ცნობილი იურისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას ძმა, ბესიკ ბესელია და მისი მეგობრები, ძმები ალექსი და ილია ჭკუასელები, პოლიციას რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდა. მათ ფეხმძიმე გოგონაც ახლდათ.
პოლიციის მტკიცებით, ამ პიროვნებებმა კანონდარღვევა ჩაიდინეს, მაგრამ არ კონკრეტდება, კერძოდ, რა იყო მათი დაკავების საფუძველი. თავად დაკავებულები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ ბრალდებას. ეკა ბესელია მომხდარს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და თვლის, რომ ეს ფაქტი ბოლო დროს მასობრივად განხორციელებული დაჭერების გაგრძელებაა. ძმისა და მისი მეგობრების დაკავების ფაქტს იგი შემდეგნაირად გვიამბობს:
– ბესო და მისი მეგობრები გვიან ღამით ტაქსით სახლებში ბრუნდებოდნენ. ერთ–ერთის ფეხმძიმე მეუღლე მანქანაში წინ იჯდა, სულ ოთხნი იყვნენ. უცებ ისინი პატრულმა გააჩერა. სავარაუდოდ, თანამშრომლები უკან გამოჰყვნენ, რადგან უმიზეზოდ გააჩერეს მანქანა და გამოიძახეს დამხმარე საპატრულო მანქანები. დაახლოებით 20–მდე მანქანა იყო მობილიზებული. მანქანაში ფეხმძიმე გოგონა დატოვეს, დანარჩენები ცალ–ცალკე მანქანებში ჩასვეს. აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა–განმარტების გარეშე. განსაკუთრებით ჩემს ძმას, ბესოს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. რამდენჯერმე მეც მახსენეს. მადლობა ღმერთს, რომ ბიჭებმა მაქსიმალურად შეინარჩუნეს თავშეკავება და ამ პროვოკაციას არ წამოეგნენ. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაურკვეველ ადგილას ჰყავდათ გადაყვანილი. ვეძებდი ყველგან, მოვიკითხე საპატრულო სამსახურში, დროებითი დაკავების საკანში, არსად იყვნენ შეყვანილი და მხოლოდ დილით, 5–ის ნახევრისთვის გამოუშვეს. როგორც შემდეგ მითხრეს, მეტრო "მარჯანიშვილის" ტერიტორიაზე მანქანებში ჰყავდათ ამ ხნის განმავლობაში. ერთი ისეთი ნაცემი იყო, რომ ვიზუალურად ეტყობოდა.
ეკა ბესელიას თქმით, ბიჭების დაკავების ფაქტზე ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მოგვიანებით შედგა, როცა პოლიცია მიხვდა, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაკავება ძალიან დიდ ხმაურს გამოიწვევდა.
– ამიტომაც შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, რომ თითქოს პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა დაკავებისას, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვერ ხსნიან, თუ რა იყო დაკავების საფუძველი. დილით, 10 საათზე, სასამართლოში ადმინისტრაციული სახდელისთვის დაიბარეს. ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის ის იყო, რომ, როცა სასამართლოში მივედი, არ შემიშვეს. მითხრეს, რომ მოსამართლის ბრძანება იყო ასეთი. სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილმა გასცა ეს ბრძანება თუ იმ მოსამართლემ, რომელიც ამ საქმეს იხილავდა, არ ვიცი, მაგრამ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი – ეზოში შესვლა აეკრძალოთ ადამიანისთვის, არ მახსოვს. ძალიან მწვავედ გავაპროტესტე უკანონო მითითება. მაინც შევედი დარბაზში, გამაოგნებელი იყო მოსამართლის ქმედება. მოსამართლემ მოისმინა სისულელეები საპატრულო თანამშრომლების მხრიდან. ერთ–ერთ დაკავებულს ვიზუალურად აშკარად ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ სამივე 400–400 ლარით დააჯარიმა.
ქალბატონო ეკა, თქვენი ძმა და მისი მეგობრები ჯარიმის გადახდას აპირებენ?
– არა, ამ საქმეზე საჩივარს შევიტანთ და საქმის ბოლომდე მიყოლას ვაპირებ. ევროსასამართლოს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს გადავუგზავნი მასალებს. ყველა კანონდამრღვევის გვარი სპეციალურ სიაში ჩაიწერება და მათ აუცილებლად კანონის ფარგლებში მოვთხოვთ პასუხს თითოეულ კანონდარღვევაზე.
ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები ხომ მოიმატებს?
– რაც უნდათ, ის მიუმატონ და მოაკლონ! ვაპირებ საჩივრის შეტანას ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, იმ უკანონო დაკავებისთვის, რაც განახორციელეს. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, რაც ქვეყანაში ორი წელია მიმდინარეობს. ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადის მოსამართლე, რომელიც ხედავს ამ უკანონობას და არ სჯის პატრულის კანონდამრღვევ თანამშრომლებს.