აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა აღიარა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სამედიცინო დახმარების მისაღებად ენგურსგადმოღმა გადმოდის. ამ ფაქტს სეპარატისტული მთავრობა „მტკივნეულად“ აღიქვამს და შესაბამისი შეზღუდვებიც დააწესა. ამ პროცესს კი ხელი აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამაც შეუწყო. აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა კაკულია for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 40-ზე მეტ აფხაზს არ მიეცა მკურნალობის შესაძლებლობა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო მოკვლევა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, დეფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მათ შესაბამისი ბაზა გააჩნიათ. როგორ აღმოჩნდა ეს ბაზა დეფაქტო ხელისუფლების ხელში?
პაატა კაკულია: პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრმა აფხაზმა მიიღო ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ეს ადამიანები გადმოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ, დაწყებული ძალიან ძვირადღირებული მკურნალობით, მათ შორის - ქირურგიული ჩარევით. რაც შეეხება ბაზას, ვერ გეტყვით როგორ აღმოჩნა ეს დეფაქტო ხელისუფლების ხელში, ამით უნდა დაინტერესდნენ ძალოვანი უწყებები. ფაქტია, რომ სამედიცინო კუთხით იყო საკმაოდ სერიოზული მუშაობა.
მომართვიანობა ყოველდღიურად ხდებოდა?
- რა თქმა უნდა. ახლაც არ წყდება მომართვა, მაგრამ შემცირდა ნაკადი იმიტომ, რომ არ ხდება მათი მკურნალობის ანაზღაურება. მიუხედავად ხელის შეშლისა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთებში ძალიან მძიმე დიაგნოზით, დაახლოებით, 10 აფხაზი გადის მკურნალობის კურსს.
მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ დავიწყეთ ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობდა ინტეგრაციის პროცესს.
კონკრეტულად რა პროექტია?
- საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გადმოგვეცა ზუგდიდში არსებული 15 ათასი კვ-მ. სამედიცინო კომპლექსი. უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მოძიებული იქნა ინვესტორები. 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია იდებოდა ამ საქმეში. ეს კეთდებოდა იმ კონტიგენტისთვის, ვინც სამკურნალოდ გადმოვიდოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. მხოლოდ პროექტის ღირებულება 200 ათასი ევრომდეა. ეს იქნებოდა ყველაზე მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით, რომელიც შენდებოდა, შვედური, ამერიკული და ჩეხური კომპანიების მიერ.
როგორც გითხარით, ეს გამიზნული იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის. საავადმყოფოსთან ერთად შენდებოდა სასტუმრო, სადაც ავადმყოფის მომყოლი პირი იცხოვრებდა. ეს ყველაფერი იქნებოდა უფასო, თუ საჭირო გახდებოდა პირის უცხოეთში მკურნალობა, ესეც იქნებოდა უფასო. ამ კუთხით კონტაქტები დამყარებული გვქონდა უკვე. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვეშალა.
უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ გვითხრათ ვისგან მოდის ეს ხელის შეშლა?
- ხელი შეუშალა იმ პროცესებმა, რაც ხდება აფხაზეთის მთავრობაში. კერძოდ, აფხაზეთის მთვარობის თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. სწორედ, რომ მათმა ერთობლივმა საკმაოდ ცუდმა მუშაობამ გამოიწვია ეს ხელშეშლა. იცით, რომ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნა მოხდა უკანონოდ, მაგრამ ამას ხელი არ უნდა შეეშალა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ მას ავუხსენით და ვუთხარით რასაც ემსახურებოდა ეს პროექტი. მათ ჯერ ვერ გაიგეს, მაგრამ როცა გაიგეს, საფრთხედ ჩათვალეს. თითქოდა ვიღაცა ამით „ქულას“ დაიწერდა და შეიძლება მათზე მეტი ავტორიტეტი ჰქონოდა. ეს არ აწყობდათ და ამიტომაც დაიწყეს ამ პროექტის ირგვლივ შავი პიარის აგორება, თითქოს, ეს ემსახურება ვიღაცის კერძო ინტერესს.
როგორ იქნებოდა ეს კერძო ინტერესი, როდესაც ნაწილი გრანტით კეთდებოდა და ნაწილი კი გრძელვადიანი სესხით და ამას იძლეოდა შვედური კომპანია. ამ სავადმყოფოს ბიზნეს-გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ ის უფასოდ მოემსახურებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ შორის - დევნილებს. ეს იქნებოდა აფხაზეთის შპს. ხოლო ერთ წელიწადში მინიმალური გათვლებით, მისი შემოსავლები გაორმაგდებოდა. აფხაზეთის ბიუჯეტი ცენტრალურ ბიუჯეტზე არ იქნებოდა დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს საავადმყოფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოემსახურებოდა ადგილობრივ მოსახლეობას იმ სტანდარტებით, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ. მაგრამ ძირითადი პრიციპი გახლდათ ის, რომ ეს საავადმყოფო მომსახურებოდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ეს კონკრეტული დეტალები შეთანხმებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან?
- რა თქმა უნდა. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხები. ქონების გადმოცემა, სერთიფიცირების საკითხები, ლიცენზიის მიღება, ეს საკითები პირდაპირ ცენტრარულ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა იყო და დღესაც გვაქვს, მაგრამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მოქმედებამ, პროცესები შეაჩერა. ამ პროექტით ისინი საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ მათი აზრით, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, მას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე დევნილ მოსახლეობაში ექნება ავტორიტეტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ მკურნალობის კუთხით, რომ მათ არ ეძლევათ საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათ შორის არც ნეიტრალური პასპორტები...
- სამწუხაროდ, ეს პრობლემა არის. ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯანდაცვის კუთხით მომართვიანობა შემცირდა იმ მიზეზით, რომ ყოველდღიურად ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ აქ უკვე პრობლემაა მკურნალობა-რებილიტაცია. მეტიც, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დააწესა შეზღუდვები იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გადმოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამას არ შეუჩერებია გადმოსვლა.
იცით, რომ მკურნალობის დაფინანსება ხდება როგორც აფხაზეთის, ასევე ცენტრალური ჯანდაცვის მხრიდან. დაფინანსების მხრივ ჩვენ პრობლემა ცენტრალური ხელისუფლებისგან არ გვქონია, მაგრამ არის დაავადებები, რომელიც ჩვენ უნდა დავაფინანსოთ, მაგრამ ვახტანგ ყოლბაიას მოსვლიდან დღემდე ვერ ხორციელდება ბიუჯეტის კორექტირება, ის არის არაუფლებოსილი პირი და ვერ აკეთებს ამას, ამიტომაც გაჩერდა ეს პროექტი. შესაბამისად შეჩერდა აფახაზი თანამოქალაქეების მკურნალობის პროცესი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ხელიუსფლების ქმედებები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. ფაქტია, რომ მათი მოქმედებები ხელს უშლის ამ ადამიანების გადმოსვლას და ინტეგრაციის პროცესების გაგრძელებას. ამათი შეგნებული, თუ შეუგნებელი მოქმედებით, თამაშობენ აფხაზების თამაშს. სწორედ იმათ თამაშს, ვისაც არ უნდა აფხაზებისა და ქართველების შერიგება.
დაახლოებით რამდენ ადამიანს ეთქვა უარი მკურნალობაზე?
- დაახლოებით 40-ზე მეტ აფხაზს არ მიეცა მკურნალობის შესაძლებლობა. ისინი გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ თუ სასწრაფო არაა, იქნებ დაგველოდოთ. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები სასწრაფოდ საჭიროებდნენ ქირურგიული ჩარევას, ჩვენ გადმოვიყვანეთ ისინი და კერძო კლინიკებში ვუმკურნალეთ და დღეს ამ კლინიკების ვალი გვაქვს. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ხალხის განწყობა არის განსხვავებული, მათ ქართველებთან ერთად უნდათ ცხოვრება, აფხაზეთის ა-რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოქმედებით კი ხელი ეშლება ამ ინტეგრაციის პროცესს.
არის ისეთი ფაქტებიც, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა აფხაზებმა აქ შექმნეს ოჯახები, ზოგი საერთოდ აქ დარჩა. ვიღაცის კერძო ინტერესებს არ უნდა გადაყვეს ქვეყნისთვის აუცილებელი პროცესები. დღეს აფხაზეთში დაახლოებით 40-50 ათასი აფხაზი ცხოვრობს, აქედან 2 ათასზე მეტ აფხაზს აღებული აქვს ქართული პირადობის მოწმობა. ვისაც ერთხელ მაინც მიღებული აქვს სამედიცინო მომსახურება, ისინი ღიად გამოხატავენ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ.
ამ 2 ათასი აფხაზის უკან დგას, მათი ოჯახი, მეზობლები, მეგობრები. იყო შემთხვევა, როდესაც ავადმყოფს მოყვებოდნენ აფხაზები მხოლოდ იმიტომ, რომ ენახათ თავიანთი მეზობლები, მეგობრები. იყო შემთხვევა, როდესაც ჩამოგვყავდა აფხაზი ახალგაზრდები და ვახვედრებდით მათ თანატოლებს. არა მაქვს ამის უფლება, მაგრამ გეტყვით იმასაც, დეფაქტო ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდნენ. რამდენიმეს მეუღლე და მშობლებიც იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ მათ სახელს და გვარს ვერ ვიტყვი. პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, ერთად უნდა ვიცხოვროთო. მერწმუნეთ, რომ ეს არის გულწრფელი სიტყვები.