საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგი გამართეს. შეხვედრისას საზოგადოებას კიდევ ერთხელ განემარტა თუ რა ვითარებაა რეალურად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ბინით უზრუნველყოფის საკითხში.
ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშის და სხვა მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით, თამარ ქაროსანიძემ განმარტება გააკეთა: „სამინისტროში არ არსებობს არცერთი საბუთი გამოცემული წინა მინისტრის ან მინისტრების დროს, რომლითაც დასტურდება, რომ ტუღუშს უნდა მიეღო ბინა, რომ ამ საკითხზე დაწყებული იყო მუშაობა თავდაცვის სამინისტროში. გარდა ამისა, ის არ არის არცერთ მომლოდინეთა სიაში. ტუღუშის ბინაზე მუშაობა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როდესაც ის ჩამოვიდა შვებულებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენ მას ვთხოვეთ დაეწერა პატაკი ბინასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური მხარე მთლიანად მოწესრიგებულიყო. ტუღუშმა პატაკი 9 სექტემბერს დაწერა და 10 სექტემბერს უკვე გაიმართა სხდომა, რომელზეც მისი ბინის საკითხი გადაწყდა - გადაწყდა, რომ ის უნდა იყოს ბინით დაკმაყოფილებული და ამაზე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო“.
მინისტრის მოადგილემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. „არ იყო დადგენილი ობიექტური კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გადანაწილდებოდა ბინები. ასეთი კრიტერიუმები დღეს უკვე დადგენილია. პირველ რიგში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. მეორე, ჩვენთან პრიორიტეტი ენიჭება მძიმედ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს. შემდეგ ბინები გადანაწილდება ნამსახურეობის მიხედვით. ყველა მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე იქნება ბინებით დაკმაყოფილებული.
ვიცე-პოლკოვნიკი აქ შვებულებით არის ჩამოსული. ის ესწრება ხოლმე შეკრებებს, სადაც ზოგადად საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აწუხებთ, რა მოთხოვნები აქვთ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ამ პრობლემებზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. ფაქტიურად ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ხდება თითოეული იმ საკითხის და პრობლემის მოგვარება, რომელსაც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სვამენ - იქნებიან ესენი აშშ-ში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები თუ საქართველოში იმყოფებიან.