ქინქლაძემ ქართველ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

ქინქლაძემ ქართველ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

საქართველო - ინგლისის მატჩის მიწურულს გიომ ცენტრში მიიღო ბურთი, გამწარებული ორ მეტოქეს იქვე კი გასცდა, მაგრამ საჯარიმოს წინ ლამის ყველა ინგლისელი დაუხვდა. გიომ ფეხი მაჩეტესავით იქნია და ლერწმებივით გადაჭრა მცველები, ბურთი მარცხნივ შეიგდო - კვლავ ორი კაცი მის წინ, იმათი მოტყუებაც მოინდომა და გასცდა კიდეც, მაგრამ ბოლოს წაიქცა, წაიქცა თუ...

- წამაქციეს, მცველმა, არ ვიცი, ადამსი იყო თუ ბათი, ფეხი დამადგა და თანაც მიბიძგა. მანამდე რომ წავქცეულიყავი, მსაჯი ალბათ უყოყმანოდ დანიშნავდა პენალტს, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლოს კი ფეხზე დგომა ჩემს ძალებს აღემატებოდა.

ახლა მთავარზე. ინგლისმა გვაჯობა. ულაპარაკოდ გვაჯობა. შენი აზრით, რა იყო წაგების ძირითადი მიზეზი?

- ყველაფერში გვაჯობეს, ბურთის დაჭერაშიც, ფიზიკურ მომზადებაშიც, მოკლედ, ყველანაირად გვაჯობეს. მერე, ეს რა „ტრადიცია“ დაგვჩემდა, თუ პირველი გოლი გაგვივიდა, მორჩა, გვგონია, თამაში წაგებულია. სანამ ამას არ გამოვიბერტყავთ თავიდან, არაფერი გვეშველება. არადა იტალიასთანაც გაგვივიდა პირველი ბურთი, მაგრამ კაცურად მაინც ვითამაშეთ და იმას მაინც ვცდილობდით, საპასუხო გოლი გაგვეტანა. აქ კი... რა ვიცი, ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

ინგლისში მოთამაშემ ბევრი რამ იცი მათი. რა სიახლე შენიშნე ისეთი ინგლისელებს ამ მატჩში, რაც შენთვისაც კი მოულოდნელი გამოდგა?

- ჰოდლმა სამი საყრდენი ნახევარმცველი დააყენა, მაკმანამანი საერთოდ არ გამოუშვა მოედანზე. ჰოდლმა გამოიცნო, რა ფეხბურთს ვითამაშებდით, ორი წმინდა ფორვარდი გამოიყვანა, და რაც მთავარია, მოედნის შუაგულში მთელი ჯგრო ჩააყენა, რათა ჩვენი ნახევარდაცვისთვის მოძრაობისა და ბურთის მიღების საშუალება მოესპო.

პირადად შენ რა დაგევალა მწვრთნელისგან თამაშის წინ?

- მე და ჯამარაულს შუაში ბურთი უნდა აგვეღო, რომ იტყვიან, გაგვეგორებინა, ჩვენების შეტევები დაგვეწყო.

მომეჩვენა, რომ ძალზე უკნიდან იწყებდი შეტევებს...

- აბა, რა მექნა, როცა ბურთი ვერაფრით ამოვიტანეთ? ამიტომ ჩავდიოდი უკან და ბურთის ამოტანას ვცდილობდი. შუაში, ანაც წინ რომ დავრჩენილიყავი, ბურთი, უბრალოდ, არც მოაღწევდა ჩემამდე. ეს ალბათ ტრიბუნიდანაც ნათლად ჩანდა. სიტუაცია მოითხოვდა უკან ჩასვლას და ბურთის ამოტანას. თუ დააკვირდი, ყველა გამოგდებული ბურთი თავით მოიგეს, ნახე, რამსიმაღლე მცველები ჰყავდათ? ასე რომ, ბურთის ჩაგდებას და იმის საჯარიმოსთან ამ ბურთის მოსაგებად აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც, შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე ჩამოვდიოდი უკან და ბურთის ამოტანას ვცდილობდი...

შენი აზრით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა ინგლისელთათვის წარმატების მისაღწევად?

- ჩვენ რომ „გვეთამაშა“, ჩვენი თამაში რომ გვეთამაშა, ასე არ წავაგებდით. ბულგარელებთან, რომლებიც იმხანად ამაზე ნაკლებ გუნდად არ მიმაჩნდა, მოვიგეთ, გერმანელებთანაც, ასე თუ ისე, ვითამაშეთ, რაღაცა მაინც ვითამაშეთ, დავრბოდით, რაღაცას ვცდილობდით. ახლა კი ვერ გეტყვი, რა მოხდა...

შენი თამაშით თუ ხარ კმაყოფილი?

- თავს ვერ დავიმშვიდებ და ვერც ვერავინ დამამშვიდებს, მე ხომ ვიცი, რა შემიძლია, რისი შნო მაქვს. მე იმის 80 პროცენტიც ვერ ვითამაშე, რაც შემიძლია.

დღეს ყველა ელოდა, რომ შენ ქართველთაგან საუკეთესო იქნებოდი...

- მე რომ „სიტიში“ ვბრაზობ და ვყვირივარ, მარტო ვთამაშობ და არავინ მეხმარება-მეთქი, ეს სხვა საქმეა. აქ, ჩვენთან, ნაკრებში, თამაში ყველამ იცის, ჯამარამ, ქეცბამ, ნემსამ, წინ შოთამ. აქ ძალზე ძნელია ლიდერობა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში არ გამოიძახეს, მიშა ყაველაშვილი მაინც ჩამოვიდა თბილისში. შენი აზრით, ყაველას ნაკრებში გამოძახება და თამაში შეცვლიდა რამეს?

- შეცვლიდა, როგორ არ შეცვლიდა... ყაველას „სიტის“ წინა მწვრთნელთან ჰქონდა პატარა უსიამოვნება და ძირითადში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ცუდ ფორმაში იყო. ამას, მერწმუნეთ, იმიტომ არ ვამბობ, რომ მიშა ჩემიანია და ვიცავ, არა, ყაველა მართლაც კარგ ფორმაშია და მისი არგამოძახება, ჩემი აზრით შეცდომა იყო. ფეხბურთელის დაძახება მწვრთნელის კომპეტენციაა, მე იმას ვამბობ, რასაც ინგლისში ყოველდღე ვხედავდი...

რაკიღა „სიტიზე“ ჩამოვარდა სიტყვა, მოდი, ბარემ შენს მომავალ გეგმებზე გვითხარი. ეს კითხვა ყველა გულშემატკივარს აღელვებს: როდემდე უნდა ითამაშოს ქინქიმ მეორე დივიზიონის მაჩანჩალა გუნდში?

- რაც ჩემზეა დამოკიდებული, იმის 99 პროცენტს, რომ იტყვიან, „ვახურებ“. აი, ჩავალ ახლა და ვეტყვი, ისედაც იციან, რომ „სიტიში“ აღარ ვითამაშებ.

ძირითადი წინაღობა კონტრაქტია?

- ძირითადი წინაღობა ფრენსის ლია. ლამის გადავირიო, ჩავალ და გადავალ, მეც არ ვიცი ჯერ როგორ, მაგრამ აუცილებლად გადავალ.

ყველაზე რეალური ვისი წინადადებაა?

- წინადადებები ბევრია, მთავარია გამიშვან. მე ინგლისის პრემიერლიგის პირველ ოთხ-ხუთ კლუბზე უარს არ ვიტყოდი. „ლივერპულზე“ კი ნაღდად გართულება მაქვს, მაგრამ საკმარისია ამაზე პირი დავაღო, რომ უმალ ათას სისულელეს თხზავენ, ამიტომ ჩუმად ვარ.

ამ მატჩის წინ, ანაც მის შემდეგ, შენს ინგლისელ მეგობრებთან, ფეხბურთელებთან, პირველ რიგში კი მაკმანამანს ვგულისხმობ, ხომ არ გილაპარაკია?

- მაკმანამანთან ყველაზე ახლოს ვარ, სწორედ მისგან ველოდებოდი გამარჯობა-გაგიმარჯოს და მოკითხვას. მაგრამ, ამოვდივარ გასახდელიდან და უცებ ზურგში ვიღაცამ ბურთი მომარტყა, მივიხედე, გესქოინი მიღიმოდა. გაზას კარგად ვიცნობ, ძალზე კარგი ბიჭია და, მართალია, შოტლანდიაში თამაშობს, მაგრამ ინგლისში ხშირად ჩამოდის და როცა ლონდონში ვთამაშობთ ხოლმე, მუდამ ჩვენს სასტუმროში ჩერდება. ჰოდა, მივიხედე-მეთქი. გაზა მიღიმის, რავა ხარო, რამდენადაც დრო გვაძლევდა საშუალებას, რამდენიმე წამი ვისაუბრეთ. მიკითხვ-მოკითხვების მერე გესქოინი კოპელის ამბავს დამეკითხა, გაიგე, გუნდიდან წავიდაო. ვიცი-მეთქი და, მიზეზი რომ ვკითხე, გაზამ მიპასუხა, ინგლისში ასე ამბობენ, გული სტკიებია და იმიტომ გადადგაო...

თამაშის მერე თუ ნახე ან გაზა, ან მაკმანამანი, ანაც ნაცნობი ინგლისელი ჟურნალისტი?

- ფეხბურთელები არა და ჟურნალისტებმა კი მთხოვეს ინტერვიუ, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი.

წელიწადზე მეტია, ნაკრებს შინ, ეროვნულ სტადიონზე არ უთამაშია, ამან თუ იმოქმედა ბიჭებზე, შენი აზრით?

- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამანაც იმოქმედა, რა ხანია, შინ არ გვითამაშია და ალბათ ყველა მცირედ მაინც დაძაბულნი ვიყავით.

იმაზე რას იტყვით, რომ ასი ინგლისელი უფრო ომახიანობდა, ვიდრე სამოცი ათასი ქართველი...

- რას იზამ, ეს ჩვენი სენია, ჩვენთან გულშემატკივრობა არ იციან. შეიძლება გულით ძალიან უნდათ, მაგრამ არ გამოხატავენ. „სიტის“ ქომაგები ავიღოთ, 0:4-საც რომ ვაგებდეთ, მაინც თავდავიწყებით გვქომაგობენ. მე ალბათ მივეჩვიე ასეთ გულშემატკივრობას და ჩვენი ტრიბუნების სიჩუმე ძალზე მხვდება გულზე. ჩვენ ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა, არის მომენტი, როცა გულშემატკივრის ყიჟინა გაფხიზლებს და საბრძოლველად განგაწყობს. მგონი, ჩვენმა გულშემატკივარმა ინგლისს უფრო მეტი ტაში დაუკრა. კი, მეტოქე ღირსეულად უნდა მიიღო, მაგრამ, მე მგონი, თამაშისას შენიანებს უნდა უქომაგო და თუ ვერ მოიგეს, თამაშის მერე მეტოქისთვის ტაშის დაკვრას წინ რაღა უდგას? დღეს ისე იყო საქმე, ხალხმა ქილიკიც კი დაიწყო. კი, შეიძლება ვიყავით კიდეც ამის ღირსი, მაგრამ გულშემატკივარს ეს სახელი ხომ სწორედ ამიტომ ჰქვია, რომ როცა გიჭირს, მაშინ დაგიჭიროს მხარი?

და მაინც, ახლა ჩემს მაგივრად შენს წინ რომ ათასობით ქართველი გულშემატკივარი იდგეს, რას ეტყოდი მათ?

- მე მესმოდა, მათი „მიდი, გიო“, მე ვგრძნობდი, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ, გვაპატიონ, თუ შეუძლიათ, როცა იქნება, ხომ მოვიგებთ და გავახარებთ, გულს ნუ გაიტეხავენ. ჩვენს გულშემატკივარს რომ ფეხბურთი ესმის, ისე, მგონი, მსოფლიოში არავინ იცის, ეგაა, ვერ გამოხატავენ, არადა, რა საჭიროა ჩვენთვის... მოკლედ, ჩვენზე გულგატეხილ გულშემატკივარს ლამაზ ფეხბურთს და მოგებას ვპირდებით.