გამოძიების მასალებით, "თეთრი მგლები" დანაშაულებრივ დაჯგუფებად 2007 წლის 20 აპრილს, ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს, ჩამოყალიბდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა არარუსებზე თავდასხმები იყო.
მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. დაღუპულებს დანით მოყენებული მრავალი ჭრილობა აღენიშნებათ. "თეთრი მგლების" წევრები მკვლელობებს მობილური ტელეფონებით იღებდნენ და ინტერნეტში ათავსებდნენ. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, სკინჰედების მეთაური ჯავახიშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
18 წლის ალექსეი ჯავახიშვილი 2 მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობის გარდა მისი გვარი ფიგურირებს 9 თავდასხმაშიც. მას ბანდაში მოიხსენიებდნენ მეტსახელით "ჯავა". თავად ჯავახიშვილი, რომელიც მამით ქართველია და დედით - რუსი, რუსული მედიის ცნობით, თავს "სლავურ რასას" მიაკუთვნებდა, თუმცა არც იმას უარყოფდა, რომ წარმოშობით ქართული თავადური საგვარეულოდან იყო.
გამოძიების მასალებით, ბანდის წევრები, რომლებიც ძირითადად მოსკოვის უმაღლესებისა და კოლეჯების სტუდენტები იყვნენ, საღამოობით იკრიბებოდნენ, ლუდით თვრებოდნენ და შემდეგ არარუსებზე "სანადიროდ" გადიოდნენ ქუჩებში.
მათი ძირითადი მსხვერპლი შუა აზიელი გასტარბაიტერები (არაკვალიფიციური მუშა-ემიგრანტები) იყვნენ.
თავდასხმისას ბანდის წევრები გაჰყვიროდნენ ასეთ ლოზუნგებს - "რუსეთი რუსებისთვის!" და "მოსკოვი მოსკოველებისთვის!".
დაკავებული "თეთრი მგლებიდან" დანაშაული გამოძიებისას ზოგმა სრულად აღიარა, ზოგმა - ნაწილობრივ.