ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია - ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა. ამჟამინდელ ახალგაზრდობას წინა საუკუნის თანამემამულეებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.
დღევანდელი წერილით წარსულში დაგაბრუნებთ და ჩვენს სახელოვან წინაპრებს გაგახსენებთ. ეს ხალხი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გახლდნენ დაჯილდოებულები. მათი ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში დღემდე გადადის.
იმედია ქვემოთ მოყვანილი „ისტორიები“ პოლიტიკური ცხოვრებით გადაღლილებს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და თურქული ტელესერიალებითა თუ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებებით გადაღლილებს ერთგვარ შვებას მოგგვრით. (სოკოებივით მომრავლებულ თურქულ ტელესერიალებზე საკუთარ მოსაზრებებს მომავალ კვირას წარმოგიდგენთ).
*****
ერთ წვეულებაზე მყოფ კაცს, რომელსაც მარჯვნივ აკაკი წერეთელი ეჯდა, ხოლო მარცხნივ - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბევრს ლაყბობდა, უნდოდა ეთქვა, მარჯვნივ ბულბული მიზის და მარცხნივ კაჭკაჭიო. დრო რომ იხელთა, იკითხა, ბულბულსა და კაჭკაჭს შორის რა მანძილიაო. დიდი არაფერი, შუაში ერთი ბაიყუში ზისო - უპასუხა აკაკიმ.
*****
„გვირგვინებს ნუ მოიტანთ, როცა მოვკვდები! თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, იმ გვირგვინების ფული ახლავე მომეცით" - იხვეწებოდა აკაკი წერეთელი“.
*****
ილიასთვის უკითხავთ, რატომ ხდება რომ თქვენ ყოველთვის აქებთ აკაკის, ის კი ყოველთვის გაძაგებთო? „ეტყობა, ჩვენ ორივე ვცდებით" - უთქვამს ილიას“.
*****
„მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ფირალი ვიქნებოდი", - ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს იშვიათ ნაკეთობას გამოართმევდა და ეტყოდა: „მე ამ ნივთს სახლში წავიღებ, შევისწავლი და ხვალ დაგიბრუნებ“. მეორე დღეს კი გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ამა და ამ ადამიანმა საქართველოს მუზეუმს ესა ეს ნივთი ნებაყოფლობით უსახსოვრა.
*****
„ივანე ჯავახიშვილის დაკრძალვაზე, საფლავთან შალვა ნუცუბიძე ნიკო კეცხოველის გვერდით აღმოჩნდა. კეცხოველს უთქვამს - რაო, შალვა, მაგის გვერდით წოლა ხომ არ გინდა შენცო? - მართალი ხარ, შენთან დგომას, ამასთან წოლა მირჩევნიაო, - უპასუხია შალვას“.
*****
„დამაცა, შე კაცო, შენისთანა მილიონია, მე კი ერთი ვარ" - უთხრა ერთმა ოფიციანტმა გალაკტიონ ტაბიძეს.
*****
„მსახიობი ჟორა შავგულიძე მუდამ იმის ცდაში იყო, სანდრო ჟორჟოლიანისთვის რამე „ისეთი" მოეწყო, რომ მერე ეხალისათ. მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, - აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გატეხილიყო. ერთხელაც როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, სანდრომ გადაწყვიტა, იგივე ოინი გაეკეთებინა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, - ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი“.
*****
„რეზო ლაღიძესთან ერთხელ მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარებზე, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და მიდის უკან. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და ჩასძახა - სად მიდიხარო? რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, - უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ - სახლში როგორ არაა, აბა ეს კაცი ტოლმაა, ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?
*****
„ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე იდგნენ ფილარმონიასთან, წვიმაში! ნოდარს უნდოდა გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა მაგრამ გიგა არ ინძრევა ადგილიდან. რა ქნას ნოდარმა? და უთხრა - გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო? (გიგას, როგორც ცნობილია, ცალი ფეხი პროტეზის ჰქონდა, მაგრამ მეგობრები იყვნენ და მათში მოსული იყო ეგეთი ხუმრობა!).
*****
„ნოდარ დუმბაძე ერთხელ ვიღაც ევროპელს შეხვედრია. დაუწყია იმას საუბარი ინგლისურად. ნოდარს უთქვამს თარჯიმნისთვის, უთხარით რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენო. გადაუთარგმნეს და ეხლა გერმანულად ალაპარაკდა თურმე ის შობელძაღლი. ეხლა უთხარით რომ კი მასწავლიდნენ მაგრამ მე არ ვსწავლობდიო.
*****
„ნოდარს უთქვავს ერთხელ: „იქ სადაც ორი გურულია სამი განსხვავებული აზრიაო".
*****
„ყველასა და ყველაფერზე წერ და რა მოხდებოდა, ჩემზეც დაგეწერა რამე", - უსაყვედურა ნოდარ დუმბაძეს მეუღლემ, ნანული გეგენავამ. „ამდენ ხანს ხატია-ში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე", - ამოუოხრია ნოდარ დუმბაძეს“.
*****
„მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა „ჯიხვს” ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა. ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: - ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევით, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდებათ. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინ „ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს ეძახდნენ.
*****
ნოდარ დუმბაძე ერთხელ ესტუმრა თავის მეგობარს სახლში. მეგობრის შვილს მშობლებისთვის უთხოვია - ეზოში ჩავალო და უარი მიუღია! დაუნახავს ეს ბატონ ნოდარს, დაუძახებია მეგობრის შვილისთვის და უთქვამს: - მოდი ბიძია ჩემთან, გაწვალებს აი ასფალტზე მოყვანილი გურული ხომ? - წაი, მე გიშობ სათამაშოდ და თუ რაიმე გითხრა მე მივხედავ მაი საქმეს, არ დაგავიწყდეს, მამაშენზე უარესი გურული ვარ.
*****
ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა - მეარშიყება, ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო - უპასუხა ნოდარმა, - გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო. მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე და კაბინეტიდან გასვლისას - გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა - ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნებაო.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ - ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო, "ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო" - სიცილით უპასუხია ნოდარს.
*****
ნიაზ დიასამიძე ტრამვაიში ავიდა. კონტროლიორი არ ასვენებს: „გაიარეთ წინ, ბილეთები აიღეთ!" ცოტა ხნის შემდეგ: „გაიარეთ წინ!“. შემდეგ ისევ: „გაიარეთ!“ "კაცო, ამდენი სიარული რომ მნდომებოდა, აქ კი არ ამოვიდოდი!" - გაბრაზდა ნიაზი.
*****
ნიაზმა შუაღამით ძმაკაცთან შეიარა და ქუჩიდან შესძახა. ხმაურზე მეგობრის დედა გამოეგება ფანჯრიდან:
- ნიაზ, რომელი საათია, სძინავს შენს ძმაკაცს უკვე რა ხანია, დილას გამოდიო.
- ბოდიში დეიდა, ძმაკაცობა „კრუგლოსუტოჩნი” მეგონა მეო - უპასუხა ნიაზმა და განაგძო გზა.
*****
ნიაზმა ქართლოს კასრაძეს დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გააღო: - რა გინდა ბიჭო ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?
- რა და მინდოდა მეკითხა საშლელი ხომ არა გაქვთო?- უპასუხა ნიაზმა, ქართლოსის დედამ გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა „აბეზარი" სტუმარი და უთხრა: არა ნიაზ, საშლელი არა მაქვსო! კარგიო ნიაზმა და წავიდა. ნახევარ საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა ის საწყალი ქალი, გააღო კარები და ხედავს ოფლით გაწუწულ ნიაზს კარებში, ყურებამდე გაღიმებულს და ხელში საშლელით: დეიდა თამარ, აგე საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით არა გვაქვსო!
*****
ერთხელ სააავადმყოფოში მწოლიარე ნიაზ დიასამიძეს მეგობრებმა მიაკითხეს და ქვემოდან დაუწყეს ძახილი. - ამოდით! - ფანჯრიდან გადასძახა ნიაზმა ძმაკაცებს. - არ გვიშვებს კარისკაცი! - ბოთლი ჩაარტყით თავში! - არა გვაქვს ბოთლი! - ბოთლი თუ არ გაქვთ აქ რას მოდიოდით! - გაბრაზდა ნიაზი.
*****
ერთხელ ნიაზ დიასამიძემ ტაქსი გააჩერა - თავისუფალი ხარ? - კი! - გაუმარჯოს თავისუფლებას! - გაუღიმა ნიაზმა.
*****
„ნიაზ დიასამიძეს წინ დაეცა თურმე ვიღაცა ქალი. ნიაზმა დახედა და უთხრა : ქალბატონო რეშკაზე ხართ თორემ აგაყენებდითო.
*****
ნიაზ დიასამიძეს გვერდში ედგა და პატრონობდა უმშვენიერესი პარტიული ბოსი ვიქტორია სირაძე, რომელიც მუდამ აკონტროლებდა, არ დაელია. ერთხელაც, სისხამ დილით ქალბატონი ვიკა შავ „ვოლგაში" სანაპიროზე ცკ-სკენ მიემართება და ხედავს ნიაზს (დილის 6 საათია). მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და შეეკითხა, სად მიდიხარო. ნიაზი, რა თქმა უნდა პახმელიაზე გამოსასვლელად მიდიოდა, მაგრამ არ დაიბნა, საათზე დაიხედა და უპასუხა: „ქალბატონო ვიკა, სახლში რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ, ჰიმნის მოსასმენადო" (როგორც მოგეხსენებათ ჰიმნი ზუსტად 6 საათზე ირთვებოდა).
*****
როდესაც ანზორ ერქომიშვილი პარიზიდან დაბრუნდა და გურიას, კერძოდ ოზურგეთს ეწვია, იქაურებს მოუყვა, ქართული სიმღერები ევროპელებმა მსოფლიო მონაპოვრად აღიარესო. „რავა, აქამდე არ იცოდნენ თუ?!“ - გაიკვირვეს გურულებმა.
*****
როცა ანსამბლი „ქართული ხმები" ფოლკლორულ, საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე იყო კუნძულ სარდინიაზე, აღმოაჩინეს, რომ მრავალხმიანი სიმღერა იქაურებსაც ჰქონიათ. ერთხელ რესტორანში ყოფნისას ნაცნობი ჟღერადობა შემოესმათ და ზაურ ბოლქვაძეს უკითხავს: „ვინცხამ ჩამოგვასწრო აქ?"
*****
გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა" რომელიც 5 სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ 3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“ - არაო, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: - მაშინ იცი რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“.