მიმდინარე წლის 23-26 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს თავის კოლეგებთან ლატვიის, ეტონეთისა და ლიტვის რესპუბლიკებიდან.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკასთან ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმსა და „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას, ხოლო ლიტვის რესპუბლიკასთან შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც გაიმართება შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის შს მინისტრთან და საგანგებო სიტუაციების მინისტრთან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში 28 სექტემბერს დასრულდება.