დღეს, ქართული სამხედრო-საჰაერო ძალები 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, მისმა მოადგილეებმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცეს.
„ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩვენს მფრინავებს, მათ ოსტატობა რამდენიმე დღის წინ აჩვენეს. თანდათან გადავდივართ დასავლურ ტექნიკაზე, დასავლურ აღჭურვილობაზე და შესაბამისად ტაქტიკაზე. ვაკეთებთ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და გვაქვს არჩეული მიმართულება. ავიაცია არის და იქნება ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელი ნაწილი ჩვენი შეიარაღებული ძალების“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მფრინავი, უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა, ჯილდო პოლკოვნიკმა ძნელაძემ იარაჯულის დას გადასცა. ჯილდოები გადაეცა ასევე, სამხედრო საჰაერო ძალების პირად შემადგენლობას.
ავიაციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მფრინავთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო-საჰაერო ტექნიკა გამოიფინა. ქართული ავიაციის საიუბილეო ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა. ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
დღესვე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი მარნეულის საავიაციო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მან სამხედრო მფრინავებს ავიაციის დღე პირადად მიულოცა და მფრინავთა პირადი შემადგენლობისგან ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე სამხედრო-საჰაერო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.
1992 წლის 19 სექტემბრს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი გაფრენა შედგა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალ-მაიორმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. სწორედ, ამ დღიდან აღინიშნება ქართული ავიაციის დღე.