ზაზა ჯანაშია ეროვნული ნაკრების მწვრთნელების მიწვევის მიუხედავად რომ არ ცხადდება ეროვნული გუნდის შეკრებაზე, არახალია - ძველია. როდესაც პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჩივაძეს მიზეზი ჰკითხეს, ამ უკანასკნელმა - ვერაფერს გეტყვით, თავადაც ვერ გავრკვეულვარ ბოლომდე სიტუაციაშიო.
- ეტყობა, ზაზას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ამ კაცის ფსიქოლოგია კარგად უნდა შევისწავლოთ. ძალიან მინდა, ჯანაშია ნაკრებს გამოადგეს.
ფაქტია, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ჯერ სრულფასოვნად ვერ გამოიყენეს. მეტიც, იშვიათად თუ ათამაშებდნენ. მასაც მობეზრდა უაზროდ მოსკოვიდან თბილისში გადაფრენ-გადმოფრენა და, დაახლოებით სამი წლის წინ ნაკრებზე ხელიც ჩაიქნია. ჩივაძის მოსვლით ვითარება თითქოს უნდა შეცვლილიყო. ზაზა კი მაინც არ გამოჩენილა.
რა არის ამის მიზეზი, ზუსტად არავინ იცის. ამიტომაც, უამრავი ჭორი ვრცელდება. ყველაზე გულწრფელი ნაკრების ყოფილ კაპიტანი კახა ცხადაძეა.
- მე როგორც ვამჩნევ, ზაზას კომპლექსი აწუხებს.
რის კომპლექსი?
- რის და ნაკრებში უთამაშებლობის. ვერ ეგუება, რომ რუსეთის მსგავსად საქართველოში ლიდერი არ არის. ურთიერთობაშიც გარკვეული კომპლექსები აქვს. ჰგონია, დასცინიან ან ცუდი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ვფიქრობ, თავადაც რაღაცები უნდა დათმოს და ფეხბურთელებმაც.
ამის მიუხედავად, ძნელია, ზაზას ხაზი გადავუსვათ. ყველას გვახსოვს მისი სანაკრებო მატჩები. მას მოედანი უგოლოდ თითქმის არცერთხელ დაუტოვებია.
გუშინ ზაზა ჯანაშიას მოსკოვში შევეხმიანეთ და გავესაუბრეთ.
ზაზა, რატომ არ ჩამოხვედი ნაკრების თამაშზე?
- ფორმაში არ ვიყავი და აზრი არ ჰქონდა ჩამოსვლას.
ეს მიზეზი მწვრთნელებს უთხარი?
- არ მითქვამს, მაგრამ ის კი შევატყობინე, რომ არ ჩამოვიდოდი. მეტი რა უნდა მეთქვა? ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში ჩემს ყოფას აზრი არ ჰქონდა.
მგონი, გამოსამგზავრებლად ბილეთიც გქონდა აღებული...
- კი, იყო ასეთი რამ.
გასაგებია, ნაკრებში გარკვეული პრობლემები გქონდა, მაგრამ თუ გრძნობ, რომ გუნდს სჭირდები?
- ეს არის სწორედ, რომ მახარებს. ამიტომაც ვამბობ, რუმინეთთან მომავალ შეხვედრაში ნებისმიერ შემთხვევაში ვითამაშებ.
ჩივაძესთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- არ არსებობს, მისი მიწვევა უარვყო. თანაც, ჩივაძის გვერდით ხურცილავა მუშაობს და როგორ არ უნდა ჩამოვიდე? უბრალოდ, პრობლემები მქონდა.
ნაკრებში ხუმრობენ, ხურცილავა ერთ-ერთ მწვრთნელად იმიტომ დანიშნეს, რომ ჯანაშიას ჩამოყვანა მოახერხოსო...
- (გულიანად იცინის) ხალხი რას არ მოიგონებს.
საქმე ისე გაართულე, ხალხი სხვა ახსნას ვეღარ პოულობს.
- მოკლედ, შევთანხმდეთ, რუმინეთთან ვითამაშებ.
კარგა ხანია, სიომინი არ გათამაშებს. ახლა გაქვს მისი წყალობის იმედი?
- რა თქმა უნდა. სიომინი შვილივით მიყურებს და თუ არ მათამაშებს, ჩემი ბრალია. იცის, როდის მათამაშოს და როდის დამასვენოს.
შენთვის ცნობილი იქნება, რომ რომანცევი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობასა და სიომინის „სპარტაკში“ გადაყვანას აპირებს...
- სიომინი „სპარტაკში“ არ წავა, გამორიცხულია. ეს იქნება „ლოკომოტივის“ ღალატი, ამას არაფრით დათანხმდება. ეჭვიც არ მეპარება.
და მაინც, ასე რომ მოხდეს, „სპარტაკში“ გაჰყვები?
- ამაზე არც ვიფიქრებ.
ქართველ ფეხბურთელებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- რა ქმა უნდა.
ვისთან?
- ხანდახან გია ნემსაძეს ვურეკავ. ძალიან თბილი და მეგობრული ბიჭია. ხშირად თვითონაც მირეკავს.
კახა კალაძეს ძმის მოტაცების შემდეგ თუ შეეხმიანე?
- არ მისაუბრია, მაგრამ ყველაფერი ვიცი, რაც მის თავს ხდებოდა. როგორ შეიძლება, ამდენი ხანი კაცი გატაცებული იყოს და ვერ გამოიხსნა. ძალიან მწყდება გული, ასეთ ცნობილ ფეხბურთელს უგულოდ რომ მოექცნენ. ვეღარ გავიგე, საქართველოში ახლა როგორი ურთიერთობებია და რატომ დაიკარგა ძველებური მიდგომა მოთამაშეებისადმი.
მოსკოვში ბევრ ქართველს ეხმარები, თავად რაიმე თუ გრჩება?
- კაცი იმიტომ ცხოვრობს, რომ ადამიანს დაეხმაროს. სიკეთით უნდა დაამახსოვრო თავი. ეს კაცობაში ჩაგეთვლება და მადლიერიც ბევრი გეყოლება.
გულწრფელად თქვი, როგორი ურთიერთობა გაქვს შოთა არველაძესთან?
- ძალიან კარგი. რატომ მეკითხებით?
ურთიერთობა მართლა გიჭირს?
- არ დაუჯეროთ, ტყუილია. სიმართლე თუ გინდათ, შოთა თბილისში ძალიან დამეხმარა, მასავით არც არავინ დამდგომია გვერდში. არ შეიძლება ასეთი ხმების გავრცელება.
კონკრეტულად რაში დაგეხმარა?
- ფინანსურად და, საერთოდ, ყველა თვალსაზრისით. ჩემი საქმეა, კონკრეტულად რაში დამჭირდა მისი თანადგომა. უბრალოდ, კაცმა იმხელა პატივი მცა, ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ.
წარმოუდგენელია დაივიწყო, რის გამოც აქამდე ნაკრებში არ თამაშობდი. აი, გულშემატკივრებისთვის კი მიზეზები უცნობია...
- მწვრთნელებთან კი არა, საერთოდ არავისთან მქონია საჩხუბარი. მწვრთნელებმა თავად შეიქმნეს პრობლემები. ხალხის და ჟურნალისტების უზომო მადლიერი ვარ. თითოეულ ჩამოსვლაზე ტრიბუნიდან მესმოდა როგორ ითხოვდნენ ჩემს თამაშს. საწყენი იყო ძოძუაშვილის და ყიფიანის ნათქვამი, ხალხს რომ არ მოეთხოვა, ჯანაშიას არც ვათამაშებდითო. თუ არ მათამაშებ, დალოცვილო, რატომ მეძახი? ცალკე ვიტყვი ჟურნალისტებზეც: კარგად ვიცი, უმრავლესობა ობიექტურად განიხილავდა იმ მიზეზებს, რის გამოც ნაკრებში ვერ ვთამაშობდი. იმ თანადგომას ვერასდროს დავივიწყებ. ისე, თქვენ რომ არა, მე ნაკრებისთვის დაკარგული ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
მიდიხარ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ თუ რჩები?
- უნდა დავრჩე, აბა რა უნდა ვქნა? ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რუმინეთთან თამაშის დიდი სურვილი მაქვს. იმედია, მანამდე მოვმჯობინდები, ფორმას აღვიდგენ და თუ მათამაშებენ, ერთი გოლი ჩემზე იყოს.
როგორც ჩანს, ნაკრებისკენ გული შემოგიბრუნდა...
- რა თქმა უნდა და ვფიქრობ, ყველაფერი წინანდელზე უკეთ ამეწყობა. რაც მთავარია, ნავსი გავტეხეთ და ოფიციალური თამაშის მოგება შევძელით. სიმართლე გითხრათ, უნგრელებთან ქართველების თამაში რომ ვნახე, გაოგნებული დავრჩი. ასეთი შემტევი ფეხბურთი ნებისმიერ ნაკრებს შეშურდებოდა. ეს არის ჩვენი ნაკრების მთავარი კოზირი.