწევრიანდებოდნენ, რადგან კუდავა სწორედ "ივერიელია". მის გარდა აქ არიან ნიკა რურუა, მამუკა გამყრელიძე, ნინო კალანდაძე, გრიგოლ ვაშაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, თემურ იაკობაშვილი და სხვა, ყოფილი ბობოლა "ნაცები". თუმცა, ამ ეტაპზე არც ეს ვერსია გამართლდა - ოთხეული "ივერიელებს" ჯერ არ შეერთებია.
გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ოთხეულმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო და იმიტომ წავიდა. ეს ცოტა სასაცილოა. პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა და უბედურებები "ნაცმოძრაობის" დროს ხდებოდა და ბევრმა მართლა ვერ გაუძლო ამას. დღეს არც ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება, ტყუილად ცდილობს გაბაშვილი, რომ ყოფილი თანაპარტიელები მსხვერპლად წარმოაჩინოს, არიქა, პოლიტიკური დევნაა ქვეყანაში, პარტიას გვიშლიან და ჩვენს ლიდერებს "ნაცმოძრაობის" დატოვებას აიძულებენო. უკაცრავად, მაგრამ ვის რა ჩემი ფეხები მოსჭამა ამ ოთხეულმა, როცა "ნაცმოძრაობაში" იყვნენ, ან ახლა ვის რას მოსჭამენ? პალიკო კუბლაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსები არიან და დღემდე შემორჩათ ეს პოლიტიკური წონა, გიორგი მელაძე და გოგა ხაჩიძე არც ადრე წარმოადგენდნენ არაფერს და არც ახლა - სააკაშვილს ნების უსიტყვო აღმსრულებლები იყვნენ, მეტი არაფერი. კუბლაშვილსა და ჯაფარიძეს კი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მაინც, ზოგჯერ ჭკუასაც ეკითხებოდა მიშა.
ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობაში" დიდი განხეთქილება დაიწყო და ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილია. "ქრონიკა" არაერთხელ წერდა, რომ პარტიის ულტრალიბერალურ ფრთას გიგა ბოკერიას მეთაურობით, სააკაშვილისგან განდგომა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება სურდა და ეს გეგმა ამერიკის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, ამერიკელები ბოკერიას პარტიის მყარ დაფინანსებასა და სოლიდურ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობდნენ. პარტიის შედარებით სუფთა სახეებს აღარ სურდათ პოლიტიკურ გვამად გადაქცეულ სააკაშვილთან ერთად ყოფნა, რომელმაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა სრულყოფილი პოლიტიკური რეანიმირება. მეტიც, ის ძებნილია და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდეს. ასეთ ლიდერთან ერთად ყოფნა კი მეტად სარისკოა. "ნაცებიდან" გაქცეულებს გიგა ბოკერიამ უპასუხისმგებლოები უწოდა და მათი საქციელი გააკრიტიკა. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ბოკერია გაემიჯნა ოთხეულს, დარჩა "ნაცმოძრაობაში" და სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვება. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, საქმე სწორედ ამერიკული გეგმის ნაწილთან გვაქვს. მართალია, ბოკერია არ წამოსულა პარტიიდან, მაგრამ "ქრონიკა" დახურულ წყაროებზე დაყრდნობით ადრე იმასაც წერდა, რომ ის "ნაცმოძრაობიდან" წამოსულ პროტესტანტებს არ შეუერთდება, ერთხანს, შესაძლოა, საერთოდ გაერიდოს პოლიტიკას, თუმცა, ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი ღერძი, რუხი კარდინალი ის იქნება. ეს იმიტომ, რომ ბოკერია აღიზიანებს ხალხს და პირველ ეტაპზე მისი ახალ პარტიაში გამოჩენა მას დააზარალებს. მერე კი, დრო გავა, ხალხს ბოკერიასა და "ნაცების" მიმართ აგრესია გაუნელდება და ისიც თავის პარტიას შეუერთდება. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე, პარტიის დაშლის დასაწყისი სწორედ ბოკერიას ინსპირირებული უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვითომ სააკაშვილის ერთგულად რჩება. არადა, სააკაშვილი და ბოკერია დიდი ხანია წაკიდებულნი არიან, რადგან ბოკერია თითქმის 2 წელია სააკაშვილს სთხოვდა, ჩამოსცილებოდა "ნაცმოძრაობას", რათა პარტია გადარჩენილიყო და მის ამბიციებს არ შესწირვოდა. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც ამყარებს. "ნაცმოძრაობიდან" წამოსვლიდან 2 დღეში ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, მალე კი ვიზიტით ამერიკაში მიემგზავრება სხვა იქაურ პატრონებთან შესახვედრად. დიდი მისნობა არ სჭირდება იმას, რომ ჯაფარიძე ამერიკელებისგან სამოქმედო ინსტრუქციებს მიიღებს. რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას კი, როგორც "ქრონიკას" აცნობეს, ჯაფარიძემ და ამერიკის ელჩმა, სწორედ მომავალი პარტიის დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ოთხეულის ბაზაზე ჩამოყალიბდება პროამერიკული პარტია, რომლის რეალური ლიდერი გიგა ბოკერია იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ამერიკული გეგმის ერთი ნაწილია. დანარჩენზე ქვემოთ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბოკერიას ოთხეულის გადაწყვეტილების კრიტიკას, ეს სწორედაც რომ გეგმაში ჯდება - რაც მეტს გალანძღავს ყოფილ თანაპარტიელებს ბოკერია, მით უფრო ირწმუნებს ხალხი, რომ მათთან კავშირი აღარ აქვს.
მიხეილ სააკაშვილმა თავი მოაბეზრა თანაგუნდელებს, მთელი პარტია ერთ კაცსა და მის გუნება-განწყობაზე იყო აწყობილი. გიგა ბოკერიას სწორედ ეს არ მოსწონდა. მიშას ხშირად ახსენებდა, რომ პრეზიდენტი აღარ იყო და ამ როლიდან უნდა გამოსულიყო. მიშა კი, თითქმის მთელ პარტიული რესურსს საკუთარი პიარისთვის იყენებდა და პარტიის სხვა ლიდერები ფეხებზე ეკიდა. ეს ერთი ფაქტორია სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირებისა. გარდა ამისა, სააკაშვილს ბოკერია "ნაცმოძრაობის" "ობშიაკიდან" ფულსაც სთხოვდა და ეს ფული თავისი ახალი პარტიისთვის სჭირდებოდა. ცხადია, იმ ნაძარცვ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც "ნაციონალებმა" ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვეს და რომელსაც სააკაშვილის მითითებით, ამჟამად ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი განკარგავენ ოფშორებში. მიშამ გიგას ამ ფულის მიცემაზეც უარი უთხრა. მოკლედ, სააკაშვილთან დისტანცირება ბოკერიას კარგა ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოკერია იმის ჩიტი არ არის, სააკაშვილის ამბიციებს გადაჰყვეს, ის პარტიაში მანამდე დარჩება, სანამ ის დასჭირდება და ცხადია, შეეცდება, ისე არ წამოვიდეს, რომ პარტიული "ობშიაკიდან" საკუთარი გუნდის წილი არ წამოიღოს.
დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და მარიამ საჯაია, ბოლო მომენტში დარჩნენ "ნაცმოძრაობაში", ისინიც წასვლას აპირებდნენ. თუმცა ამას არც ერთი არ ადასტურებს. პარტიის დატოვებას კობა სუბელიანიც აპირებდა, მაგრამ "დაატორმუზა". არც სუბელიანი ადასტურებს, რომ მოდიოდა. თუმცა, ის ისე მოიქცევა, როგორც გიგი უგულავა უბრძანებს. უგულავა და სუბელიანი მეგობრებიც არიან და თბილისის მერიაში ერთად მუშაობის დროს, იქ ჩადენილი ერთობლივი დანაშაულებიც აკავშირებთ. ეს ის დროა, როცა კობა სუბელიანი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო და დიდი თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის კინაღამ დაიჭირეს. ჩვენი უნიათო ხელისუფლების გამო, ამ მასალებს დღესაც "საიდუმლო" გრიფი ადევს. გიგი უგულავა კი გიგა ბოკერიაზეა მიბმული. შესაბამისად, სუბელიანიც უგულავას მითითებით დარჩა პარტიაში და ეს ბოკერიასთან იყო შეთანხმებული. დავით ბაქრაძისა და გიორგი ვაშაძის გარდა, დანარჩენი ოთხი ლიდერი, ბოკერიას გუნდის წევრებად ითვლებიან. თუმცა, ბოკერიას მომავალ პარტიაში ბაქრაძე და ვაშაძეც მოიაზრებიან. "ნაციონალების" კულუარებში საუბრობენ, რომ ეს ექვსეულიც მალე დატოვებს პარტიას და უკვე წასულ ოთხეულს შეუერთდება. განიხილება სხვა ვარიანტიც. შესაძლოა, მათ დამოუკიდებელი პარტია შექმნან და არჩევნების წინ, ოთხეულის მიერ შექმნილ პარტიასთან გაერთიანდნენ, მათ, ასევე შეუერთდებიან "ივერიელები" და "ნაცმოძრაობა" ძველი სახეებითა და ახალი კოალიციით წარდგება არჩევნებზე. ეს ამერიკელთა ერთ-ერთი გეგმაა და "ქრონიკა" ამის შესახებაც წერდა, რომ "ნაციონალების" ბაზაზე სამი პროამერიკული პარტია ჩამოყალიბდებოდა. სამივე პარტია კი ერთი, ამერიკის ყველაზე სანდო კაცის, გიგა ბოკერიას ფრთისა და კონტროლქვეშ იქნება და მათ ამერიკელები დააფინანსებენ. მართალია, პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ჩვენ პარტიის დაფუძნებას არ ვაპირებთო, მაგრამ სიმართლეს არ ამბობს, რადგან პარტიიდან კი წამოვიდნენ, მაგრამ პოლიტიკაში დარჩენას მაინც აპირებენ, ანუ ახალ პარტიას მაინც დააფუძნებენ. სავარაუდოდ, ახალი პარტიის კონტურები ზურაბ ჯაფარიძის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გამოიკვეთება.
რატომ დაიწყო "ნაცმოძრაობის" რღვევა ახლა და არა ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან? ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. ამერიკელთა მხარდაჭერით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" მეტად დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა. აშკარაა, რომ ამერიკამ ფსონი "რესპუბლიკელებზე" დადო და უპერსპექტივო სააკაშვილს მიბმული "ნაცმოძრაობა" აღარაფერში სჭირდება. ამასთანავე, რეზერვში "თავისუფალი დემოკრატებიც" ჰყავთ. შესაბამისად, პოლიტიკურ გვამებად რომ არ გადაიქცნენ "ნაციონალები", მათ ერთადერთი გზა რჩებათ - სააკაშვილი და პარტია უნდა მიატოვონ და ამერიკის მსახურება მათ გარეშე განაგრძონ. ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძემ სწორედ ეს გააკეთეს, სხვა არაფერი. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, საიდანაც წამოვედით, ისევ იქ მივალთ - "ნაცმოძრაობის" რღვევა გაგრძელდება, 2016 წლის არჩევნებამდე ეს პარტია ვერ მიაღწევს, მაგრამ მისი ნასხლეტები, ყოფილი "ნაცები" სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებულნი და ამერიკის პატრონაჟით, ერთიან კოალიციას შექმნიან. ამ პარტიებში კი აღარ იქნებიან ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან როლანდ ახალაია, კახა ბუცხრიკიძე და სხვები. გაემიჯნებიან იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იმხილებიან და შესაძლოა, ხვალ-ზეგ დაიჭირონ. ე.წ. სუფთა სახეები კი დარჩებიან პოლიტიკაში. თუმცა, "ნაციონალებს" ავიწყდებათ, რომ მათ ლიდერებში სუფთა არავინ არის - ერთი თუ დანაშაულს სჩადიოდა, მეორე ამ დანაშაულს დღემდე "აპრავებს" და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ტერორზე, რასაც "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ჰქონდა ადგილი საქართველოში. ქართველი ხალხი მათ საშინელ მმართველობას ვერ დაივიწყებს და "ნაციონალების" "ასკოლკებს" ვერანაირი რებრენდინგი ვერ უშველით.