ქვემოთ ჩვენი მკითხველი ნახავს ქუთაისის საკატორღო ციხის პატიმარ-კომუნისტების განცხადებას მთავრობის თავმჯდომარისადმი მიმართულს.
თითქმის ასი მოქალაქე - კომუნისტი (მათ შორის მხოლოდ ხუთიოდე ყოფილა უპარტიო) მეორე თვეა რაც ციხეში არიან ჩაყრილნი და აქამდის არ იციან - რა საბუთით, რომელ მათი დანაშაულობის ან ბოროტმოქმედების გამო. ასეთივე მდგომარეობაში არიან დემოკრატიული რესპუბლიკის დანარჩენ ციხეებში გამოკეტილი ჩვენი პარტიის წევრებიც.
უფლებრივი გარანტია მათზე არ ვრცელდებოდა ალბათ, როცა მათ ბაწრავდნენ და ციხეებში ისტუმრებდნენ, მაგრამ ასეთ გარანტიის გახსენებასაც აღარ ფიქრობენ ალბათ მათი გამბაწვრელები, როცა მეორე თვეშიაც კანონით ხელში არ შედიან მათ ბნელ, ნოტიო და ხვეულ რკინის კარ-ფანჯრიან საკანში და მკაცრ სამართალს, თუმც შჩეგლოვიტოვების ნაანდერძევ სამართალს, მარა მაინც სამართალს არ ამოქმედებენ.
რატომ? ან უხეში შურისძიების გრძნობით ან და არავითარი საბუთის უქონლობით. ვიცით, შურისძიების ბალღმით აღსავსეა ბევრი ბატონ-პატრონი დღევანდელი ჩვენი ცხოვრების, მარა ამ შემთხვევაში მას ვერ გავხდით ამ უმგვანო მოვლენის ახსნა-გაგების ძაფად. უფრო ნამდვილია და სწორი მეორე მოსაზრება: ჩვენი პარტიის ლეგალურ ასპარეზზე მოთმენა არც სასურველია მმართველ პარტიისთვის და სახიფათოც, ამიტომაც ოდნავ განიავებული, მხოლოდ 13 მაისს მიტოვებული ციხის კამერები ხელახლა გაიღო ჩვენი ამხანაგებისთვის, შემდეგ მაგრათ გადირაზა და მართლმსაჯულების მარტივი მოსაზრებაც დავიწყებას მიეცა: არ არის საბუთები ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, არ არის საბუთები ჩვენი ტყვე-ამხანაგების კანონიერათ გასაბაწრავათ.
და მეტი გზა არ დარჩენიათ - უნდა შეაფარონ თავი ჩვენმა პროკურორებმა დემაგოგიურ ცილისწამებას და სულისმაცხონებელ სიცრუეს. შეიძლება ეს მეტის მეტათ სასიამოვნო იყოს მენშევიკებისთვის, მარა შეუძლებელია ამას შეურიგდეს და აიტანოს არა თუ რევოლუციონერმა, არამედ უბრალო ადამიანურ ღირსების პატრონმა მოქალაქემ, ჯგუფმა თუ კოლექტივმა, რომელსაც არ ეშინია და არც რცხვენია თავისი ჩადენილის, არ ეშინია პასუხისმგებლობის, ოღონდ მოსთხოვონ მათ ეს პასუხი.
ოღონდ ქვის ტომარაში ჩაგდებულებს, პირში ბურთს ნუ ჩასჩრიან. და აი ჩვენი ქუთათური ტყვე - ამხანაგებიც საქვეყნოთ აცხადებენ: მზათ ვართ სასამართლოს წინაშე წარვდგეთ, მზათ ვართ მკაცრი და სუსხი კანონის მახვილს კისერი შევუშვიროთ, მოგვეცით მხოლოდ საშუალება, ნუ გვართმევთ ძალადურად ყოველი ადამიანის უფლების ნამცეცსაც, წამოგვიყენეთ ბრალდება, თორემ ჩვენ მეტი იარაღი არ დაგვრჩენია, გარდა შიმშილობისა, ამ საშინელი ფორმის პროტესტისა, ამ ნელი თვითმკვლელობისა!
ნუ თუ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება, ასეთ უბრალო რამის მიღება პოლიტიკურ პატიმარს მხოლოდ შიმშილობით უნდა შეეძლოს? ნუ თუ ასაშფოთებელი არაა თვით ასეთი მდგომარეობა იმ კუთხეში, რომლის გამგეები ფიცულობენ, რომ მხოლოდ შეთქმულობის მომწყობნი გვყავს დაჭერილიო! ბატონებო, - მიუგებს ამაზე ჩვენი ამხანაგების განცხადება, - თუ ჯაშუშური ხრიკების და გარეწართა მიერ ბნელ სოროებში შეთითხნილ ჭორების გარდა თქვენ გქონდათ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე გამამტყუნებელი საბუთი, სად იყავით მთელი თვე?
და თუ მთელი თვის განმავლობაში თქვენ ვერ მობოჭეთ ვერავითარი ბრალდება, ვალდებული ხართ ციხის კარები გაგვიღოთ და გაგვათავისუფლოთო! ყოველი რევოლუციონერი, ყოველი შეგნებული მუშა და გლეხი, ყოველი პატიოსანი მოქალაქე გაიზიარებს ჩვენი ტყვე-ამხანაგების მოთხოვნას.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას