მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირება უახლოეს პერიოდში მოხდება

მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირება უახლოეს პერიოდში მოხდება

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხეში კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადაციო საპყრობილეში მისი ოჯახის წევრმა მოინახულა. ოჯახის ინფორმაციით, მას თავის ძლიერი ტკივილები აღენიშნება. ადვოკატ დალი იმნაიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, როდის მოხდება ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადირება. 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, დავით ჩხიტუნიძე ათენში, აგვისტოს შუა რიცხვებში დააკავეს. ათენის ციხეში ის ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა სასტიკად სცემა, ჩხიტუნიძე თავის არეში იყო დაჭრილი. 

ბრალდებული ჩხიტუნიძე ათენიდან თურქეთში გამგზავრების მცდელობისას, დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული. 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დავით ჩხიტუნიძის დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

„როდესაც ის დააკავეს, ადვოკატები აცხადებენ, რომ თითქოსდა ის დააკავეს ვადაგასული პასპორტის საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ შესაბამისი დოკუმეტაცია მივიღეთ საბერძნეთის ძალოვანი უწყებიდან, სადაც მითითებულია მიზეზი რატომაც დააკავეს. ის დააკავეს როგორც საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ის დღესაც საპატიმროშია“, - აცხადებს ჩილინგარაშვილი.

რაც შეეხება მის საქართველოში ექსტრადირებას, როგორც წესი საკითხი განიხილება იმ სახელმწოფოს პროცედურების დაცვით, სადაც პირი პატიმრობაში იმყოფება. კანონმდებლობთ კი ქართული მხარის ვალდებულებაა 40 დღის ვადაში მასალები მიაწოდოს შესაბამის სახელმწიფოს. როგორც ჩილინგარაშვილი აცხადებს, მათ გაცილებით ადრე მიაწოდეს ეს მასალები ბერძნულ მხარეს.

„ყველა მასალა, რაც კი საჭირო იყო ევროპული კონვენციით ექსტრადიციის შესახებ, მივაწოდეთ ბერძნულ მხარეს. ბერძნულ მხარეს უკვე აქვს წარმოებაში ეს მასალები და იხილავს ამ საკითხს. რაც შეეხება ექსტრადირების განხილვის ვადებს, ეს არის მათი კანონმდებლობით განსაზღვრული და არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს იმისა, რომ ამ ვადებზე ვიმოქმედო. მათი კანონმდებლობით ხდება ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებაც მათი კანონმდებლობის ფარგლებში იქნება მიღებული. ბერძნულ მხარეს დამატებითი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია, ახლა ჯერი საბერძნეთის მხარეზეა, როგორც კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩილინგარაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ედება ბრალად.

გარდა ამისა, ექსტრადიციის მოლოდინშია გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელიც სასჯელს უკრაინაში იხდის. მელნიკოვის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, საექსტრადიციო ვადა 7 დეკემბერს იწურება, პროკურატურა კი ვერ აკონკრეტებს, როდის გადმოიყვანს საქართველოში ბრალდებულ მელნიკოვს. 

„მელნიკოვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ექსტრადირებაზე თანახმაა, მაგრამ არ ჩამოჰყავთ. პროკურატურა ამბობს, რომ პროცესი რატომღაც ჭიანურდება. ჩემთვის გაუგებარია გაჭიანურების მიზეზი, როდესაც მელნიკოვი ექსტრადირებაზე თანახმაა“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 

გენერალური პროკურატურის სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხდებს, რომ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირება უახლოეს მომავალში მოხდება.

„რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვის საკითხს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დასასრულისკენ მიდის პროცედურები უკრაინაში და უახლოეს პერიოდში, ძალიან მალე მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება. ორივე შემთხვევაში ბრალდება არის მყარი და უტყუარი. შესაბამისად, ეს ბრალდებები მივაწოდეთ ჩვენ იმ სახელმწიფოებს. ისინი აფასებენ ფაქტობრივ გარემოებას, ქმედება ისჯება თუ არა მათი კანონმდებლობით, არის თუ არა დანაშაული ხანდაზმული და ა.შ. წმინდა პროცესუალური კუთხით ხდება საკითხის შესწავლა“, - აცხადებს ირაკლი ჩილინგარაშვილი.

მელნიკოვი გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. საქართველოში შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის ივლისში დაუმძიმეს. მელნიკოვი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევა. ბრალდებული შარდენის სუფრის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის ქალაქგარეთ გატაცების მიზნით, ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის მითითება გასცა.