„გომბეშოდ“ მოხსენიებულმა ირაკლი წერეთელმა „შური იძია“

„გომბეშოდ“ მოხსენიებულმა ირაკლი წერეთელმა „შური იძია“

გუშინ, პარლამენტის სხდომაზე ირაკლი წერეთელი საპროტესტო განცხადებით გამოვიდა: მან დამსწრეთ აცნობა, რომ პარლამენტში შემოსვლის დროს ვიღაც უცნობმა მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგ ამტყდარ აყალ-მაყალში ის პიროვნება ფიზიკურად დაზარალდა. წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, და თუ არ გამოარკვევთ ამ უცნობის ვინაობას, და საერთოდ ასეთ მოქმედებებს თავს არ დაანებებთ, მე აქ, პარლამენტში ჩემი შეიარაღებული და შეუიარაღებელი მეგობრების თანხლებით მოვალ და ჩხუბი მერე ვნახოთო.

ძნელი გასარკვევი იყო, თუ ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ბატონი ირაკლის მუქარა. ის კი უეჭველია, რომ უცნობი რომელიმე მტრული ბანაკის „სპეცდავალებათა აგენტად“ მიიჩნია.

მაგრამ იმ დროს შესასვლელში ბევრი ადამიანი იყო და მათი მონათხრობით, რომელშიც იმ „სპეცდავალებათა აგენტის“ კომენტარიც ურევია, ჩანს, რომ, ეს არ უნდა ყოფილიყო „წინასწარ გულდაგულ შემუშავებული ოპერაცია“ ირაკლი წერეთლის დისკრედიტაციის მიზნით.

იმ უცნობს, რომელსაც პარლამენტში საქმე გასჩენია და ერთჯერადი საშვიც მიუღია, თურმე, საერთოდ საკმაოდ ნეგატიური აზრი ჰქონია ირაკლი წერეთლის შესახებ. პარლამენტში შესვლისას კი, როცა კარებში უცებ ბატონი ირაკლი დაუნახავს, თავისი გრძნობები ხმამაღლა გამოუხატავს და შეურაცხმყოფელი სახელი „გომბეშო“ უხსენებია (ჩემთვის ჩავილაპარაკეო, - შემდეგ ამბობდა). მაგრამ ეს არ გამოპარვია ირაკლი წერეთლის მახვილ სმენას და უცნობს მიდგომია, - შენ მიწოდე გომბეშოო? მან კი პასუხად ურჩია - ღიპი მომაცილეო (რომლის, ე.ი. პარლამენტარის ღიპის შესახებ შემდეგ გარკვეული პირადი მოსაზრებებიც გამოუთქვამს).

ბატონ ირაკლის ეს კომენტარები ვეღარ მოუთმენია, მისკენ უწევია და გაურტყავს, შემდეგ ფეხიც მოუქნევია. ამტყდარა დიდი ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწევა თავისი შედეგებითურთ.

იქაურობა მომჩივნეებით იყო სავსე და ქალებმა თქვეს, ისეთი გინება, რომელიც ირაკლი წერეთლისაგან მოვისმინეთ, იშვიათად გაგვიგონიაო. ეტყობა, პარლამენტარისაგან მეტ თავშეკავებას ელოდნენ. პარლამენტის დაცვამ დიდი წვალებით დააცილა მოჩხუბრები და ინციდენტიც მალე დამთავრდა.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება პარლამენტარის ასე დახასიათება, თანაც ხმამაღლა, თუნდაც არ მოგწონდეს იგი (ან ისინი), მაგრამ აქვე შევნიშნავთ, რომ გაწევ-გამოწევა და მუშტი-კრივი ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდეს პარლამენტში.

გასულ სხდომაზე ერთმა პარლამენტარმა მეორეს გაარტყა, უფრო ადრე კი დაუდგენელმა მოქალაქემ შესასვლელში იგივე უყო ერთ-ერთი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს.

პარლამენტის ფოიეში კი (და ზოგჯერ სხდომაზეც) ხშირად მოისმენთ ისეთ „სიტყვაკაზმულ“ გინებას, ნებისმიერ ბაზარს რომ შეშურდება. შეიძლება ხალხის რჩეულები ფიქრობენ, რომ გინებასაც გამორჩეულად უნდა ფლობდნენ.