საიდან მიიღო სანდრა რულოვსმა პრეზიდენტ მეუღლეზე მეტი შემოსავალი

საიდან მიიღო სანდრა რულოვსმა პრეზიდენტ მეუღლეზე მეტი შემოსავალი

საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის აგერ უკვე მეორე საპრეზიდენტო ვადაშია, 1967 წლის 21 დეკემბერსაა დაბადებული. მან 51-ე საშუალო სკოლა 1984 წელს დაამთავრა, როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული, ოქროს მედალზე. შემდეგ კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც 1992 წელს წარჩინებით დაუმთავრებია.

1994 წელს მაგისტრის ხარისხიც დაუცავს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1995-1996 წლებში კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში გაუღრმავებია ცოდნა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ისიცაა აღნიშნული, რომ მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში; აგრეთვე, უმუშავია ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში (სწორედ ასეა მითითებული: „უდიდესში“!).

1995-1999 წლებში მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წევრი გახლდათ, ის იქ „მოქკავშირის“ ეგიდით მოხვდა. პარლამენტში შესვლისთანავე საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2000 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2000 წლის 12 ოქტომბერს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, თუმცა პოსტი პროტესტის ნიშნად (მოტივით: მთავრობაში კორუფციაა და პრეზიდენტის კურსი დამღუპველიაო) თანამდებობიდან გადადგა. შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“ და 2002-2004 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა. 2004 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ერგო, 2008 წლის იანვარში კი პირველი პირის სავარძელი მეორედაც დაიკავა.

თავისი პირველი დეკლარაცია მიხეილ სააკაშვილმა 1998 წელს შეავსო, როგორც ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარემ. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ახალშენის ქუჩა, ოჯახის წევრებად კი მეუღლე, 1968 წელს ნიდერლანდებში დაბადებული სანდრა რულოვსი და ვაჟი ედუარდი, ასევე ნიდერლანდებში დაბადებული. იმ ხანად მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს რაიონში, 79 000 ლარად ღირებული, 1988 წლის ავტომანქანა „ჰონდა“, 2 600 ლარად ღირებული, მათი კუთვნილი ნივთების ღირებულება კი 10 000 ლარს არ აჭარბებდა. იმ ხანად მიხეილ სააკაშვილს ამერიკულ „სი თი ბანკში“ 200 აშშ დოლარი ერიცხებოდა, სანდრა რულოვსი კი „თი ბი სი ბანკში“ 190 ლარს ინახავდა. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირს“ თავმჯდომარეობდა, სანდრა რულოვსი თბილისში ნიდერლანდების საპატიო კონსულის თანაშემწე გახლდათ. შესაბამისად, მათი წლიური შემოსავლები შეადგენდა: 4 900 და 8 870 ლარს.

მიხეილ სააკაშვილმა 1999 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. არანაირი ცვლილება არ არის მის ქონებრივ ნაწილში. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: მიხეილ სააკაშვილს 1 000 ფრანკი ერიცხებოდა, სანდრა რულოვსს – 2 500 ლარი. უცვლელია მათი სამუშაო ადგილებიც, სამაგიეროდ, ცვლილებაა მათ წლიურ ანაზღაურებაში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წლიური შემოსავალი ამჯერად 7 000 ლარი იყო, სანდრა რულოვსის – 2 800 ლარი.

2000 წელს შევსებულ დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ სააკაშვილის ოჯახის საცხოვრებელი ბინა ახლა უკვე მხოლოდ სანდრა რულოვსის საკუთრებაა და 100 000 ლარი ღირს, მათ ახალი ავტომანქანაც ჰყავთ – „ნივა“, 3 500 ლარად ღირებული. დაუკლია მათ საბანკო ანგარიშებს: მიხეილ სააკაშვილს ბანკში, სულ რაღაც, 100 ფრანკი ერიცხებოდა, სანდრა რულოვსს – 50 აშშ დოლარი. იგივე დარჩენილა მიხეილ სააკაშვილის წლიური შემოსავალი, სამაგიეროდ, გაზრდილა სანდრა რულოვსის შემოსავალი და მას თვეში 1 500 აშშ დოლარი შეუდგენია.

2001 წელს მიხეილ სააკაშვილი დეკლარაციებს უკვე იუსტიციის მინისტრის რანგში ავსებს. უცვლელია მათი ოჯახის შემადგენლობა და უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობა, იმ განსხვავებით, რომ მიხეილ სააკაშვილს საბანკო ანგარიშზე კვლავ 1 000 ფრანკი ერიცხება.

იმ წელს სანდრა რულოვსს საცხოვრებელ ბინაში კარ-ფანჯრების გამოცვლასა და კოსმეტიკურ რემონტზე 9 500 ლარი დახარჯვია. ყოველთვიურად მის შემოსავალს 1 900 აშშ დოლარი შეუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ხელფასს იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი – 10 400 ლარი.

2002 წელს მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა, თუმცა მასში არანაირი ცვლილება არ არის. დეკლარაციაში გაუგებრადაა მითითებული მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის სახელფასო შემოსავლები და, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ამ გრაფას ამჯერად გამოვტოვებ.

2003 წელს მიხეილ სააკაშვილი ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებს ავსებს, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითებს ბარნოვის ქუჩას. მისი ოჯახის ქონებრივ ანგარიშზე კვლავაც მხოლოდ სანდრა რულოვსის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ირიცხება, რომლის ფასიც ამჯერად 95 000 ლარია, სანდრა რულოვსს უკვე სხვა ავტომანქანაც ჰყავს – 1988 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენი“, 1 800 ლარად ღირებული. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: მიხეილ სააკაშვილს ფრანგულ ბანკში 4 000 ევრო ერიცხება, სანდრა რულოვსი კი „თი ბი სი ბანკში“ 2 300 ევროს ინახავს.

მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო (თვეში 400-ლარიან ხელფასს იღებდა), მისი მეუღლე ნიდერლანდების სახელმწიფო პროექტების კონსულტანტად მუშაობდა (და თვეში 1 000 აშშ დოლარს იღებდა).

2002 წელს სანდრა რულოვსს თავისი ბინა ახალშენის ქუჩაზე 130 000 ლარად გაუყიდია და ბარნოვზე 98 000 ლარად მეორე უყიდია.

იმ წელს მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მონაწილეობა უცხოეთში გამართულ სემინარებშიც მიუღია.

2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაცია ორჯერ შეავსო, უკვე საქართველოს პრეზიდენტის ამპლუაში (მისი მეუღლე კვლავ ნიდერლანდების პროექტების კოორდინატორად მუშაობდა და ყოველთვიურად 1 500 ევროს ოდენობის ანაზღაურებასაც იღებდა). მათ უკვე აღარ ჰყავთ ავტომანქანა, სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილს ფრანგულ ბანკში 12 500 ევრო ერიცხებოდა, „ბაზისბანკში“ – 3 000 აშშ დოლარი, სანდრა რულოვსი კი „თი ბი სი ბანკში“ 3 500 ევროს ინახავდა.

2005 წლის საპრეზიდენტო დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ფრანგულ ბანკში უკვე 21 000 ევროს ინახავს, „ბაზისბანკში“ – 9 000 ლარს, სანდრა რულოვსს კი „თი ბი სი ბანკში“ 2 000 აშშ დოლარი ერიცხება. საქართველოს პრეზიდენტს 2004 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ხელფასის სახით 68 000 ლარი აუღია (ამ თანხის ნახევარი რეფორმების ფონდმა დააფინანსა), მის სამივლინებო ხარჯებს კი 14 633 ლარი შეუდგენია.

2005 წელს პრეზიდენტს მეორე ვაჟი, ნიკოლოზი შეეძინა.

2006 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ბანკებში 20 000 ევროსა და 60 000 ლარს ინახავდა. მის სამივლინებო ხარჯებს 79 391 ლარი შეუდგენია, საპრეზიდენტო ხელფასს კი, ყოველთვიურად, 4 000 ლარი.

2007 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონების მფლობელი მხოლოდ სანდრა რულოვსია, ოღონდ ბინის ფასად უკვე 220 000 ლარია მითითებული. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: იმ ხანად მიხეილ სააკაშვილს ფრანგულ ბანკში 26 000 ევრო ერიცხებოდა, „ბაზისბანკში“ – 67 000 ლარი, „საქართველოს ბანკში“ – 14 000 ლარი, სანდრა რულოვსს კი „თი ბი სი ბანკში“ 2 000 აშშ დოლარი ჰქონდა. 2007 წელს სანდრა რულოვსს ბინაც გაურემონტებია, რაც მას 22 000 ლარი დასჯდომია. იმ წელს პრეზიდენტის საპრეზიდენტო შემოსავალმა 48 000 ლარი შეადგინა, თუმცა, ამაზე მეტი თანხა მიიღო სანდრა რულოვსმა თავისი წიგნის გაყიდვიდან – 30 000 ევრო.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა. აქ შედარებით დეტალურადაა მოცემული პრეზიდენტობის კანდიდატის საბანკო ანგარიშები: მიხეილ სააკაშვილს, დეკლარაციის შევსების დროს, ფრანგულ ბანკში 26 000 ევრო ერიცხებოდა, „საქართველოს ბანკში“ – 40 000 ლარი, სანდრა რულოვსი ორ უცხოურ ბანკში 60 000 და 3 000 ევროს ინახავდა, ქართულ ბანკებში კი – 19 643 აშშ დოლარსა და 15 000 ლარს. სამწუხაროდ, დეკლარაციის ამ ფორმაში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის წლიურ სახელფასო შემოსავალზე.

თავისი ბოლო დეკლარაცია მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის მაისში შეავსო. დეკლარაციის შევსების დროს, ბანკში მას 24 000 ევრო ერიცხებოდა, მის მეუღლეს – 20 000 აშშ დოლარი და 60 000 ევრო. ხოლო საპრეზიდენტო წლიურ შემოსავლად კი 54 075 ლარია მითითებული. აქედან გამომდინარე კი, სრულიად გაუგებარია, რატომ აქვთ პრეზიდენტზე დაბალი რანგის ქართველ ჩინოვნიკებს პრეზიდენტზე გაცილებით მეტი ხელფასი.