ყოველთვის დავცინოდი „მორალისტებს, რომლებიც უყიჟინებდნენ ტელევიზიებს, გარყვნილების პროპაგანდას რატომ ეწევითო. არის გადაცემა რეიტინგული? არ არღვევს მაუწყებლობის კანონს? მაშინ დაანებეთ რა თავი! არ მოგწონს? - გადართე, ბატონო.
ეს ფორმულა ყოველთვის ეფექტურად მეჩვენებოდა სხვადასხვა ჯურის კრიტიკოსთა არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მაგრამ იმან, რაც ბოლო "პროფილში" ვიხილე, სურვილი გამიჩინა, ცნობილი ფრანგული ფილმის - "ძველი თოფის" გმირივით ამეღო ცეცხლსატყორცნი და "მაია ასათიანის სტუდია გადამეწვა".
ამჯერად "პროფილის" სტუმარი სტრიპტიზკლუბის დირექტორი იყო. ის გვიყვებოდა თავის წარმატებაზე, თუ რა უბედური იყო ბავშვობასა და ახალგაზრდობაში, მაგრამ რა ბედნიერია დღეს. ეგ არაფერი... კონკიას ამბავი ყოველთვის საინტერესოა მოსახლეობისათვის, მაგრამ იმას, რასაც ტელეეთერში გადმოსცემდნენ, ნარეცხის სუნი ასდიოდა - ძალიან ამაზრზენი იყო! თუ აქამდე ირონიულად ვიღიმებოდი ასათიანის ფსევდოსენტიმენტალურ მოტივებზე, ახლა დავითრგუნე.
ეს ქალი, სტრიპტიზკლუბის უფროსი, ყოვლად ასოციალური არსება ყოფილა - ქმარი სცემდა და ამცირებდა, მამა და ძმა ქუჩაში აგდებდნენ, მაგრამ მერე იჩალიჩა, ბედს სძლია და ახლა მილიონერია, მაგრამ ყოველივე ამას იმდენად მდარედ, სკაბრეზული ლექსიკით გვიამბობდა, რომ ყურები მიჭკნებოდა. გასაოცარია, მაია ასათიანი, რომელმაც უდავოდ იცის წერა-კითხვა, ძალიან მარტივად ეშვებოდა ამ დივას დონეზე, თითქოს მოჭორავე დედაკაცის ამპლუა უფრო მოსწონდა.
სტრიპტიზიორების მწყემსის მონოლოგი დროდადრო მხურვალე აპლოდისმენტებით წყდებოდა. მონტაჟის მეშვეობით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუდიაში მყოფთ ძალიან მოსწონდათ, რომ ხნიერი ქალი 18 წლის ბიჭთან კოტრიალით ტრაბახობდა. ჩემს აღშფოთებას იწვევდა არა იმდენად შოუში განსახილველი თემა, არამედ ის დისკურსი, რომლითაც მიჰყავდა ასათიანს ყოველივე. სტრიპტიზის მოცეკვავეთა, ათასი ბარიერგადალახული ქალის წარმოჩენა ჩვენი დროის გმირებად გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო სიახლის მატარებელი, მაგრამ ახლა ასეთი განწყობის თესვა ჩამორჩენილობის მაუწყებელია.
სულაც არ მიმაჩნია, რომ კომერციულმა ტელევიზიამ მხოლოდ და მხოლოდ ზეამაღლებული იდეალები უნდა იქადაგოს, მაგრამ მასობრივ მაყურებელზე გათვლილი გადაცემები უნდა ეხმიანებოდეს ამ ქვეყანაში არსებულ ღირებულებებს. მაგალითად, ისეთს, რომ კარგია, როცა ქალი ერთგულია და ცუდია, რომ დუხჭირი ცხოვრების გამო სხეულით ვაჭრობს;
კარგია, როცა იურისტი სტრიპტიზს კი არ ცეკვავს, არამედ საადვოკატო კანტორაში მუშაობს; არაბუნებრივია, როცა 25 წლით უმცროს ბიჭუნას ჰყვარობ და ამას წრფელ სიყვარულს უწოდებ. მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2011 წელს ქართული სექსინდუსტრიის ტიპების წარმოჩენა, როგორც პროგრესის მატარებლებისა, ქაჯური საქციელი მგონია.
ნანუკასთან შედარებით, მაია საბრალო და მოკრძალებულ გოგოდ მეჩვენებოდა, იმ ადამიანად, რომელიც გულუბრყვილობითა და სენტიმენტალურობით ცდილობდა რეიტინგი აემაღლებინა. ახლა დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ ყოფილა, თურმე თამაშობდა...
ცხოვრება მიდის, ხალხი საქმიანობს და ერთობა, ბევრი რამ აღარ არის ისეთი უჩვეულო, როგორიც ადრე იყო. ეს ქალები კი სხედან და ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ?!
შალვა რამიშვილი