„კრიმინალებისა და ქურდების პარტიის“ ღირსებას თევდორაძე სასამართლოში დაიცავს

„კრიმინალებისა და ქურდების პარტიის“ ღირსებას თევდორაძე სასამართლოში დაიცავს

საქართველოში მალე ახალი სასამართლო პროცესი დაიწყება. ამჯერად პარლამენტარი ელენე თევდორაძე წარსდგება პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგ.

პრაიმ-ნიუსთან საუბრისას ელენე თევდორაძემ თქვა, რომ სოციალისტების ლიდერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა „მოქალაქეთა კავშირს“ უწოდა „კრიმინალებისა და ქურდების“ პარტია, რომელიც თითოეული მინისტრობის კანდიდატისაგან 4 მილიონ დოლარს იღებს.

„მე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი ვარ და თუ რჩეულიშვილმა კონკრეტულ პიროვნებებზე რაიმე იცის, მაშინ მათზე ისაუბროს“, - თქვა თევდორაძემ. მისივე თქმით, გუშინ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრებთან შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთი კვირის ვადაში მომზადდეს სარჩელი და იგი სასამართლოში პარტიის სახელით შევიდეს.

„თუ სარჩელი სასამართლოში პარტიის სახელით არ შევა, მაშინ მას მე შევიტან“, - ამბობს თევდორაძე. პატიმართა უფლებების დამცველი ელენე თევდორაძე სარჩელის შეტანას ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში აპირებს, რადგან ვახტანგ რჩეულიშვილი ამ რაიონში ცხოვრობს.

ადვოკატის ვინაობას ელენე თევდორაძე ჯერჯერობით არ ამხელს.

„ჩემი ნათქვამი პირადად ელენე თევდორაძეს არ ეხება, მაგრამ მან თვითონ შეხედოს პარტიას, რომელიც ლაგოდეხის არჩევნების ლეგალიზაციას აპირებს“, - უთხრა პრაიმ-ნიუსს ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მთავარი სოციალისტის თქმით, საქართველო კორუმპირებული, მექრთამეების სახელმწიფოა და ამ მექრთამეების უდიდესი ნაწილი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრია. სასამართლოზე ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი იქნება.