დიდი ინსინუაციები იყო, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ უწყდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა, თითქოს ვიღაცა ვიღაცას იცავს, ოპოზიციის პროპაგანდამ და ტყუილმა ერთი დღეც ვერ გაძლო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნა.
„მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივიც არის. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცედურების საკითხი, რაც წარმოების დაწყებას მოითხოვს. ამის მიღმა ყველაფერი სპეკულაციებია, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს. ფარსს რას არქმევენ? თავად აიბნენ იმაში, რაც დათესეს. ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნეს და უსაფუძვლოდ დაიწყეს იარლიყების მიწებება. ვისაც საქმიანი დამოკიდებულება აინტერესებს, ეს არის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ტყუილი აღმოჩნდა, რომ ვიღაცა ვიღაცას იცავს, ვიღაცა ვიღაცას ეფოფრება. მათმა პროპაგანდამ და ტყუილმა ერთი დღეც ვერ გაძლო – დილით თქვეს, საღამოს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფარსი და ტყუილი. ერთი დიდი ინსინუაცია იყო, საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ უწყდებოდა. შეწყდა და ესაა საქმე. ამის შემდეგ არავის მიზეზი არ აქვს, თუნდაც ბოდიში არ მოიხადონ იმ ბრალდებების გამო, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ წამოაყენეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.