მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი

კოჯრის ფრონტზე მოწინავე პოზიციებზე მტრის ყუმბარით დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი, ქალიშვილი პოეტი კოტე მაყაშვილის.

წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის დღეს ქართული საზოგადოება ამ ტრაგიკულ სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს. მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც, თითქოს სიწმინდემ აკურთხა პირველი უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა, სამშობლოს სიყვარულით კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანა დარკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას.

არის რაღაც საბედისწერო მაყაშვილების გვარში. უკანასკნელ წლებში ყველა ფრონტი საქართველოში პირველად მაყაშვილის სიკვდილით იხსნება. ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი გაიტანა.

მეგობრები ალბათ დიდხანს დაიმახსოვრებენ განსვენებულის ხსოვნას და ბევრსაც დაწერენ მის გატაცებაზე - მაგრამ მაინც ვერ მონახავენ სიტყვებს გამოიტირონ მეგობარი, რომელსაც უდიდესი პატივი ერგო საქართველოში, როცა გარემოცული ტფილისი სტიროდა ერთხმად მის დაკარგვაზე.

ყველაზე მეტი ტანჯვა მაინც მშობლებს ხვდათ წილათ, და რაც უნდა გატაცებული არ იყოს პოეტი სამშობლოს სიყვარულით, მისი გული მაინც ვერ დაივიწყებს შვილის სიყვარულს.

მაგრამ ერთია მაინც დაიმედება.

როგორც პარიზი უძახოდა ერთხელ მიუნე სულის, რომელმაც დაჰკარგა ორივე შვილი - მთელი საფრანგეთი შენთან არისო, ასე იტყვის გარემოცული ტფილისი.

და კოჯორის მთები და სერები პოეტთან ერთად ბევრ ქართველს მოაგონებს იმ პატიოსან საფლავს, რომელიც გაიჭრება დღეს სამხედრო ტაძრის გალავანში.

ტიციან ტაბიძე.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას