თბილისი. დოლარები და ფეხბურთის ბურთი. ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში და საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი.ახალი პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნება", რომლის მიზანიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებაა, ოფიციალურად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაფუძნდა. 2500 სტუმარი, ვივალდის მუსიკა და ადგილობრივი რეპი - ეს ყველაფერი თავმოყრილია ბიძინა ივანიშვილისა და კახაბერ (კახა) კალაძის გარშემო.
პირველს შეუძლია საკუთარი ხუთნახევარმილიარდიანი ქონების იმედი ჰქონდეს - ის ჟურნალ "ფორბსის" მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 185-ე ადგილზე მოხვდა. მეორე, ძლიერი მცველია, რომელმაც კარლო ანჩელოტის "მილანში" თამაშის ათი წლის განმავლობაში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა: გახდა იტალიის ჩემპიონი (2004 წ.), იტალიის თასის მფლობელი (2003 წ.), ევროპის სუპერთასის მფლობელი (2007 წ.), მსოფლიოს ჩემპიონი კლუბებს შორის (2007 წ.), ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული (2003 და 2007 წ.წ.). ახლა ის "ჯენოაში" თამაშობს. კალაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს, რომლის კაპიტანიც იყო ("15-წლიანი თამაშისა და 83 მატჩის შემდეგ ფეხბურთს დიდი სინანულით ვტოვებ").
სინამდვილეში ეს არჩევანი მომავალი პოლიტიკური კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ფეხბურთი მისი ტრაგიკული ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო (2001 წელს ბანდიტებმა, გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით, მისი ძმა, ლევანი, გაიტაცეს, რომლის ნეშტიც რამდენიმე წლის შემდეგ იპოვეს). "ჯენოასთან" მისი კონტრაქტი 2013 წელს იწურება, მაგრამ კახა თანაგუნდელებს ერთი წლით ადრე, ჩემპიონატის დასასრულს დაემშვიდობება.
ივანიშვილის ნაბიჯმა, რომელიც მშვიდ და გაწონასწორებულ ადგილობრივ ექიმს მოგაგონებთ, რომელიც ბერლუსკონის მსგავსად, "მილანის" გულშემატკივარია ("მას მერე, რაც კალაძემ "მილანის" შავ-წითელი მაისური ჩაიცვა, "მილანი" ჩემს საყვარელ გუნდად იქცა"), აშკარა შოკი გამოიწვია გარეგნულად ბედს შეგუებულ ქვეყანაში: "სინამდვილეში მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ პოლიტიკაში არ მოვსულიყავი, მაგრამ სააკაშვილმა ნამდვილი დიქტატურა დაამყარა. ის ვერ იტანს ჩემნაირ თავისუფალ ადამიანებს. მას მხოლოდ ყველაფერზე კვერის დამკვრელნი მოსწონს. მე კი თავის დახრა არ მსურდა".
და აი, ის აღფრთოვანებული აუდიტორიის წინ დგას. დარბაზის გარეთ კი ასობით ადამიანი ცდილობს "მილანელი" კახი კალაძის სიტყვის მოსმენას, რომლის პოლიტიკური სვლა მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე გამოიკვეთა "დიდი ბოსის" გვერდით: "ფეხბურთს ნაადრევად ვტოვებ, რადგანაც გული მტკივა, როცა ვხედავ, თუ რა სიღატაკეში ცხოვრობს ჩემი ხალხი". "არ აქვს მნიშვნელობა იმას, რასაც პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს მე პუტინის მეგობარი ვარ, - ამბობს ივანიშვილი, -„ხალხს ვერ მოატყუებ, თუმცა, მას რეჟიმი უთვალთვალებს, აკონტროლებს და დაშინებულია. ახლა ამერიკელებიც და მთელი ევროპაც დარწმუნდნენ, რომ ჩემი ნდობა შეიძლება და ჩვენთან ურთიერთობას ამყარებენ".
თბილისის საკონცერტო დარბაზში უკრაინელი ანდრეი შევჩენკოც იმყოფება, "ანჩელოტის" გუნდის კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელსაც "მილანში" თამაშისას 175 გოლი აქვს გატანილი. ის კიევიდან თავისი დიდი ხნის მეგობრის მხარდასაჭერად ჩამოვიდა და ტაშით შეხვდა კახას მგზნებარე გამოსვლას: "მისი ნათქვამიდან არაფერი მესმოდა, მაგრამ ხალხის ენთუზიაზმით მივხვდი, რომ ის გულით ლაპარაკობდა".