განათლების მინისტრად უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნას აპირებენ.
რამდენიმე დღის წინ „რეზონანსი" იმის შესახებ წერდა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე განათლების მინისტრი ნიკა გვარამია დაინიშნება. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს ამ ცვლილების განხორციელება უკვე გადაწყვეტილი აქვს და არამარტო ეს ცვლილება განხორციელდება, არამედ მთავარი პროკურორის შეცვლაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად იუსტიციის სამინისტრო და გენპროკურატურა ერთ უწყებად გაერთიანდა. გაერთიანებულ სამინისტროს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, პროკურატურის განყოფილებას კი მინისტრის მოადგილე - მთავარი პროკურორი.
დღეს გაერთიანებულ უწყებას ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს, მთავარი პროკურორი კი მამუკა გვარამიაა. სააკაშვილის გადაწყვეტილებით კი ორივე მათგანის შეცვლა იგეგმება. ამასთან, მათი შეცვლის მიზეზები განსხვავებულია. როგორც ამბობენ, ადეიშვილი თანამდებობას პირადი სურვილის საფუძველზე დატოვებს. მამუკა გვარამიას შეცვლის მიზეზი თუ საბაბი კი პატიმართა შეწყალების საკითხი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პატიმართა უკანონოდ შეწყალების საკითხი ძალზე აქტუალურია. ორი დღის წინათ საპარლამენტო ოპოზიციამ საკითხის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი მოითხოვა. მათი არგუმენტები კი ცალსახად მიუთითებს ამ საქმეში პროკურატურის როლზე. ამასთან, ოპოზიციამ სააკაშვილს ისიც კი შესთავაზა, რომ თავად დასაჯოს ის ადამიანი, ვინც მას შესაწყალებლად პატიმართა სია კანონდარღვევით შეუტანა. ცხადია, იმ ადამიანთა სია, ვისაც პრეზიდენტთან ამ სიის შეტანა შეუძლია, არც ისეთი დიდი იქნება, რომ პრეზიდენტმა იმის გარკვევა ვერ შეძლოს, ვისი ინიციატივით მოხდა ამ პატიმართა გამოშვება.
საქმე ის არის, რომ როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ სესიაზე აღნიშნა, 300-ზე მეტ პატიმარს, ვინც ამ სიაში მოხვდა, ჩადენილი აქვთ მძიმე დანაშაული და არა აქვთ მოხდილი სასჯელი ნახევარზე მეტი. ეს კი პირდაპირი დარღვევა შეწყალების პრინციპისა, რომელსაც კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს. გარდა ამისა, ლორთქიფანიძე აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ პრეზიდენტისთვის შეტანილ სიაში ამ ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებები არის შერბილებული.
ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ოპოზიციის რჩევებს ითვალისწინებდეს, მაგრამ, ერთის მხრივ ის, რომ ეს საკითხი ძალზე მოულოდნელად გააქტიურდა და ის, რომ ძალზე ბევრი კითხვა არსებობს, გარკვეულწილად იმაზეც მიუთითებს, რომ ამ თემით ხელისუფლებაც არის დაინტერესებული.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, აგვისტოში ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო ცვლილებები რომ არ დასრულებულა, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმაც გააკეთა და პრემიერ-მინისტრმაც. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ჯანდაცვის მინისტრმა გილაურის ნდობის მოსაპოვებლად მიცემული საგამოცდო ვადა როგორ გაიარა და შეინარჩუნებს თუ არა ამ თანამდებობას. მით უმეტეს, რომ კულუარებში კვიტაშვილის შემცვლელად, ერთი ვარიანტით, პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი განიხილება. თუმცა, იმის გამო, რომ კერვალიშვილის მერობის ხელისუფლების ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატურადაც მოიაზრებენ, ამ საკითხის გადაწყვეტას უფრო შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ.
მთავარ ცვლილებებს ძალოვან გუნდში ელოდებიან, ვინაიდან, ექსპერტთა შეფასებით, „ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით დაწყებული პროცესი დასრულებული არ არის".
ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას პირველი შეფასება იყო ის, რომ ეს იყო ხელისუფლებაში ვანო მერაბიშვილის საბოლოო გამარჯვება. მართალია, ამ შეფასების მეორე დღესვე გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ ახალაია სააკაშვილმა მერაბიშვილის დასაბალანსებლად დანიშნა, მაგრამ ექსპერტებმა ეს ისევ მერაბიშვილის უწყების მიერ საგანგებოდ გავრცელებულ მოსაზრებად მიიჩნიეს, რათა მერაბიშვილის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება არ გაძლიერებულიყო.
ამ დამოკიდებულებას კი, ცხადია, გარკვეულწილად ისიც განსაზღვრავს, ამის შემდეგ კიდევ რა ცვლილებები განხორციელდება.
რამდენიმე დღის წინათ „რეზონანსი" იმის შესახებ წერდა, რომ უახლოეს პერიოდში განათლების მინისტრის იუსტიციის მინისტრად გადაყვანა იგეგმება.
თავად ნიკა გვარამია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცის. ხელისუფლებაში კი ოფიციალურად იმას აცხადებენ, რომ „ქვეყნის მართვის დინამიკა საკადრო ცვლილებებსაც ითხოვს და, თუკი რაიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება, ეს არც გასაკვირი იქნება და არც რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე".
ასევე შეიცვლება მთავარი პროკურორიც და მამუკა გვარამიას ადგილს გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამჟამად კახეთის გუბერნატორია. კახეთში კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია არსენიშვილს გაუშვებენ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ იგი სწორედ ამ თანამდებობაზე იყო. ახლა კი კახეთში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.
რაც შეეხება იმას, თუ გვარამიას ადეიშვილის ადგილზე დანიშვნა რა მიზნით შეიძლება მოხდეს, სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ „იმ მიზნით ხდება, რომ ნაცმოძრაობას კადრების ულევი რესურსი არ გააჩნია. დღეს ბევრად უფრო მარტივია მისთვის, მოძებნოს ახალი მინისტრი განათლების სამინისტროსთვის, რომლის მიმართ ზოგადად აგდებული დამოკიდებულებაა ქვეყანაში, ვგულისხმობ განათლების სისტემას, ვიდრე მოიპოვოს ათასჯერ შემოწმებული კადრი ნაცმოძრაობის სიყალბის მადიდებლად. ამისთვის კი გვარამია საუკეთესო კადრია".
გარდა ამისა, როდესაც საუბარია ადეიშვილის ჩანაცვლებაზე, რომელიც ხელისუფლებაში ერთ-ერთი მთავარ იდეოლოგად ითვლება, ცხადია, ინტერესი არსებობს, თუ სად წავა და როგორ გაგრძელდება მისი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ასევე საინტერესოა, ვინ დაიკავებს გვარამიას ადგილს და ა.შ.
„რეზონანსის" ინფორმაციით, განათლების მომავალ მინისტრად ეკა ტყეშელაშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც გენპროკურორობის და საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანია.
სწორედ იმის გამო, რომ, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი არც გვარამიას იუსტიციის მინისტრობა, არც ადეიშვილის მომავალი გეგმები და არც სხვა საკადრო საკითხები, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ამ საკითხების გარეშე შეფასების გაკეთება ძნელია".
„თუკი გვარამიასთვის თანამდებობის შეცვლა მოხდება, საინტერესოა კიდევ რა გადაადგილებები განხორციელდება. ამ ყველაფერს ერთად ექნება მნიშვნელობა, ამიტომ მხოლოდ ამაზე რაიმე შეფასების გაკეთება ძნელია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.