26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე, სამხედრო აღლუმის შემდეგ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილ "სუხიშვილებს" "ხორუმი" უნდა ეცეკვათ, მაგრამ ნომერი გაუქმდა.
ოფიციალური ინფორმაციით, "ხორუმი" პრეზიდენტის სურვილით გადაიდო. მიზეზად რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენები სახელდებოდა. ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი. მანამდე კი, აღლუმზე სამხედრო ორკესტრი მთელი ძალით უკრავდა, იქვე იყვნენ "სუხიშვილებიც".
თუ "ხორუმის" შესრულება აღარ იგეგმებოდა, საინტერესოა, რატომ მიიყვანეს ისინი აღლუმზე. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ და თუ ბალეტის წევრებს დავუჯერებთ, ზოგიერთი მათგანი ცუდადაც გახდა. მაგალითად, ფოტოკორესპონდენტებმა დააფიქსირეს, როგორ გაჰყავთ საკაცით აღლუმის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედროფორმიანი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ბალეტის წევრია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ მიაცილებენ "სუხიშვილის" ერთ-ერთ მოცეკვავეს შავკოსტიუმიანი ვაჟბატონები, სავარაუდოდ, სააკაშვილის დაცვა.
მანამდეც ამბობდნენ და ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ უფრო ინტენსიურად ლაპარაკობენ ვერსიაზე, რომ "სუხიშვილებმა" თავად არ მოინდომეს ცეკვა, პროტესტი გამოხატეს და ერთ-ერთი მოცეკვავე შავკოსტიუმიანებმა მიაბრძანეს. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა "სუხიშვილების" პიარმენეჯერმა ხატია ეკიზაშვილმა. მისი თქმით, "მოცეკვავე ლაშა ლობიანიძე მგზავრობით გადაღლილი იყო, გული წაუვიდა, დაეცა, თავი დაარტყა და აღლუმიდან გაიყვანეს".
თუმცა, ფოტოზე ვხედავთ, რომ ის პირები, რომლებიც მოცეკვავეს მიაცილებდნენ, ნამდვილად არ ჰგავდნენ ექიმებს და ამიტომაც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დაუკავშირდა ილიკო სუხიშვილს: "26 მაისის ღამით უბედურება მოხდა და იქ ცეკვის საშუალება აღარ იყო. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ. როგორ უნდა გამოვსულიყავით აღლუმზე, როდესაც იქ ხალხი დაიღუპა", - განაცხადა სუხიშვილმა. "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რატომ მივიდა ანსამბლი თავისუფლების მოედანზე, თუ "ხორუმის" ცეკვას აღარ აპირებდა, "ამ კითხვით მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს, ისინი უკეთესად გიპასუხებენ",”- უპასუხა ილიკო სუხიშვილმა.
ამ თემას, ოღონდ განსხვავებული ვერსიით, "რუსთავი 2"-ის საშუალებით ოპერატიულად გამოეხმაურა ნინო სუხიშვილი: "პირადად პრეზიდენტის თხოვნით არ შესრულდა "ხორუმი". ჩვენ ვართ სახელმწიფო ანსამბლი და ყოველთვის ვდგავართ და ვიდგებით სახელმწიფო სამსახურში"(!).
მოკლედ, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია, ბატონებო.