ქართული სუკ-ი უნდა გაუქმდეს

ქართული სუკ-ი უნდა გაუქმდეს

11 დეკემბერს, თბილისში ილიასა და აკაკის ძეგლთან საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ, საქართველოს კონსტიტუციურ-მონარქისტულმა პარტიამ და საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული ახალგაზრდობის ასოციაციამ გამართეს მიტინგი, მიძღვნილი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ორმოცდამეათე წლისთავისადმი.

მიტინგი გახსნა და სიტყვა წარმოსთქვა დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა ვაჟა მთავრიშვილმა. ილაპარაკა რა ადამიანის უფლების დაუცველობაზე სსრკ-ში, აღნიშნა რომ მოსკოვში დეკლარაციის მიღების დღისადმი მიძღვნილი აქციის დროს, სადაც პროტესტი გამოხატეს ჟურნალისტ სერგეი კუზნეცოვის დაპატიმრებისა და მის ჯოჯოხეთურ წამებასთან დაკავშირებით, სუკ-ისა და მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს აქციის ოცი მონაწილე.

დემოკრატიული პარტიის წევრმა ვახტანგ ტალახაძემ მომიტინგეთ მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ იმათი ხსოვნისადმი, ვისაც წამებით სული ამოხადეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საპყრობილეებსა და ჯურღმულებში.

„ადამიანის უფლებებისადმი დაცინვას წარმოადგენდა სსრკ-ს მიერ დეკლარაციაზე ხელის მოწერა. სუკ-ი მოწოდებულია მხოლოდ დაარღვიოს ეს დეკლარაცია და არა - დაიცვას იგი. ამიტომ, ასეთი კომიტეტი ქართველ ხალხს არ სჭირდება, იგი ახორციელებს იმპერიის ზრახვებს და მის დაზვერვას წარმოადგენს ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში. ეს უზარმაზარი არმია მთლიანად მშრომელთა კისერზეა. უფლის მიერ თავისუფლებაბოძებულები მათი „წყალობით“ მონობაში ვიმყოფებით. პირველ რიგში საჭიროა გავაუქმოთ სუკ-ის პირველადი განყოფილებები უმაღლეს სასწავლებლებში და ამით დავაჩქაროთ მისი მთლიანი ლიკვიდაცია.“ - განაცხადა ვახტანგ ტალახაძემ.

სიტყვა წარმოსთქვა ედპ-ს თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ:

„მიტინგის მოწყობა შარშან, ათ დეკემბერსაც გვქონდა განზრახული, მაგრამ სუკ-ის აქტიურმა მოქმედებამ ხელი შეგვიშალა (ამ დღეს ბათუმში ჩავედით და „შესანიშნავი მასპინძლობა“ გაგვიწიეს იქაურმა სუკ-ისა და მილიციის ორგანოს წარმომადგენლებმა). აქციის მომწყობნი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეისათვის ვაპირებდით კომიტეტის შენობის ხანგრძლივ პიკირებას. თათბირზე გადავწყვიტეთ, ჯერ გამაფრთხილებელი პიკეტი მოვაწყოთ, ხოლო, თუ მათი ხელშეწყობით საქართველოში კვლავ განმეორდება ეთნიკური კონფლიქტი, მაშინ, პროტესტის ნიშნად, შენობა ხანგრძლივ ალყაში მოვაქციოთ. სარწმუნო წყაროებიდან ვიცით, რომ გაზაფხულზე, მესხეთში სომხებსა და ქართველებს შორის კრემლს დაგეგმილი აქვს ეთნოკონფლიქტი. მოსკოვის ასეთი გამუდმებული ჩარევა საქართველოს ე.წ. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველო კი არა, თბილისიც არ არის ჩვენი. ამაში ნათლად დაგვარწმუნა 9 აპრილმა...

მერწმუნეთ, დამოუკიდებელ საქართველოში არ შეიძლება იყოს და არც იქნება კონფლიქტები ეთნიკურ ნიადაგზე. იგი მხოლოდ არსებული სისტემის, პოლიტიკური და სოციალური წყობის შედეგია. იმიტომ არის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა მიმართული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. მხოლოდ ამ გზით გადაწყდება საქართველოში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. არსებულ ხელისუფლებას სურს ხალხი დაარწმუნოს, რომ „პერესტროიკა“ მათ ზემოდან ებოძათ. სინამდვილეში, რომ არ ყოფილიყვნენ ბუკოვსკი, კოსტავა და განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ასეთი, ჭეშმარიტი რაინდები, „გარდაქმნა ზემოდან“ არ იქნებოდა.

დღეს საქართველოში ეროვნული მოძრაობა მოდური, პოპულარული გახდა. ეროვნული მოძრაობა უნდა გახდეს პოლიტიკური მოძრაობა და იგი გატაცებას კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ, უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ძირითადი საქმე. „პერესტროიკით“ გაბრუებული ბრბოს დიდ ნაწილს ვერ შეუგნია, რომ ადრე თუ გვიან „გარდაქმნა ზემოდან“ დამთავრდება და მერე ყველაფერი ძველებურად წავა. ასეთ დროს სუკ-ის ბრჭყალები უფრო მკვეთრად გამოჩნდება. ამიტომ ეს კომიტეტი იყო, არის და სამწუხაროდ, კიდევ დარჩება ეროვნული მოძრაობის საწინააღმდეგოდ მომართულ ლახვრად. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ აღიგავოს იგი მიწისაგან პირისა. ობიექტური სინამდვილე იქითკენ მიდის, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

მიტინგზე ვაჟა მთავრიშვილს მიულოცეს, რომ იგი აღარ არის სსრკ-ის მოქალაქე. საქართველოში მას პირველს მისცეს სსრკ-ის მოქალაქის არმქონე პირის მწვანე ფერის პასპორტი.

სიტყვით გამოვიდა ქრისტიანულ-დემოკრატიული ახალგაზრდობის ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი კაკაბაძე.

იგი შეეხო საქართველოში პოლიტიკური ზნეობის, კულტურის ამაღლების საჭიროებას. აღნიშნა: საქართველოს განთავისუფლება ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვაზეა დამოკიდებული, ამ უფლებების დაცვისათვის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

შემდეგ აქციის მონაწილეებმა სუკ-ის შენობასთან გადაინაცვლეს, გადაკეტეს მისი შესასვლელი და საპროტესტო მიტინგი გამართეს. აქ სიტყვით გამოვიდნენ გიორგი ჭანტურია, ვახტანგ ტალახაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი ზუმბაძე, გიორგი ცხვედაძე, გოგა კალანდაძე, სანდრო ბეგაძე, ბადრი გუგუშვილი და პოლიო გოგელია - საქართველოს ედპ-ს წევრი 1923 წლიდან, რომელსაც სწორედ აქ, ამ შენობაში, სუკ-ის ჯურღმულების მე-60 საკანში მოუწია ჯდომამ.

მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აღარ გამოსულიყო ეროვნული კონფლიქტების გამჩაღებლად.

აქედან დემონსტრანტები გაემართნენ ლენინის ძეგლისაკენ. „მალე დადგება ის დრო, როდესაც ლენინის ძეგლს ქართველი ერი ჩამოაგდებს და მის ნაცვლად, თავისუფლების ქანდაკებას აღმართავს.“