საქართველოს დედაქალაქში პირველი საბუკმეიკერო დაწესებულება შორეულ 1993 წელს გაიხსნა. მისი სახელწოდება „გედაგო“ გახლდათ. შემდეგი მერცხალი ყველასათვის კარგად ნაცნობი „კროკო“ აღმოჩნდა, რომელიც ეროვნული სტადიონის მეშვიდე სალაროში ფუნქციონირებდა. ცხოვრება ჭირდა და ახალგახსნილ ტოტალიზატორებს მუშტარი არასოდეს აკლდა.
მას შემდეგ ლამის ოცი წელი გავიდა და ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ტოტალიზატორი შემოსავლის მიღების ლამის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა და რჩება. არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც უმუშევრად დარჩენილი ოჯახის უფროსები უკანასკნელ ძვირფასეულობას ყიდდნენ და აღებული თანხით საბუკმეიკერო კანტორებისკენ მიეშურებოდნენ.
იყო დრო, როდესაც თბილისში საბუკმეიკერო დაწესებულებები სოკოებივით მომრავლდა. მძაფრ კონკურენციას მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გაუძლო, სამაგიეროდ სოლიდური ორგანიზაციების იარლიყი დაისაკუთრეს და კლიენტების თვალში ამჟამად საიმედო ავტორიტეტით სარგებლობენ. სარგებლობენ კი?
თბილისში არსებულ საბუკმეიკერო ბაზარს რამდენიმე მსხვილი ტოტალიზატორი აკონტროლებს. ტოტალიზატორი „მაქსიმუმი“ ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაწყებული ბიზნესი დღევანდელ დღემდე შეინარჩუნა და მის საქმიანობას ჩრდილი ჯერ არ მისდგომია. „ჯერ არ მისდგომია“ ვახსენე და ქვემოთ მოყვანილი ისტორიის გაცნობის შემდეგ მეეჭვება ამ დაწესებულებას სოლიდური თანხით მოთამაშე ადამიანები კიდევ დაუკავშირდნენ.
ეს ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. თელაველმა ზურა ტროყაშვილმა და მისმა მეგობრებმა „მაქსიმუმში“ დიდი თანხით თამაში გადაწყვიტეს. ბიჭებმა სამეგობროში ფული შეაგროვეს, „მაქსიმუმის“ უფროსობასთან მივიდნენ და თამაშის ნებართვა აიღეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სოლიდური ფსონების ჩამოსვლა მხოლოდ ტოტალიზატორის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ შეიძლება. რასაკვირველია, ნებართვა მიიღეს და ფული ტოტალიზატორის სალაროში თავიანთ სახელზე შეიტანეს. ამის შემდეგ თამაში ამ დაწესებულების ვებ-გვერდის საშუალებით დაიწყეს.
ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას ზურა ტროყაშვილს გადავცემთ.
- დაახლოებით ერთი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა „მაქსიმუმში“ თამაში გადავწყვიტეთ. ძმაკაცებმა სოლიდური თანხა მოვაგროვეთ, ტოტალიზატორის სალაროში შევიტანეთ და „მაქსიმუმის“ ვებ-გვერდის მეშვეობით ფსონების გაკეთება დავიწყეთ. რასაკვირველია ეს ნაბიჯი ამ დაწესებულების ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული გვქონდა. უფრო მეტიც - 2-3-4 ათასიან ფსონებს ხშირად ჩავდიოდით და საბუკმეიკერო დაწესებულების უფროსობას ამის შესახებ მუდმივად საქმის კურსში ვაყენებდით.
ტოტალიზატორის პრინციპი მოგეხსენებათ - ხან ვიგებდით, ხან კი თანხას ვკარგავდით. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში აღმოვაჩინეთ რომ თუ რამდენიმე ათას ლარს ვიგებდით, ფულის აღება გვიჭირდა და ეს პროცესი დაახლოებით შვიდი-ათი დღე გრძელდებოდა. „მაქსიმუმის“ თანამშრომლები გვეუბნებოდნენ, რომ მოგებული თანხის გასაცემი ყოველდღიური მკაცრი ლიმიტი გააჩნდათ და დაგვიანება ამ მიზეზით გახლდათ გამოწვეული.
მიმდინარე წლის აპრილში ჩვენს ბალანსზე უკვე 76 ათასი ლარი ირიცხებოდა. ერთ დღეს ამ თანხის გამოტანა გადავწყვიტეთ და მონასტერი ამის შემდეგ აირია. თავდაპირველად ყოველ მეორე დღეს გვიბარებდნენ, ცოტა ხნის შემდეგ მიზეზად საგადასახადო ორგანოების მიმართ ტოტალიზატორის დავალიანება დაასახელეს, შემდეგ ჯერზე - „ზაფხულია მუშაობა არ მიდის“ და ცოტა ხნის განმავლობაში დაგვიცადეთო. ადამიანები ვართ და, მათ მდგომარეობაში რამდენჯერმე შევედით. დაახლოებით ორი თვის წინ ტოტალიზატორის ადმინისტრაციამ ჩვენს ბალანსზე არსებული თანხით თამაშის გაგრძელება შემოგვთავაზა. წინადადება მივიღეთ და რვა ათასი ლარი პატიოსნად წავაგეთ. ამჟამად ჩვენს ანგარიშზე 68 ათასი ლარი ირიცხება და ამ თანხის გამოტანა გვსურს, რომელსაც კატეგორიულად არ გვაძლევენ. მართალია გადამჭრელ უარს არ გვეუბნებიან, მაგრამ მუდმივად ათასი ახალი ხელისშემშლელი მიზეზი მოყავთ და ფულის გაცემას აყოვნებენ.
ტოტალიზატორის მფლობელებთან შეხვედრა თუ გიცდიათ?
- არაერთხელ. ისინი გაუჩინარებულები არიან და ხალხთან ურთიერთობას ძირითადად დირექტორის მოადგილეები ამყარებენ. ისინი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას გაურბიან და ყველაფერს წინამორბედებს აბრალებენ. სათვალავიც კი ამერია ბოლო ხანში „მაქსიმუმში“ რამდენი დირექტორი თუ მისი მოადგილე გამოიცვალა. ტოტალიზატორის კომპიუტერში ჩვენი თანხა ოფიციალურად გახლდათ დაფიქსირებული და მის არსებობას ვერავინ უარყოფდა, სამაგიეროდ ფულს უკან არ ან ვერ გვიბრუნებდნენ. ჩვენ მორიგი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ გვაინტერესებს. ურთიერთობა იურიდიულ პირ „მაქსიმუმთან“ დავიწყეთ. ამ ორგანიზაციამ თავის დროზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და კეთილი ინებოს შეთანხმება არ დაარღვიოს. წაგებულს ხომ კარგად ითვისებდნენ?! ერთი შეკითხვაც გაგვაჩნია - თუ 76 ათასი ლარი ჩვენს ბალანსზე არ ირიცხებოდა, ორი თვის წინ თამაშის განახლების უფლება როგორ მოგვცეს?
ვიცი რომ გადამჭრელი ზომების მიღებას აპირებთ...
- მართალი ბრძანდებით. თავის დროზე ტოტალიზატორის ვებ-გვერდიდან თავდაპირველად შეტანილი თანხის სრული მოძრაობის ასლი გავაკეთეთ. გადმოვიწერეთ ის გვერდიც, სადაც დარჩენილი 68 ათასი ლარი ოფიციალურად გახლავთ დაფიქსირებული.
დღეს „მაქსიმუმს“ იურისტთან ერთად ვეწვიეთ (ინტერვიუ 13 სექტემბერსაა ჩაწერილი). თავდაპირველად სალაროში მივედით და კუთვნილი თანხა კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ. ოპერატორმა ტოტალიზატორის კომპიუტერში ჩვენი გვერდი გახსნა და 68 ათასი ლარი დააფიქსირა. შემდეგ დირექტორის მოადგილესთან, ვინმე გიასთან წავიდა და ჩვენს შესახებ მოახსენა. რასაკვირველია, ბატონმა გიამ ახალი აბსურდული მიზეზის „გამოგონებით“ თანხის გაცემაზე კვლავ სასტიკი უარი განაცხადა. შემდეგ ოფიციალური განცხადება შევადგინეთ და ამ პიროვნებას შევუტანეთ. მან საბუთის ჩაბარებაზე სასტიკი უარი განაცხადა. ამის შემდეგ პატრული გამოვიძახეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ. „ხელმძღვანელმა“ გიამ განცხადება მაინც არ მიიღო და წესრიგის დამცველებმა ამის შესახებ ოფიციალური ოქმი შეადგინეს. ამ პერიპეტიების მიმდინარეობისას ერთი „საინტერესო“ ფაქტი დავაფიქსირეთ. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს დავურეკე და „მაქსიმუმის“ ვებ-გვერდზე შესვლა ვთხოვე. აღმოჩნდა რომ ტოტალიზატორის ადმინისტრაციას ჩვენი გვერდის ბლოკირება უკვე მოესწრო.
სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?
- ავიყვანეთ იურისტი და ტოტალიზატორ „მაქსიმუმს“ სასამართლოში ვუჩივლებთ.
ზურასთან საუბრის შემდეგ ბატონ ვაჟა ერაძეს მივმართეთ. ბატონი ვაჟა ადვოკატი ბრძანდება და თაღლით ტოტალიზატორთან დაპირისპირებულ თელაველ ბიჭებს იურიდიულ დახმარებას უწევს.
- „მაქსიმუმის“ წინააღმდეგ თავდაპირველად სამოქალაქო სარჩელის შეტანა გვსურდა, მაგრამ საქმემ ისეთი შეფერილობა მიიღო, რომ თაღლითობის ბრალდებით პირდაპირ პროკურატურას მივმართავთ. „მაქსიმუმის“ ქმედება სისხლის სამართლის კვალიფიკაციის გახლავთ და გამომძიებელს ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მასალას გადავცემთ. ამ საქმეს სპეციალური გამოძიება მიხედავს და იმედი მაქვს ჩემი კლიენტების სისწორეს დაამტკიცებს. 68 ათასი ლარი პატარა თანხა არ გახლავთ და „მაქსიმუმმა“ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს.
უახლოეს დღეებში საქმეს განსახილველად პროკურატურაში შევიტანთ და იმედია სამართალი იზეიმებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ტოტალიზატორებისათვის სამომავლოდ ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება.