სამხედრო ფიცის მიღება

სამხედრო ფიცის მიღება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 796 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ახალწვეულებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დადეს.  სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი.

თავდაცვის მინისტრმა წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.

„796 ახალგაზრდა ვაჟკაცი შემოუერთდა დღეს ჩვენს საერთო ოჯახს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ძალიან კმაყოფილები ვართ მომზადების დონით. ეხლა ეს ბიჭები საკუთარ ცოდნას კიდევ უფრო გაამდიდრებენ უკვე პრაქტიკული გამოცდილებით. დღეიდან მათი საქმე არის საქართველოს დაცვა, სამშობლოს დაცვა და მე დარწმუნებული ვარ რომ ესენი ღირსეულად შეძლებენ ამ ამოცანის შესრულებას. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ჩანაფიქრი, რომ მათი პროფესიული დონე, პრაქტიკულიც და თეორიულიც, კიდევ უფრო გავზარდოთ უცხოელი, გამოცდილი ექსპერტების მონაწილეობით. მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ყველა ამოცანის გადაჭრა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. რათქმაუნდა აქ საუბარია სწორედ მშვიდობიანი ამოცანების გადაწყვეტას იმიტომ, რომ მშვიდობას სჭირდება დაცვა და მხოლოდ ესეთი ვაჟკაცები დაიცავენ ჩვენს საქართველოს და ჩვენს მშვიდობას“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ფიცის მიღების ცერემონიალი სამხედრო ორკესტრმა გააფორმა. დღესვე, მოეწყო სარიტუალო ასეულის საჩვენებელი გამოსვლაც.

წვევამდელებმა ჯარისკაცის პირველადი მომზადების ერთთვიანი კურსი გაიარეს. დღეიდან ისინი სპეციალური მომზადების პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო და I  ქვეით ბრიგადაში გააგრძელებენ.

ფიცის მიღების ცერემონიალზე წვევამდელთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გამოცხადდა. ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა დაეთვალიერებინათ.