შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის აქამდე უცნობ ვერსიაზე ფილმს იღებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის აქამდე უცნობ ვერსიაზე ფილმს იღებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, უწყების სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია...“ გადაღება დაიწყო. ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით მიმდინარეობს.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მთავარ როლებს მოწვეული მსახიობები – კოტე თოლორდავა, ნანუკა ხუსკივაძე, ზაზა იაქაშვილი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ.

ილია ჭავავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის შესახებ ფილმის გადაღება შსს-ს არქივის ხელმძღვანელების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი და აქამდე უცნობი გარემოება აღმოაჩინეს.

საზოგადოება შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმის ხილვის შემდეგ ილიას მკვლელობის სრულიად ახალ ვერსიას გაეცნობა, რაც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებით იქნება გამყარებული.

ფილმის გადაღება თბილისსა და მის შემოგარენში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.