დიტო გელოვანი: ვარდისახარების ევოლუცია

დიტო გელოვანი: ვარდისახარების ევოლუცია

მკვდარი კატა უნდა წაიღო სასაფლაოზე შუაღამისას, ისეთ ადგილას, სადაც ბოროტი კაცი ასაფლავია. და აი, შუაღამისას მოვა ეშმაკი, შეიძლება, ორი ან სამიც; მაგრამ მათ ვერ დაინახავ, მხოლოდ გაიგონებ, თითქოს ქარი ზუზუნებსო. შეიძლება, გაიგო კიდევაც, ერთმანეთს როგორ ელაპარაკებიან. როცა ისინი მკვდარს წაათრევენ, უნდა ესროლო მკვდარი კატა და თან თქვა: ჯოჯო მისდევს მკვდარს, კატა მისდევს ჯოჯოს, მეჭეჭი კი კატას - დიდი სიამით ვატანთ, აგისრულდეთ ნატვრა“. მორჩა და გათავდა, მთელი მეჭეჭები გაქრება.

(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)

ეს ყველაფერი - კარგი, მეჭეჭების მოშორების უებარი საშუალება ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ჯოჯო და მკვდარი კატა იმან მოიკითხოს, ვისაც მეჭეჭები აწუხებს, ყველამ ერთად კი იმაზე ვიფიქროთ, როგორ მოვიშოროთ ქაჯები, რომლებიც, დრო გადის და, კი არ მიდიან, მოდიან, უფრო სწორად - ერთნი მიდიან, მათ ადგილს კი სხვა ქაჯები იკავებენ. ერთი ვარიანტია, რომ ქაჯების ხსენება ავკრძალოთ, ამ ფონზე კი ხშირ-ხშირად გავიხსენოთ არაქაჯები. ალბათ, ქაჯების გაქრობის სხვა საშუალებებიც არსებობს, მაგრამ თბილისის საკრებულომ სწორედ ეს ხერხი აირჩია.

საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების შემდეგი სახელები მიენიჭათ. პირობითად 48-ე ქუჩას — ნურადინ — ფრიდონის ქუჩა, 52-ე ქუჩას – მელიქ-სურხავის ქუჩა, 53-ე ქუჩას – მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას - გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას – ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას – როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას – უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას – ასმათის ქუჩა, 60-ე ქუჩას — თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას - დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას – შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას – ნესტან დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას – ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას – ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას – ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩა – ვეფხისტყაოსნის ქუჩა, 95-ე ქუჩას –  ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას –  ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას –  რამაზის ქუჩა ეწოდათ.

როგორც ხედავთ, ქაჯეთის ხსენებაც კი არ არის.

გასათვალისწინებელია, რომ თბილისი იზრდება, შესაბამისად - მატულობს ქუჩების რაოდენობაც და, სავარაუდოდ, რუსთაველის უკვდავი პოემის სხვა პერსონაჟებსა და გეოგრაფიულ დასახელებებსაც ეღირსებათ საკუთარი ქუჩები.

საკრებულოს გადაწყვეტილებამ ხმამაღალი სიცილ-კისკისი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, იყო მორიდებული ხითხითიც. მაგალითად, ვასიკო მაღლაფერიძემ წინადადება შემოიტანა, ტარიელის მიერ დახოცილი მონებიც უკვდავვყოთ და რომელიმე ქუჩას მათი სახელი მივანიჭოთო. მართლაც, ცუდი არ იქნება, მაგალითად, ვინმე რომ გკითხავს - სად ცხოვრობო და შენ რომ უპასუხებ - მკვდარი მონების ქუჩაზეო. ავთანდილის და თინათინის, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის გადაკვეთაც მაგარი იქნებოდა. იქნებოდა ამაში რაღაც რომანტიკული და ეროტიული...

თუმცა, რატომ მხოლოდ „ვეფხისტყაოსანი“? მოვა 17 მაისი და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები (მაგ. ქ-ნი ჩერგოლეიშვილი) და მათი უფლებების დამცველნი (მაგ. ქ-ნი ხატისკაცი) აქციას გამართავენ, რომლის მთავარი მოთხოვნაც თბილისის ქუჩებისთვის ხარჩოს, დარჩოს, დარდაკას, ალისკერასა და რუდოლფ ვალენტინოვიჩის სახელების მინიჭება იქნება.

ალბათ, ხვდებით, თუ სად იქნება „იდენტობის“ ოფისი... რა თქმა უნდა, ალისკერასა და რუდოლფ ვალენტინოვიჩის გადაკვეთაზე.

საერთოდ, ამ სოციალურ ქსელებში მართლაც საინტერესო რამე-რუმეებს ამოიკითხავს კაცი. ხანდახან რაციონალური იდეების ისეთი კორიანტელია, გაგიკვირდება. იყო ასეთიც: „ხომ იცით, როგორ მიყვარს "სამოსელი პირველი"? საკრებულოს ლიტერატურის სიყვარულის ბუშტი რომ გაუსკდა და „ვეფხისტყაოსანზე“ რომ დაიციკლა, ვთავაზობ, გამოყოს შტატები და ყოველ უბანს ყავდეს თავისი საკუთარი ლეპოლდინო ან კაეტანო, რომლებიც იყვირებენ: „ღამის პირველი საათია და ყველაფერი რიგზეა“ ან „ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა“. ჰოდა, მე თავს გადმოვყოფ ხოლმე ფანჯრიდან და დავუძახებ: „მტყუანის დედა მოვ...ან“. მაგრამ რა დააშავეს გინდა ლეპოლდინომ და გინდა კაეტანომ? დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!!! რა დააშავეს და - ფულის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო“.

ფულის გულისთვის და... გართობის გულისთვისაც. მთელი გასული კვირის განმავლობაში ხან სად დარეკავდნენ, ბომბიაო და ხან სად. მაკვარანცხებს ეგრევე იჭერდნენ, მაგრამ რად გინდა? ძირითადად, სკოლის მოსწავლეები იყვნენ, მხოლოდ ერთი იყო ზრდასრული, თუმცა მაგასაც მხოლოდ პირობითად თუ ეთქმის ზრდასრული და უფრი დაუსრულებელი, ანუ ნიდაძელანნი უფრო შეეფერება.

„...ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ის 1951 წელს დაბადებული, ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში მცხოვრები ლეონიდე ჭ. აღმოჩნდა“.

არა, ძმაო... თუ 62 წლის ხარ და ასეთი რამეებით ერთობი, სახელად აუცილებლად ლეონიდე უნდა გერქვას და გვარად ჭ უნდა იყო.

თუ 27 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება კოაბიტაცია, ვინძლო, ყოველი მათგანი, ანუ ყველა ჭ, პარლამენტში ვიხილოთ - ცრუ განგაშების ატეხვას ცრუ დაპირებების ჩამორიგებით გამოისყიდიან. განგაში იმისაა, ხალხს რომ ეშინია - შეაშინეს ბანკები, ტელევიზიები, სასწავლებლები... პარლამენტშიც დარეკეს რამდენჯერმე, მაგრამ იქ განგაში არ ამტყდარა. იმიტომ კი არა, რომ „უშიში ვითარცა უხორცო“ და რამე... სრულიადაც არა. როგორ აგიხსნათ... აი, სკოლაში გაკვეთილი რომ გაგვიცდებოდა, ხომ ყველას გვიხაროდა? დეპუტატებს რამდენიმე გაკვეთილი გაუცდათ და როცა მერხებს, ანუ პულტებს დაუბრუნდნენ, მაშინაც ძროხების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს. ახლა, თუ ევროპამ ძროხებთან კოაბიტაცია მოითხოვა (როგორც ღორების შემთხვევაში გააკეთეს), კანონი აუცილებლად გაუქმდება, თუმცა, ისიც არის, რომ კოაბიტაცია პრეზერვატივებთანაც მიმდინარეობს, თუმცა პრეზერვატივების კანონი ჯერ არავის გაუუქმებია. ისე კი, პრეზოებთან კოაბიტაცია ბევრს არ მოწონს და ამაზე ნიუსის სათაურიც მიუთითებს - „ახალციხეში პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა“. არ მოწონთ და შელაპარაკებაც იმიტომ მოხდა. აი, როცა სულ გადაირევიან, სათაური იქნება ასეთი - „ადგილობრივებმა პრეზიდენტი ფეხქვეშ გაიგდეს“. ოღონდ, ამისათვის სულ თვენახევარია დარჩენილი, ამის შემდეგ ადგილობრივებს ყოფილი პრეზიდენტის ფეხქვეშ გაგდების საშუალება მიეცემათ, თანაც - არაერთხელ. დავდგეთ, შემდეგ, და ვითვალოთ. დასათვლელი ჯერ კიდევ ბევრია. ის კი არა, გასულ კვირაში თვით სააკაშვილი იჯდა და ითვლიდა.  „პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მესამედ გახსნა იმ ჰესის მშენებლობა, რომელიც მისმა მთავრობამ უკვე ორჯერ გახსნა. ამით მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მიერ შუახევში, ახალი ჰესის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრას გამოეხმაურა. „დღეს პრემიერმა მესამეჯერ გახსნა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი, 3 წლის წინ დაწყებული ჰესის მშენებლობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა“.

ეჰ... პირველი ოქტომბერი რომ არა, თავის მიერ ორჯერ გახსნილ მშენებლობას თვითონვე გახსნიდა მესამედაც, მეოთხედაც და მეხუთედაც. მეხუთე იქნებოდა საბოლოო, რადგან ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვდა „მესამე და სამართალი“, სამართალი იყო მხოლოდ მეხუთე და, შიგადაშიგ - მეათეც. თუ არ ვცდები, სწორედ მეათე ნომრით თამაშობდნენ წელს ზევით ქრისტიანები (სიტყვით) და წელს ქვევით დემოკრატები (საქმით).

ახლა არ ვიცი, რა ნომრით თამაშობს მათი ლიდერი, მაგრამ მაგის თამაში სულაც არ არის მაგის თამაში. მაგი რომ თამაშობს, ხალხი სააკაშვილს ეუბნება ხოლმე, ერთ ადგილს ნუ ათამაშებო. ჯერ, „ერთ ადგილს“ რომ უწოდებენ რავარია და მერე - სააკაშვილის ერთი ადგილიო!

მაგ წოდებაზე ბევრს აქვს პრეტენზია, კონკურენცია არის სასტიკი და ყველაფერს მას შემდეგ დაერქმევა თავისი სახელი, რაც კოჰაბიტაცია დასრულდება... ოცნებას (ნაცებისგან განსხვავებით) კაცი არ მოუკლავს და, იქნებ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ვიხილოთ. მაგრამ, ჯერ ის გავისტუმროთ იქ და იმაში. პრინციპში, ის უკვე იქ არის და იმაშია და სანამ ბოლომდე დაიმალება, თავისას არ იშლის, ჩხავის როგორც შეუძლია. მაგალითად ასე: „ხელისუფლება აპირებს ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას“.

მაიცა და, სანამ პარლამენტი იქ გადავიდოდა, ქუთაისი ქალაქი არ იყო? და, რომ ადგნენ და პარლამენტი სადმე სხვაგან, მაგალითად თოხლიაურში ან ვერტყვიჭალაში რომ გადაიტანონ, თოხლიაური ქალაქი გახდება და ვერტყვიჭალა - მეგაპოლისი?

წეღან წავიოცნებე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვინატრე, მაგრამ, როგორც ჩანს ჩემს ამ ოცნებას ასრულება არ უწერია. ყველაფერი გათვლილი და გაწერილია დროში. ამ დასკვნამდე კი, ამ ნიუსმა მიმიყვანა: „შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება... „შვედეთი მზად არის, ქართულ მხარესთან სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმოს. ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც არსებული ნაგავსაყრელების დახურვა იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, შევძლებთ, ქმედითი დახმარება გაგიწიოთ კადრების გადამზადების თვალსაზრისით. ასევე, შევქმნათ ნარჩენების მართვის რამდენიმე თანამედროვე მოდელი, რომელთაგან თქვენ სასურველ ვარიანტს შეარჩევთ“, - განაცხადა ოლეგ იზიუმენკომ“.

მოკლედ, არსებული ნაგავსაყრელი მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიხურება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.

არჩევნებს დავუბრუნდეთ  და ერთი უაღრესად სასაცილო ნიუსი უნდა წაგაკითხოთ. მაგრად ვიცინე. „საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-ზე მეტი დებუტატი დააკვირდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა... როგორც კრივოკაპიჩმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა დელეგაცია, რომელიც 50-ზე მეტი დეპუტატისგან შედგება. მისივე თქმით, მათ შორის იქნებიან ცნობილი დეპუტატები, რომლებსაც საქართველში არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქვთ“ - ამ ნიუსზე ვიცინე, განსაკუთრებით კი იმ ნაწილზე, სადაც ცნობილ დეპუტატებზეა საუბარი - საქართველში არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქვთო.

მაგ გამოცდილების გამო, წესით, მაგათ ქვეყანაში არ უნდა ვუშვებდეთ და ისიც საინტერესოა, რით არიან ცნობილნი? „სამოსელ პირველში“ არის, ელამი ტიპი რიგობერტოს რომ შეჩივლებს - დედით ცნობილმა კაცი მოგვიკლაო.

ვისაც საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება აქვს, ყველანი დედით ცნობილები არიან.

წითელ ხიდს ნეპალის დელეგაცია რომ ეწვია, ვფიქრობ, არავისთვის უნდა იყოს საინტერესო. აი, თუ საპასუხო ვიზიტით და ბიუჯეტის ხარჯზე ნეპალს გია თორთლაძე მოინახულებს, მაშინ კი ყველანი დავინტერესდებით და ერთხმად აღვნიშნავთ: „კოჰაბიტაციის ცნობილი დედაც, და იმისიც, ვინც კოჰაბიტაცია შემოგვაპარა“.

არცთუ მყარმა ნარჩენმა გასულ კვირაში შესამჩნევად იაქტიურა - გაღლეტილი ხერხემლის მშობლებს ეწვია და „ყველაზე ეროვნული მედია-პროექტის“ მიერ წლის მასწავლებლად დასახელებული ქალბატონს და მის მეუღლეს მეურნეობა შეუქო - ძალიან მაგარი მოვლილიაო. მოვლილი მეურნეობა თავისკენ მოიკითხოს, ყვარლის მამულში, რომელიც ნელ-ნელა მეღვინეობის ცენტრად ყალიბდება და რომელსაც ცნობილი მეღვინე, ანდრო ბარნოვი ხელმძღვანელობს. ისე, ჩვენში დარჩეს და, სად კვერცხი და სად ღვინო?!

„შესაძლოა“ არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ! და მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ - რეალურად უნდა დაიცვათ მოსახლეობა! თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ!“ - თქვა გასულ კვირაში ბარნოვმა, რომელმაც ელვისებური პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და იმდენი მოახერხა, რომ კვერცხუჯრედი იყო და სულ რაღაც ორ წელიწადში კვერცხად იქცა.

მშიშარაო... რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ კოჰაბიტაცია გამახსენდა. გამახსენდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს და ვინც ამისთვის იღწვის, ალბათ გულს მოეფონებოდა სააკაშვილის ეს სიტყვები: „ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ“

და ამის შემდეგ გამოდის ეკა ბესელია და ამბობს: „მესმის, რომ ძალაუფლების დასრულებას მტკივნეულად აღიქვამს“.

ჯერ ერთი, კარგად მივიხედ-მოვიხედოთ და ვაღიაროთ, რომ კვლავ გრძელდება ნარჩენების მავნე ზემოქმედება გარემოზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი. მე, მაგალითად, არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა აღიქვამდეს ვინმე ძალაუფლების დასრულებას მტკივნეულად?

არადა, გაგება ხომ მთავარია, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში გაგება არის გაუგებარი და როცა გაგება გაუგებარია, ძაღლის თავი რაღაცაში უნდა იყოს დამარხული.

გასულმა კვირამ ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა და ცოტა მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა, მეტი საფიქრალი მექნებოდა, მაგრამ ჩემთვის გასული კვირა ძალიან დატვირთული იყო. მაგალითად, შორს რომ არ წავიდეთ, შაბათის ამბავს გეტყვით: შევიკრიბეთ და ერთად აღვნიშნეთ ღვთისმშობლობა, 50 წელი გოჩა თერგიაშვილის და ორი საათი ლევან ნინიძის დაბადებიდან.

მოკლედ, წავედი და თხოვნას დაგიტოვებთ - იქნებ ვინმემ თხოვოს იმ შვედებს, და როგორმე დააჩქარონ ამ ნარჩენების გატანა, თორემ მაგათი ბუტბუტით და მაგათ მიერ კონსტიტუციის უკუღმა კითხვით უკვე ძალიან დავიღალე.

ე.რ. (ეგრეა, რა) „რა საშინელებაა! მამაშენმა როგორ გაიგო, რომ კუდიანი ჯადოს უკეთებდა?“ „ამას უყურე! მამა ამბობს, ამის გამოცნობას დიდი ამბავი არ უნდაო: თუ ვინმე დაჟინებით გიცქერის და თან რაღაცას ბუტბუტებს, იცოდე „მამაო ჩვენოს“ უკუღმა კითხულობსო“.

(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)