თბილისის აგრარულ ბაზარზე წინა კვირასთან შედარებით ფასებს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. ჯერჯერობით შემოდგომა მყარად „იჭერს“ ფასებს. უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
საქონლის, ღორის, ცხვრის ხორცი ოდნავ გაძვირდა და 3,5 ლარს შეადგენს.. დაკლული გოჭი (6-7 კგ) 25-30 ლარი ღირს. იმერულ ყველს ძირითადად 3 ლარს აფასებენ. რაც შეეხება სულგუნს მისი შეძენა უკვე 4 ლარად შეიძლება.
განსაკუთრებით აქტიურობენ ზეთის გამყიდველები. ერთ ლიტრს 1.5 ლარად ყიდიან.
საკმაოდ ძვირია ლობიო. ის დღეისათვის 0,9-1 ლარი ღირს. ბაზრობაზე დიდი რაოდენობითაა მწვანე ლობიო. მისი შეძენა 35-45 თეთრადაც შეიძლება. სამაგიეროდ, ოდნავ გაძვირდა პომიდორი. მოვაჭრეები 1 კგ-ს 0,4-დან 1 ლარამდე აფასებენ.
ბაზრობაზე თანდათან იმატებს გვიანი შემოდგომის ხილი. უკვე „აქტიურად“ იყიდება კომში, რომელიც ზოგან 3 კგ. 1 ლარი ღირს. ჯერ კიდევ „ახალი“ კარალიოკის ფასი 50-70 თეთრია.
დამკვირვებლები უახლოეს მომავალში აგრარულ ბაზრებზე ფასთა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოელიან.