დღეს, პარასკევს, ნაშუადღევს საგურამოდან ჩამოასვენებენ საქართველოს დედა ქალაქში - ტფილისში ილია ჭავჭავაძის ძვირფასს მცხედარს, რომელსაც ზეგ წმინდა დავითის მთა დედაშვილურად მაგრად ჩაიხუტებს თავის გულმკერდში.
ეგ ჩახუტება იქნება ხანგრძლივი, საუკუნო, სამარადისო!...
დიდი სიყვარული ვითარცა დიდი ტანჯვა ჩუმი და უტყვია ხოლმე.
ჩვენი უსაზღვრო სიყვარული და ამ სიყვარულის უსაბამო შელახვისაგან გამოწვეული ვაჰე-ვაება შესაფერ სიტყვებს ვერ პოულობს სულის სიღრმიდან აღმოხეთქილი მწვავე გრძნობათა გამოსათქმელად.
მაგრამ გული, ბოღმითა და ნაღვლით აღვსილი, თავისას მაინც არ იშლის და გაალმასებულის კვნესით ლამობს ყველას შესჩივლოს, თუ რა წარმოუდგენელი და ზარდამცემი უბედურება თავს დაატყდა ქართველობას.
ჩვენ ვგოდებთ და ვტირით ილიას, ვკვნესით და ვიმდუღრებით იმის დაკარგვაზე და ამავე დროს გამწარებულის მრისხანებით ვიქუშებით იმათზე, რომელთაც ილიას დაკარგვა არაფრათ მიუჩნევიათ.
უეჭველია, არაფრად მიაჩნდათ, თუ კი გაიმეტეს და დახვრიტეს მისი ღვთაებრივი შუბლი.
ვინც უნდა იყვნენ ჩვენი ერის მგმობელნი - პოეტის მკვლელნი, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ყველას კი არ ეძვირფასებოდა ილია, ყველას კი არ მიაჩნდა საჭიროდ მისი სიცოცხლე.
მაგრამ მოვა დრო, გაივლის ხანი და ყველანი მუხლს მოიყრიან ილიას წინაშე. ყველა იტირ - იგლოვებს ილიას დაკარგვას! ამის თავდებია თვით ილია და მისი ბუმბერაზობა.
თვითონ ილია კი, - ჩვეულებრივად აღუშფოთველი, მტკიცე და კეთილშობილი, თავის მშვენიერის და შორსმჭვრეტელის თვალებით, პირზე ღიმ მორეული, დინჯი და მშვიდობიანი, ჭკუა ნათელი და სხივოსანი, - აუჩქარებლივ მოელოდება იმ დროსა და ჟამს, როცა ყველანი აღემართებიან და ავლენ „მთასა მაღალსა“ მის ფერხთა წინაშე ქედის მოსახრელად და ცივ სამარის ამბორ საყოფად...
მოვლენ ისინიც კი, ვინც მის სიცოცხლეს უგნურობით თუ ბოროტებით არ აფასებენ.
ჩვენ კი, იმით ვინუგეშოთ თავი, რომ ყოველივე დიდებული საქმე და დასაწყისი მხოლოდ იმ ნიადაგზე აღზრდილა და აღორძინებულა, რომელიც რჩეულთა წმინდა სისხლით გაპოხიერებულა!...
დღე უფრო ნათელია, ვიდრე ეგ ღამეს ჰგონია!
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას