ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბარნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე დააკავა.
„2010-2013 წლებში ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ უკანონოდ ფლობით, ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით, შპს „რკინა ბეტონის შპალის ქარხნის“ მიერ 30 347 018 ლარად შეძენილი იქნა ლუდსახარში „ზედაზენი“- ს 70% წილი. შპს „ბარამბოსათვის“ შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს „ბერტასთვის“ - 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე, შპს „მიქსორმა“, როგორც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნი“-ს დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩოჩელმა საგამოძიებო სამსახური დღის ბოლოს დატოვა და, სავარაუდოდ, ორ დღეში სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზეც იმსჯელებს. როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზის გაკეთება რთულია იმდენად, რამდენადაც ჩოჩელი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამოძიების „აბსურდის თეატრს“ თავდაყირა დააყენებს. სხვათა შორის, აქამდე ჩოჩელს 5 ბრალი ჰქონდა წაყენებული, თუმცა გამოძიებამ, ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ დაამტკიცა.
ჩოჩელთან ახალი ხელისუფლების ძველი პროკურორებით ჭიდილი არჩევნებიდან უმოკლეს ვადაში დაიწყო. მას შემდეგ უამრავი ვერსია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, ვის და რას ეწირება ჩოჩელი. სახელდება რამდენიმე გვარი, მათ შორის რამდენიმეს თავად ჩოჩელიც ასახელებს და მათ ინტერვიუში ამოიკითხავთ. მაგრამ არის გვარები და ისტორიები, რომელზე საუბარს ჩოჩელიც გაურბის, თუმცა ჟურნალისტის პროფესია გაიძულებს არაფერი დაივიწყო და ბუნებრივად გახსენდება ისტორია, რომელიც სათავეს გასული საუკუნიდან იღებს, რადგან დღესაც იგივე გვარებს აწყდები.
მაგალითად, ჩოჩელისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაპირისპირება, რომელსაც არავინ იცის რა შედეგი მოყვებოდა, რომ არა შევარდნაძის დროინდელი ფინანსთა მინისტრის მირიან გოგიაშვილის პრინციპულობა. ჟურნალისტების ძველ კორპუსს, წესით უნდა ახსოვდეს იმ ხანად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორი დაჟინებით ითხოვდა ნაცვლიშვილი გოგიაშვილისგან ჩოჩელის განადგურებას.
ჩოჩელის საქმეში, კულუარებში, დღესაც ფიგურირებს ნაცვლიშვილის გვარი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუ შევარდნაძის დროს, ახალგორში ჩოჩელის გავლენის შესუსტებაზე მიდიოდა ბრძოლა, დღეს საქმე „ზედაზენის“ ქარხანას ეხება. რაც შეეხება შპალების ქარხანას, ეს მხოლოდ საბაბია „ზედაზენზე“ გასასვლელად, ვინაიდან სწორედ „შპალებია“ „ზედაზენის“ დამფუძნებელი. და კიდევ ერთი - ჩოჩელს მეტისმეტად ძვირად უჯდება ვანო მერაბიშვილთან მეგობრობა.
ცუდია, რომ ამ სიტუაციაშიც კი, ამ ყველაფერზე თავად ჩოჩელიც გაურბის ხმამაღლა საუბარს, თუმცა სტრიქონებს შორის იმაზე მეტის ამოკითხვა შეიძლება, ვიდრე რესპოდენტი საუბრობს.
ჩოჩელის ბრალეულობის თუ უდანაშაულობის დამტკიცება, სასამართლოს და გამოძიების საქმეა, მაგრამ ცუდია, თუ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია ისევ გრძელდება და ერთი ადამიანის გამო, განადგურებულ ბიზნესებს და ქუჩაში უმუშევრად დატოვებულ რამდენიმე ათას ადამიანს მივიღებთ.
საინტერესო კი ისაა, როცა მერაბიშვილის გამო შეტევა ჩოჩელზე მიდის, სააკაშვილის ირგვლივ შემოკრებილი ბიზნესმენებისთვის დღემდე არავის უხლია ხელი. როცა მუდმივად საუბრობდნენ გადაზიდვებზე და საწვავის გაზრდილ ფასებზე, დღეს ვის ჯიბეებში ილექება ეს ფული, ამას არავინ ახსენებს. იგივე სააკაშვილის კარის ბიზნესმენების, შარანგიების თემას, რომელიც მუდმივად განხილვის საგანი იყო, დღეს არავინ ახსენებს და ეს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ხმებს იმის შესახებ, რომ მათ უკვე დაალაგეს ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასთან. ალბათ, არც იმას ჩაუვლია უკვალოდ, რომ შარანგიას სიძე კულტურის მინისტრია, ხოლო შარანგიების მარჯვენა ხელი და „კავკასუს ონლაინს“ დაპატრონებული ხვიჩა მაქაცარია - ენერგეტიკის მინისტრის ახლო მეგობარი. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ კახი კალაძემ, გამინისტრების შემდეგ, ერთ-ერთი ბიზნესი სწორედ შარანგიებს გადასცა სამართავად. თუმცა, ეს სხვა თემაა, for.ge ამაზე უკვე მუშაობს და მას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ახლა კი ინტერვიუ, რომელიც for.ge-მ ცეზარ ჩოჩელთან ჩაწერა და რომელიც ამ სიტყვებით დაიწყო:
- ისეთი აბსურდული თემაა, ვერც დასაწყისს ვგებულობ და ვერც დასასრულს. ერთადერთი დასკვნა გამომაქვს - „ზედაზენი“ არის ყველაზე წარმატებული კომპანია ქართულ კომპანიებს შორის - შარშანდელთან შედარებით, 40%-იანი ზრდა აქვს და ალბათ, ამას ვერ იტანენ.
„ზედაზენი“ რა შუაშია, შპალების ქარხნის გამო არ მიმდინარეობდა გამოძიება?
- „შპალი“ არის „ზედაზენის“ დამფუძნებელი.
რისი თქმა გინდა - ბიზნესი რომ მუშაობს, ამას ვერ იტანენ?
- ყველაფერს გეტყვით... 2010 წელს „შპალის“ შესყიდვის თაობაზე ტენდერი გამოცხადდა, სადაც რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის - ჩემი ძმის კომპანიაც. ტენდერში, რომელში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდა შპალის ქარხანას, დაუშვეს და მოაგებინეს კიდეც.
საგამოძიებო მასალების თანახმად, სწორედ ჩოჩელის მცდელობით მოიგო შპალის ქარხანამ...
- ამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს. შემიძლია, გადმოგცეთ ბრალი, მოწმეების ჩვენება. ამ ინფორმაციას არა მხოლოდ თქვენ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მივაწვდი, რომელიც საქართველოშია და უფლებადაცვითი ფუნქციები გააჩნია. თუ ისინი ამ დოკუმენტაციაში აღმოაჩენენ ჩემს იოტისოდენა ბრალსაც კი, მზად ვარ პასუხი ვაგო.
რამდენადაც ცნობილია, ყოველთვის, როდესაც ლაპარაკი იყო ცეზარ ჩოჩელზე, ვანო მერაბიშვილი იგულისხმებოდა...
- ჰო, აბა რა... ცეზარ ჩოჩელი წინა ხელისუფლებაში მეხორცე იყო და ქართველი ხალხი ძვირ ხორცს ჭამდა იმიტომ, რომ ეს ცეზარის ბიზნესი იყო. წინა ხელისუფლების დროს ვეცადე დამემტკიცებინა, რომ ხორცი ჩემი არ იყო. დღევანდელ ხელისუფლებასთანაც იგივეს ვცდილობ და როგორც მაშინ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში გახმაურებულიყო, ხორცის ბიზნესი ვისი იყო, ისე არ შედის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში, გახმაურდეს და, ერთხელ და სამუდამოდ ითქვას, წინა ხელისუფლების დროს ვისი იყო ხორცის ბიზნესი, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვისია, და ამ ყველაფერთან ცეზარ ჩოჩელი რა შუაშია.
წავლენ-წამოვლენ და ეკონომიკური დანაშაულის ძიებაში ცეზარ ჩოჩელს ჰკითხავენ პასუხს და ცეზარ ჩოჩელს აბრალებენ ყველაფერს.
რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემზე მეტი, ვგულისხმობ ჩემს გარემოცვას, ჩვენს ჯგუფს, არავინ არ არის საქართველოში და ვერავის ვერ დამისახელებენ, ვისაც ჩვენზე მეტი წარმოება აქვს ნულიდან შექმნილი.
იმისი თქმა გინდათ, რომ სახელმწიფო გებრძვით?
- ვფიქრობ, რომ ესენი არიან კონკრეტული პიროვნებები.
ვინ?
- ძნელია თქმა, როგორც მედუზა, ისეთი გახდა ეს სისტემა, უკვე ვეღარ ვხდები, სად დაიწყო. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო არჩევნების შემდეგ, როდესაც გვითვლიდნენ, რომ ბიზნესები უნდა დაგვეთმო.
ვინ გითვლიდათ?
- იყვნენ ადამიანები, მოდიოდნენ, მათ უკან ვინ იდგნენ არ ვიცი, ვინმე ვლასოვი, ჩერნოვი. მოდიოდნენ როგორც ინვესტორები და მეუბნებოდნენ, ბიზნესი უნდა შეფასებულიყო მიზერულ ფასებში...
ვინ არიან ვლასოვი და ჩერნოვი და როდის შეგხვდნენ?
- არჩევნების მერე, ნოემბერში, ვითომ ბიზნესმენები იყვნენ, უკრაინიდან. რეალურად დარწმუნებული ვარ, ფეხსაცმლის ფულიც კი არ ჰქონდათ... იყო შემოთავაზება ქართველი ბიზნესმენებისგან.
ვისგან?
- მაგალითად ნოღაიდელისგან, რომ მიზერულ ფასებში დაგვეთმო ბიზნესები, მაგრამ არავის არ მივეცი ის პასუხი, რასაც ელოდნენ. ნოღაიდელს პირადად შევხვდი, ძალიან მცირე თანხა შემომთავაზეს, თან მითხრეს, ახლა ხელისუფლება შეიცვალა და როგორც ადრე „გრიმიტობდით“, ისე ვეღარ იქნებითო. არც არასდროს „მიგრიმიტია“, და არც ახლა ვაპირებ „გრიმიტს“.
თავის დროზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხარი, თუ წინა ხელისუფლების დროს ხელშეწყობა მქონდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როცა 5 სისხლის სამართლის საქმე მაქვს აღძრული, დღეგამოშვებით, ხან სასამართლოში დავდივარ, ხან საგამოძიებო უწყებებში, სულ რამდენიმე საათი მრჩება, რომ წარმოებას მივხედო, მაინც მოვახდინე წარმოების 40%-იანი ზრდა. მაჩვენონ საქართველოში ამ ეკონომიკურ პირობებში რამდენი ქარხანაა ასეთი, გარდა იმ რამდენიმე ქარხნისა, რომლებმაც რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით წარმოებები გაზარდეს.
გამოძიება 12 მილიონს გედავებათ. რა თანხაა ეს?
- ეს არის აბსოლუტური სიცრუე! ჩვენ ხვალ დავდებთ დოკუმენტებს, რომ სანამ შპალის ტენდერი გამოცხადდებოდა, სახელმწიფო ყიდულობდა გაცილებით ძვირად შპალს, ვიდრე ტენდერის შემდეგ. ტენდერის შემდეგ დავიწყეთ რკინიგზისთვის შპალის მიწოდება. შემდგომში ჩვენმა კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო აზერბაიჯანულ კომპანიასთან, რომელიც ყარსი-ახალქალაქის მიმართულებას აშენებს და შევთავაზეთ საკმაოდ საინტერესო წინადადება - გაცილებით დაბალი ფასი, თუმცა სანაცვლოდ მოვთხოვეთ საკმაოდ დიდი ავანსი, რადგან ფინანსები სხვა წარმოების განსავითარებლად გვჭირდებოდა. იმის ხარჯზე, რომ ჩვენ იაფად მივეცით მათ შპალი, მათ 60%-იანი ავანსი მოგვცეს.
2010 წელს ტენდერში რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ?
- ჩვენი კომპანიის გარდა კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. მოიგო სახელმწიფო კომპანიამ, რომელსაც მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
რატომ არ ჰქონდათ მონაწილეობის უფლება?
- მათ მიერ 2 წლის წინ გამოჩვებული შპალი ისეა ამორტიზებული, რომ თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა, შესაძლოა, რომელიმე მონაკვეთზე კატასტროფა მოხდეს. ტენდერის პირობებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებდნენ.
ვინ ლობირებდა ამ სახელმწიფო კომპანიას?
- არ ვიცი, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და სიმართლე გითხრათ, არც ვერეოდი მაშინ ასეთ დეტალებში.
თქვენ როგორ აღმოჩნდით „შპალში“?
- კომპანია გამოიტანეს გასაყიდად თავისი მოგებული ტენდერით. მაშინ, ვინც საქმეში და ბიზნესში კარგად არ იყო გარკვეული, ჩათვალა, რომ ეს იყო უაზრობა და არ ღირდა ამაში მონაწილეობა. ჩემს ძმას ბევრ პირთან და კომპანიასთან ჰქონდა მოლაპარაკება, რომ საქმე ერთად გაეკეთებინათ - ყველანაირად უსაბუთებდა, რომ შეიძლებოდა ამ საქმიდან ბიზნესის აწყობა, მაგრამ მაშინ არავინ დათანხმდა. 2010 წელს თავად შეისყიდა ჩემმა ძმამ და კვლავ განაგრძო მოლაპარაკებები რამდენიმე ჯგუფთან და საქმეში თანამონაწილეობა შესთავაზა.
კონკრეტულად ვისთან აწარმოებდა მოლაპარაკებას?
- „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელთან - კახა ოქრიაშვილთან, ვასიკო ჩიგოგაძესთან... ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ არავინ დათანხმდა. შემდეგ შევიდა ჩვენი კომპანია ქარხანაში, 9-10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო, შეიცვალა საწარმოო ხაზები, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოეწყო და დავიწყეთ შპალის წარმოება. ახლა კი, მე, ცეზარ ჩოჩელს მედავებიან, რომ ვარ თაღლითი.
რაღაც ალოგიკურს ამბობთ... თუ თქვენი ძმა იყო ქარხნის მეპატრონე, თქვენ რატომ გედავებიან?
- იმიტომ, რომ ცეზარი იაგოზე ცნობადი სახეა. უნდათ, სანახაობრივი თემა შექმნან, საკითხს პოლიტიკური შეფერილობა მისცენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ამ საქმეს რამე სამართლებრივი ბმა ჰქონდეს თქვენთან...
- მოგცემთ დოკუმენტებს. ვაპირებ ეს დოკუმენტები ვთარგმნო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცე. გაიგონ, რა ხდება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც ტენდერი მოიგეთ და ქარხანამ შპალების გამოშვება დაიწყო?
- რკინიგზამ მოგვცა ავანსის სახით მთლიანი თანხის 10% და ამისთვის საბანკო თანხის 10%-ს უხდიდა ქარხანა. ასეთი რამ არსად ხდება - ავანსის 10%-ს არავის არიცხავენ. ამოვიღოთ საქართველოში ჩატარებული ტენდერების დოკუმენტაცია, თუ სადმე ვნახავთ ანალოგს, კი, ბატონო.
მერე უკვე დაიწყო საუბარი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით და ჩვენს კომპანიასთან წარმოებდა მოლაპარაკება შპალების მიწოდებაზე. ქარხანამ შესთავაზა პირობები, რომელიც მათთვისაც ხელსაყრელი იყო - ქარხანამ შპალი იაფად მისცა, მათ კი საკმარისზე მეტი ავანსი გადაიხადეს. დღეს დანაშაულად გვითვლიან, რატომ მიეცით ყარსს პროდუქცია იაფად და რკინიგზას ძვირადო.
რკინიგზის შემთხვევაში ტენდერი ჩაატარა სახელმწიფომ, მოიგო კომპანიამ და როცა უკვე ბიზნესი შედგა, ბიზნესმენი პროდუქციას რა ფასშიც უნდოდა, იმ ფასში გაყიდდა. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით ძვირად შეგვეთავაზებინა შპალი ყარსის პროექტისთვის, თუ ექნებოდათ იმაზე უარესი პირობები, როგორიც რკინიგზას ჰქონდა. მაგრამ, 60%-იანი ავანსი გადაიხადეს ყარსის პროექტში და ჯამში, ეს პროექტი გაცილებით მომგებიანი იყო.
ახლა როგორ გამოგიშვეს?
- სასამართლო პროცესამდე გამომიშვეს... აღმკვეთ ღონისძიებაზე შევლენ ახლა... საქართველოში ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით აღარ დარჩა მუხლი, რომელიც წაყენებული არ მაქვს. მინდა ვუთხრა საქართველოს: ნეტავ, ჩვენისთანა თაღლითი ბევრი იყოს! იმ ჯგუფში, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ნახეთ რა რაოდენობის ადამიანია დასაქმებული. ეს რიცხვი არ არის მცირე - 4000-ს სცილდება. დღეს ხშირად საუბრობენ საბოტაჟზე... ეს რა არის? ამასაც ძველი ხელისუფლება აკეთებს?
ეს პრაქტიკა ყოფილმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა, გამორიცხავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამას წინა წლებში აკეთებდნენ, კოაბიტაციაში არიან ამ ხელისუფლების გარკვეულ ნაწილთან და ისევ ისინი გერჩიან?
- ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ანალიზს გავაკეთებ. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, აცხადებ რომ 100 ქარხანა უნდა ააშენო წლის ბოლომდე და მოქმედ ქარხნებს ხურავ, ეს რას ნიშნავს? საინტერესო ფაქტს გეტყვით - ერთ-ერთ კომპანია „ბერტაში“, რომელშიც ჩვენ მოწილეები ვიყავით, ნოემბერში შევიდა ფინანსური პოლიცია, ამოიღო დოკუმენტაცია, კომპიუტერები... ქარხანა გაჩერდა, შეიქმნა პრობლემები, ფინანსური კრიზისი. კომპანიას მხოლოდ ბანკის სესხი ჰქონდა 5 მილიონი. „ბერტა“, რომლის ღირებულება, მინიმუმ, 25 მილიონია, ახლა, მაქსიმუმ, 4-5 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. გეკითებით, ვის ინტერესში შედის ეს?
ადგილობრივი წარმოება გაჩერდა, 700-მდე ადამიანი მშიერი დარჩა. „ბერტას“ სეგმენტი ჩაანაცვლა თურქეთმა. ბიუჯეტს, უხეში გათვლებით, დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დააკლდა. ეს არის ეროვნული საქმე? ასე გვინდა, ქვეყანა ავაშენოთ?
თქვენ მუდმივად გაურბიხართ კონკრეტული გვარების დასახელებას - თუ ვინ აკონტროლებდა ბიზნესს წინა ხელისუფლების დროს და ვინ ცდილობს ახლა იმავეს?
- ხუხაშვილმა დაიწყო!!! ეს ხუხაშვილის დაწყებული თემაა. ყველა ამბობს, რომ ცოტა ხანში გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ სიტუაცია, პირიქით, რთულდება.
ხუხაშვილის გვარს პირველად არ ახსენებთ... არ გინდათ შეხვდეთ ხუხაშვილს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგოთ, რა უნდა თქვენგან?
- ხუხაშვილს სურს, ეახლო და „აღსარება“ ჩააბარო. მე კიდევ, ამ კატეგორიას არ განვეკუთვნები - ცხოვრების ჩემი სტილი მაქვს.
ამბობთ, რომ ხუხაშვილთან რაღაც უნდა „აღიაროთ“ და ეს „აღიარება“ ვის ეხება, მერაბიშვილს?
- ალბათ, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - მეგობრობის გარდა მაგ კაცთან არაფერი მაკავშირებდა და ეს მეგობრობა დაიწყო ახალგორთან სპეცრაზმის ჩაყენების დროს. რა ვთქვა? ტყუილად ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცას ფულს ვაძლევდი. კიდეც რომ მიმეცა, მაინც არ ვიტყოდი. თუ ვინმესთან რამე პრეტენზია გაქვს, თავად უნდა უთხრა, რომ აშავებს და უნდა უთხრა მაშინ, როცა მასთან თანაბარ პირობებში ხარ. არ მგონია, დღევანდელ ხელისუფლებას სიკეთე მოუტანოს მლიქვნელმა საზოგადოებამ. ადამიანები ერთხელ, მეორედ, მესამედ გაიყიდნენ და ეს ხასიათში გადაუვიდათ. ვაჟკაცობის ფასი დავკარგეთ, სიტყვის ფასი დავკარგეთ... ადრე „ჩაშვების ინსტიტუტი“ იყო, ახლა - „დაბრალების ინსტიტუტია“.
ნაძირალა შაქარაშვილი (კომპანია „ნიუ ენერჯის“ მფლობელი), რომელიც ჩემს ოჯახში ხშირად ქეიფობდა, ახლა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. ამბობს, მე და ცეზარს ერთად გვინდოდა ქარხნის ყიდვაო. ჯერ ერთი, მაგ პერიოდში ჩვენი მეგობრობა დასრულებული იყო, მეორე - ვინ იყო შაქარაშვილი? რას წარმოადგენდა? სერიოზული ბიზნესმენი იყო? რატომ უნდა მეყიდა მასთან ერთად რამე?
მთელი უბედურება რაშია იცით? - ვსაუბრობთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს. მიმართულება არ გვაქვს. ვამბობთ, რომ სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ - ვის უნდა შეეხოს ეს სამართლიანობა? ან, რა დროიდან უნდა დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა? 1999 წელს ჩემი ქარხანა მიწასთან გაასწორეს და ისინი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან. ერთ-ერთი დღეს პროკურორია - მეორე კაცია პროკურატურაში.
ვინ არის ეს პროკურორი?
- ამ გვარებს ახლა არ გეტყვით.
საპროცესო გარიგება შემოგთავაზეს?
- არ შემოუთავაზებიათ და ამაზე რომც იყოს საუბარი, როგორ უნდა დავთანხმდე? მაშინ, უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს ვპარავდი ფულს. არადა, პირიქით იყო - სახელმწიფოსთვის ვხარჯავდი და ვხარჯავ ფულს. გუბერნატორობის პერიოდში ჩემთვის არც ხელფასი იყო და არც რამე პრივილეგია.
დავუშვათ, მე მედავებიან, როგორც ყოფილ ჩინოვნიკს, ბიზნესმენს, ქარხნების შემქმნელს და ა.შ. მეორე პიროვნება, ვინც პასუხისგებაში მისცეს, იმას რაღას ედავებიან? ქარხანა, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ, უნდა გაყიდულიყო 3 მილიონ დოლარად, მაგრამ რომ გაიგეს, რომ ჩვენი ჯგუფი აპირებდა ყიდვას, ქარხნის ფასი 7 მილიონამდე გაზარდეს და სწორედ ამდენი გადაგვახდევინეს.
მე კი არ უნდა მასამართლებდნენ, უნდა გააკეთონ სახრჩობელა, ჩამოგვახრჩონ, შეკრიბონ საქართველოს მოსახლეობა და უთხრან, რომ ვინც საქართველოში წარმატებულ ბიზნესს გააკეთებს, ასეთი ბედი ელის.
არაფერი შეცვლილა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?
- არა შეცვლილა! 1999 წელსაც ანალოგიური პრიცესები იყო ჩვენს წინააღმდეგ.
2003-ში, 2008-ში არ ხდებოდა?
- რა თქმა უნდა, ხდებოდა. მე ჩემს პრობლემებზე მოგახსენებთ, 2007-შიც მქონდა მსგავსი პრობლემები და ახლაც. როცა ვამბობთ, რომ ის ხელისუფლება დამნაშავე იყო, ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ. როდესაც იგივეს ვაკეთებთ, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაშინ რა შეიცვალა ჩვენთვის?
ხომ ითქვა, რომ ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოსო... ითქვა თუ არა, „ზედაზენმა“ მაშინვე განახორციელა პირველი 5,5 მილიონი ევროს ინვესტიცია. ცოტა ხნის წინ 3,5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოვაწერეთ ხელი - ეს ყველაფერი სესხია. 19-ში ცნობილ გერმანულ კომპანიასთან უნდა მქონოდა შეხვედრა. ვთხოვე საფინანსო განყოფილებას, ნებართვა მოეცათ, რომ 2 დღით წავსულიყავი გერმანიაში. დარწმუნებული ვარ, რომ წავსულიყავი ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ჩემი ძმა წავიდა. დღეს მიდიან ჩვენი ჩეხი პარტნიორები და ეუბნებნიან ჩემს ძმას, რომ მე დამიჭირეს. გეკითხებით, რომელ ინვესტიციებზეა ლაპარაკი?! ამ პროექტებში, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, მხოლოდ ხელმოწერით გვანდობენ სესხს და როცა ამას ბლოკავ, რა მიზანია? თუ ჩვენთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ შეიძლება, მაშინ უნდა გვითხრან.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე არ მიდის პრემიერთან.
რომ მივიდეს, როგორ გგონით რა მოხდება?
- ყველა პრობლემა ერთბაშად მოიხსნება, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რა არის ბიზნესი და ინვესტიცია. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ უნდა გაკეთდეს 100 ქარხანა, ამ დროს ქარხნებს ერთიომეორის მიყოლებით კეტავენ.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ გიცდიათ?
- ბევრჯერ ვცადე... ხან ხალხი ჩავრიე, პრესით და ტელევიზიითაც რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, მაგრამ ამაოდ, მოჯადოებული წრეა, იქამდე როგორ მიმიშვებენ, როცა უბრალო დეპარტამენტის თავმჯდომარეც კი არ მხვდება!..