მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კრიზისი და ორმაგი სტანდარტები

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კრიზისი და ორმაგი სტანდარტები

ზაფხულში, მსხვილი ბეჭდური გამოცემებისთვის ჭეშმარიტების ჟამი დადგა. 5 აგვისტოს მოხდა ის, რაც ამერიკელების უმრავლესობას უბრალოდ წარმოუდგენლად მიაჩნდა: გრემების ოჯახმა, რომელიც 80 წელზე მეტხანს იყო The Washington Post-ის მფლობელი, გაზეთის მიყიდვა Amazon-ის შეფის, მილიარდერ ჯეფ ბეზოსისთვის გადაწყვიტა.

ამ მოვლენამ სიმბოლური წერტილი დაუსვა იმ პროცესს, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ჯერ ერთი, გრემები ყოველთვის დემოკრატები იყვნენ, მაშინ როდესაც ბეზოსი ულტრალიბერალია. მეორეც, და რაც ყველაზე მთავარია, ხელმძღვანელობის შეცვლა გაზეთების და ჟურნალების ეკონომიკური და პროფესიული მოდელის კრახზე მიუთითებს.

Amazon-ის შეფი, რომელიც უხეში სოციალური პოლიტიკის დახმარებით მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძრვანელია და Google-თან, Apple-თან, Facebook-თან და სხვა კომპანიებთან „შეთქმულებით“ დაღუპა ტრადიციული პრესა, დღეს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პატივსაცემი ამერიკული გამოცემის მმართვის სადავეებს იგდებს ხელში. როგორც ეს ერთ-ერთმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა თქვა, აისბერგმა „ტიტანიკი“ იყიდა.

„ფუფუნების საგანი“

არც თუ დიდი ხნის წინ, თავად ჯეფ ბეზოსი ამბობდა: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: 20 წლის შემდეგ გაზეთები აღარ იარსებებს. შეიძლება ის დარჩეს, როგორც ფუფუნების საგანი ზოგიერთ მსხვილ სასტუმროში, სადაც კლიენტებს შესთავაზებენ მას განსაკუთრბული მომსახურების სახით“. მან აზრი შეიცვალა თუ უბრალოდ სხვა რამ აქვს მიზნად?

The Washington Post-ის ყიდვით, ჯეფ ბეზოსმა შეიძინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაზეთი ჟურნალისტური გამოძიებების და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით. 1971 წელს, გაზეთმა, The New York Times-თან ერთად გამოაქვეყნა ცნობილი „პენტაგონის დოკუმენტები“, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვიეტნამის ომის დასრულებაში. გარდა ამისა, სწორედ მან გამოსცა მასალა უოთერგეიტის სკანდალზე, რომელსაც 1974 წელს პრეზიდენტის პოსტიდან რიჩარდ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა. მართალია, გამოცემამ შეიძლება დაკარგა კიდეც წარსული ბზინვარება (ოცი წლის განმავლობაში, მან დაკარგა მკითხველების ნახევარი, ხოლო მისი საშტატო შემადგენლობა 1000-დან 640 ჟურნალისტამდე შემცირდა), თუმცა ის მაინც თამაშობს ერთ-ერთ საკვანძო როლს საერთაშორისო პრესაში და ახლახანს თავი გამოიჩინა ედუარდ სნოუდენის მასალების ნაწილის გამოქვეყნებით.

მილიარდერების მიერ გაზეთების ყიდვა, როგორც ჩანს პრესისთვის გადარჩენის ახალ გზად იქცა. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოცემებისათვის, რომლებიც არ დაიხურნენ. მაგალითად, რამდენიმე დღით ადრე, The Boston Globe მილიარდერმა და ადგილობრივი საკალათბურთო კლუბის მეპატრონე ჯონ ჰენრიმ, ხოლო Newsweek – IBT Media-მ იყიდა.

გარდა ამისა, ამერიკელი ნეოკონსერვატორების სპონსორებმა, ძმები კოჰებმა დიდი ხანია რაც თვალი დაადგეს The Los Angeles Times-ს და The Chicago Tribune-ს, უორენ ბაფეტმა რამდენიმე რეგიონალური გაზეთი იყიდა, ხოლო Google-ს და ნიუ-იორკის მოქმედ მერ მაიკლ ბლუმბერგს თვალი უჭირავთ The New York Times-ზე, თუმცა ჯერ-ჯერობით გაზეთი გასაყიდად არ გამოუტანიათ.

რა თქმა უნდა, არცერთ ამ ბიზნესმენს არ აქვს იმის ილუზია, რომ გაზეთების ყიდვით საკუთარ შემოსავლებს გაზრდის. გარდა ამისა, ჯეფ ბეზოსმა The Washington Post ნაღდი ფულით იყიდა (250 მილიონი დოლარი, მისი ფულადი სახსრების დაახლოებით 1%), რომ ეს არ აისახოს Amazon-ის აქციების საბირჟო კურსზე.

მონოპოლია

კოლეგების მსგავსად, ისიც პირველ რიგში გავლენის ინსტრუმენტს ყიდულობს. ასეთი სტრატეგიული პოზიცია ამერიკის დედაქალაქში შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, როდესაც Amazon-ს სასამართლო გამოძიება ემუქრება მისი მონოპოლიური პოზიციის, პირადი ცხოვრების შებღალვის და გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების გამო. იმ შემთხვევაშიც, თუკი ჯეფ ბეზოსი არც შეუკვეთავს მასალებს „მის“ ჟურნალისტებს, ვაშინგტონელ პოლიტიკოსებს ეცოდინებათ ის, თუ ვისთან აქვთ საქმე! Amazon-ს ვაშინგტონში ბევრი მეგობარი გაუჩნდება.

გარდა ამისა, ჩნდება კითხვა იმის თაობაზეც, დაწერდა თუ არა ჯეფ ბეზოსის The Washington Post-ი Prism-ის საქმის შესახებ, რადგან გაზეთის მესაკუთრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსათვის (CIA) საკუთარი ე.წ. „ღრუბელის“ სერვერების ნაწილის მიყიდვას გეგმავს; და შეძლებს თუ არა გაზეთი ოდესმე, როგორც ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ პირველად, 16 ამერიკული სპეცსამსახურის, მათ შორის CIA-ს, ბიუჯეტის მონაცემების გამოქვეყნებას… შესაბამისად, მსხვილი გამოცემების მომავალი შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს, თუკი ისინი ვერ მიაღწევენ ფინანსურ წონასწორობას და იძულებული გახდებიან მილიარდერების კონტროლის ქვეშ გადავიდნენ, რომლებსაც საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმები აქვთ.

ჯეფ ბეზოს აშკარად ახსოვს ის, თუ როგორ გამოაქვეყნა ქსელში სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა 2004 წელს ვიდეოჩანაწერი, სადაც წარმოდგენილი იყო პრესის განვითარების პროგნოზი 2014 წლამდე. ფილმი მთავრდებოდა იმით, რომ მთელ ინტერნეტ სივრცეს იპყრობს კორპორაცია Googlezon – Google-ის და Amazon შერწყმის შედეგი. გარდა ამისა, მათი ვერსიით The New York Times-ს მთლიანად უარი უნდა ეთქვა საქაღალდო ვერსიაზე და მხოლოდ ქსელში განახლებულიყო: ბეჭდურ მასალებს საერთაშორისო ელიტის მხოლოდ რამდენიმე მხრცოვანი წარმომადგენელი მიიღებდა. ასეა თუ ისე, დღეს ეს ფანტაზია შეიძლება რეალობად იქცეს.

ზოგიერთები იტყვიან, რომ ძველი პრესის მეპატრონეებიც, რომლებმაც მისი წყალობით დიდი ქონება დააგროვეს, მაგალითად რენდოლფ ჰერსტი და რუპერტ მერდოკი, თავისუფლებების გულმხურვალე დამცველები არ ყოფილან. გარდა ამისა, გაზეთების შეძენა მილიარდერის მიერ, რომელსაც საქმისათვის აუცილებელი ხარჯების გაღება შეუძლია, ყველა შემთხვევაში სჯობს მათ დახურვას. მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა.

ფასიანი ახალი ამბები

საქმე ის არის, რომ სხვა შესაძლო სცენარიც არსებობს. მაგალითად, The New York Times-მა გარკვეულ წარმატებას მიაღწია გადარჩენისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ეს ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო, რომელმაც უარი თქვა ისეთ ილუზიაზე, როგორიცაა უფასო ახალი ამბები. ახლა ის ფულს ითხოვს თავისი ძველებურად შესანიშნავი მასალებისათვის, თანაც ფასები მუდმივად იზრდება. ამის შედეგად, ბოლო დროს მან ფინანსებში წონასწორობას მიაღწია.

გარდა ამისა, გამოცემაში მიხვდნენ, რომ „გაზეთი“ მისთვის ძალიან ვიწრო ცნებად იქცა. ამიერიდან, The New York Times – ხარისხიანი ინფორმაციის წარმოების ცენტრია, რომელიც ყველა შესაძლო არხით (ქაღალდი, ინტერნეტი, პლანშეტები, სმარტფონები და ა.შ) ვრცელდება. The New York Times, ეყრდნობა რა დამსახურებულად მოპოვებულ პრესტიჟს, მიისწრაფვის მსოფლიო ბრენდად გადაქცევისკენ და ქსელურ რესურსებს ხსნის ბრაზილიის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკისათვის. მოკლედ, ხელმძღვანელობა გულხელდაკრეფილი არ ზის.

იმავდროულად, სწორედ ეს პრესტიჟი და რეპუტაცია უწყობს ხელს საქმიანობის ახალი სფეროების (სემინარები, კონსულტაციები და ა.შ) განვითარებას და შესაბამისად, შემოსავლების ახალი წყაროების გაჩენას. მაგრამ შეძლებს კი გამოცემა საკმარისი ფულადი რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ რეკლამის და საქაღალდე ვერსიის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების შეუქცევადი ვარდნა აანაზღაუროს? ჯერ კიდევ რთულია ამის თქმა, თუმცა ყველა შემთხვევაში ცდა ბედის მონახევრეა.

მაგრამ, ყველაფერი მიუთითებს იმიაზე, რომ ხარისხიანი ინფორმაცია სულ უფრო გაძვირდება, და შესაბამისად, ორიენტირებული იქნება შეზღუდულ აუდიტორიაზე, ელიტაზე, რომელიც გადახდისათვის მზად იქნება, მაშინ როცა უფასო მასალები მოიცავს ინფორმაციის მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს ადამიანთა ფართო მასებისათვის. ასე გამოიყურება მეორე მხარე პრობლემისა, რომელსაც საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე გარდაქმნები აჩენს.

ინფორმაცია ძლიერთა სამსახურში თუ საინფორმაციო უთანასწორობა?

ჩვენ ცივილიზაციაში ყველაფერი დაიწყო ბანკირი ფუგერების წერილებით, რომელშიც მოთხრობილი იყო ახალი ამბები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებზე, რასაც ნელ-ნელა, მე19 საუკუნეში პრესის აყვავება მოჰყვა, რომელიც საბოლოო ჯამში გაიაფდა რეკლამიდან მიღებული შემოსავლების წყალობით. ამ ცნობებმა მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ მკაფიო მოსაზრებები ჩამოეყალიბებინათ, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში.

პოლიტიკოსებს, წარმოებების ხელმძღვანელებს, ბანკირებს, ინვესტორებს, პროფკავშირების წევრებს და ზოგადად ყველას, ვინც კი საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული, ყოველთვის სჭირდება ინფორმაცია. თანაც კარგი ხარისხის ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მსხვილი გამოცემების პრობლემები და კონფიდენციალურ მასალებთან დაბრუნება მათთვის, ვისაც აქვს საშუალება და სურვილი იმისა, რომ ამაში საკმაოდ დიდი თანხები გაიღოს, უკან გადადგმული ნაბიჯია.

სამყაროში, რომელსაც ჯეფ ბეზოსი გვიწინასწარმეტყველებს, ხარისხიან გაზეთებზე მხოლოდ მდიდარ და მხრცოვან ელიტას მიუწვდება ხელი. ასეთ სამყაროში, ადამიანების დიდ უმრავლესობას კი ასეთი არჩევანი რჩება: ან ფინანსისტების და პოლიტიკოსების მიერ გაკონტროლებული გამოცემების მიკერძოებული ინფორმაცია ან აშკარად დაბალი ხარისხის უფასო მასალები.

მოკლედ, ხარიხიანი პროდუქტი მდიდრებისათვის და უხარისხო – ღარიბებისათვის. პირადად მე რასაც არ უნდა ვფიქრობდე ამის შესახებ, ჯერ კიდევ ათი წლის წინ, როდესაც უმსხვილესი გამოცემების აქციები ყველა ბირჟაზე ფასობდა, ასეთი რამ არ იყო. ასეთი სიტუაცია ანადგურებს ნამდვილი საზოგადოებრივი აზრის და შესაძლოა, ნამდვილი დემოკრატიის საფუძვლებს.

ინფორმაცია ძლიერთა და მდიდართა სამსახურში თუ საინფორმაციო უთანასწორობა? ვფიქრობ, მესამე გზა უნდა ვეძებოთ.

foreignpress.ge