ემზარ გოგუაძე: სადაც მე ვარ, ლევან გახელაძე თათბირებს ვერ გამართავს

ემზარ გოგუაძე: სადაც მე ვარ, ლევან გახელაძე თათბირებს ვერ გამართავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მედიასაშუალებები ტელევიზიაში მიმდინარე შიდა და ფარულ პროცესებით ინტერესდებიან. ვრცელდება ინფორმაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების დახურული შეხვედრების შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, for.ge ერთ-ერთ მთავარ პერსონას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ემზარ გოგუაძეს ესაუბრა.

ბატონო ემზარ, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინნაციონალური მოძრაობისოფისში იყავით და პარტიის ლიდერებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ესაუბრეთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ნაციონალების ოფისი სად არის, ისიც არ ვიცი. რა კავშირი მაქვს მე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან? ამ პარტიაში ბავშვობის მეგობარი მყავს ერთი-ორი, რამე სხვა შეხება არ მაქვს. წარმოუდგენელი ამბავია. საერთოდ, პარტიის ოფისებში მე არ დავდივარ. ახლო მეგობრების სანახავადაც კი არ შევდივარ პარტიების შენობებში. უფროსები მყავს იქ, თუ რატომ უნდა ვიარო? პარტია რომ მინდოდეს, გახსოვთ, ალბათ, 25 წლის ასაკში „მრგვალი მაგიდის“ ლიდერი ვიყავი - ახლაც მოვაწყობდი ოფისს და ჩემს პარტიაში ვიჯდებოდი, რაღა სხვის პარტიულ ოფისში ვიარო ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარემ?

არც სხვა ადგილას შეხვედრიხართ გუშინნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს?

- შეხვედრა კი არ მქონდა, საღამოს საქეიფოდ ვიყავით. ქეიფიც არ ერქვა, მცირე ლუდი დავლიეთ არმაზში - ბორდის წევრები იყვნენ და ჩემი ბავშვობის მეგობარიც იყო. გვერდით სუფრაზე იყო თურმე შოთა უტიაშვილი. მის მეუღლეს ვიცნობ, ეკა კვესიტაძე ჩვენთან მუშაობს, მაგრამ უტიაშვილს სახეზეც არ ვიცნობ.

ძირითადად, ვიყავით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხი და ვერც ავუვლიდით გვერდს ტელევიზიაზე საუბარს. ეს არ იყო რამე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით საუბარი. განვიხილეთ ცალკეული ვარიანტები, ვისაუბრეთ მონიტორინგის სამსახურზეც. მაგრამ ეს სამსახური, ჯერჯერობით, იმ ფორმით ვერ შედგება, როგორც მე ვფიქრობდი. მქონდა სურვილი, მეგობარი მომეწვია მონიტორინგის სამსახურში, მაგრამ მეც აღმოვაჩინე და მანაც მითხრა, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ თანამდებობას.

საგენტოპირველიავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც ბორდში დღეს რამე თანამდებობა არ გააჩნია, ბორდის წევრებთან 17:00 საათისთვის ჩანიშნული სხდომის წინ, დახურულ თათბირს მართავს. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- ლევან გახელაძე ვერავითარ თათბირს ვერ გამართავს. ის არის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინო დანელიას წარმომადგენელი - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. ნინო რომ მიიღებს რამე გადაწყვეტილებას და ამას იტყვის თავად, ლევანი ამის შემდეგ აწერს ხელს დოკუმენტს, ეს არის სულ მისი ფუნქცია. რამე გადაწყვეტილების მიღება ლევან გახელაძეს არ შეუძლია. მინდობილობა ახლა კი არ გაფორმებულა, სამი წლის წინ შეიქმნა ეს დოკუმენტი. რა ვუთხრა ახლა მე იმ კაცს, ხომ ვერ ვეტყვი, რომ არ მოხვიდე სამეურვეო საბჭოს სხდომებზე, რადგან შენ მიმართ საზოგადოებას აგრესია აქვს და არ მოაწერო ნინოს მაგივრად ხელი-თქო?

თუმცა, ბატონო ემზარ, ამ პროცედურებში ლევან გახელაძის მონაწილეობა, ალბათ, მაინც ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან გახელაძე ცოტა ხნის წინ თავად იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამეურვეო საბჭოს...

- გეთანხმებით. უხერხულობა ნამდვილად იქმნება და ეს საკითხი მოსაგვარებელია, მაგრამ საჭიროა გარკვეული ვადები. არ მინდა ურთიერთობების დაძაბვა. თანაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების ფონზე ეს მეორეხარისხოვან საკითხად მიმაჩნია. ნურავინ წამოიდგენს, რომ სადაც მე ვარ, იქ ლევან გახელაძეს შეეძლება თათბირები მართოს და გადაწყვეტილებები მიიღოს. მან დაასრულა თავის საქმე და ახლა მე ვარ თავმჯდომარე. ლევანის კარნახი არაფერში მჭირდება. თუ რამეს მოძიებაში დამეხმარება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი საკითხი გადამწყვეტი იქნება.

უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. ლევან გახელაძე ნინო დანელიას წარმომადგენლის სტატუსით კვლავ მიიღებს დირექტორის არჩევის პროცედურებში მონაწილეობას?

- თუ არ გამოცვლის ნინო რწმუნებულს, დირექტორის არჩევის დროს ისევ ლევან გახელაძე იქნება. თუმცა, ვიმეორებ, ლევანი არაფერს წყვეტს, თუ ნინო „სკაიპით“ არ არის ჩართული და ხაზზე არ არის, გახელაძე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მის ნაცვლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრების ხელფასზე მინდა გკითხოთ. მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს თუნდაც ამგვარი ინფორმაცია. რამდენია სამეურვეო საბჭოს წევრების ანაზღაურება?

- მე რომ მივედი სამეურვეო საბჭოში, ხელფასი იყო 800 ლარი, მერე გაიზარდა და 1200-მდე გახდა. შემდეგ სამეურვეო საბჭოში 15-ის ნაცვლად 9 წევრი დარჩა და გამოთავისუფლებული თანხები მოქმედ წევრებზე გადანაწილდა. დაახლოებით 2000-ლარამდეა.