17 სექტემბერს ცნობილი ქართველი რუსთველოლოგის ვიქტორ ნოზაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეა. ემიგრაციაში გარდაცვლილმა მკვლევარმა თავი მეცნიერებას შესწირა და პირადი ცხოვრებისთვის არ ეცალა. კომუნისტებმა ძმა - ცნობილი ფუტურისტი პოეტი პალიკო ნოზაძე დაუხვრიტეს, თუმცა ვიქტორ ნოზაძე სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვარაუდობდა. ამ იმედით სხვა ქვეყნის შვილი არ შეირთო ცოლად და შინ წასვლის ვადებს განუწყვეტილივ ინიშნავდა. საბოლოოდ მაინც ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს და გასაბჭოებულ საქართველოში არ ჩამოსულა.
ამბობენ, რუსთაველის იუბილეზე, როგორც რუსთაველის მკვლევარს, საქართველოდან მიწვევა მისვლია. ეს ოფიციალური მიწვევა ყოფილა, სსრკ-ის საელჩოც საქმის კურსში იყო და, ოდესღაც ქართულ მიწაზე ჩამოსვლის აკრძალვის მიუხედავად, მისთვის საქართველოს კარი უკვე ღია იყო. თუმცა, სურვილის მიუხედავად, გასაბჭოებულ სამშობლოში ჩამოსვლა არ ისურვა. უთქვამს - რუსთაველის იუბილეს თავისუფალი, ბედნიერი საქართველო არ ზეიმობს, ის ჯერ ისევ დაპყრობილია, მოსაწვევებსაც არა მშობლიურ, არამედ რუსულ ენაზე ავსებენ. „ამიტომ გასაგებ მიზეზთა გამო თბილისს ვერ მოვალ და იუბილეს ვერ დავესწრები“. ეს მისთვის ყრუ ტკივილი იყო და მეგობრისთვის არც დაუმალავს, „წარმოგიდგენია, რა ბედნიერება იქნებოდა, საქართველო ერთჯერ კიდევ მენახა!“
ვიქტორ ნოზაძის ცხოვრებას ღრმა კვალი დააჩნია ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა, უაღრესად პატრიოტმა ადამიანმა იოსებ ოცხელმა. იმ დროს, როცა რუსულ ენაში გამოცდა ძალიან მძიმე იყო, რადგან „კავკასსკი უჩებნი ოკრუგი“ ქართულის გაბატონებას ებრძოდა, გიმნაზიელი ახალგაზრდები მაინც პატრიოტებად ყალიბდებოდნენ. იოსებ ოცხელი ზრუნავდა, რომ გიმნაზიელებს უპირველესად საკუთარი სამშობლო, მისი ბუნება გაეცნოთ. ამიტომ მათ საქართველოს კუთხეების ფეხით მოვლას ავალებდა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ნოზაძის მოგონებებში საქართველოს ცალკეული კუთხეების მკვიდრნი წარმოჩნდებიან, როგორც უაღრესად პატრიოტი ადამიანები, რითაც ირკვევა, როგორი განწყობა იყო იმდროინდელ ქართველებში, სანამ რეპრესიის წლები მათ შეიწირავდა.
თურმე ზემო სვანეთისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზად შემოეყარათ თავადი გარდაფხაძე. ამდენი მოწაფე ერთად რომ დაინახა, გაუკვირდა. სახლიდან მოშორებით რადგან იყო, შინ ვერ დაპატიჟა და იქვე ველზე, სხვა სვანებთან მიიყვანა. ხბო დაუკლა, თანაც დაარიგა, ახალგაზრდებო, უნდა გიყვარდეთ თქვენი სამშობლო და უნდა იბრძოლოთ მისთვის... ვიქტორ ნოზაძე იხსენებს, რომ მაშინ ისინი სახტად დარჩნენ, რადგან ვერ მიხვდნენ, რომელი ბრძოლისკენ მოუწოდებდა მათ თავადი გარდაფხაძე. შემდეგ სვანებმა ისეთი სიმღერა შემოსძახეს, რომელიც გიმნაზიელებს არასდროს გაეგონათ. სხვათა შორის, ეს სვანური ხმები ვიქტორ ნოზაძეს ემიგრაციაშიც აღელვებდა.
ამ მოგზაურობისას ახალგაზრდები ეროვნული სულისკვეთების მქონე კიდევ არაერთ ადამიანს შეხვდნენ. მოგვიანებით ეწერში გადაინაცვლეს, ლევან დადეშქელიანთან. მან მწუხარება გამოთქვა, რომ სვანეთის კედლებზე სხვადასხვა ეროვნების გვარები იყო დაფიქსირებული - ფრანგული, გერმანული, ინგლისური, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილისა და ნიკო მარის გარდა, არ ჩანდა ქართული გვარები. ამიტომ დადეშქელიანს გაუხარდა, რომ სვანეთის მონახულება, ბოლოს და ბოლოს, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს.
დადგა 1913 წელი. რუსეთის იმპერია რომანოვების ტახტის 300 წლის აღსანიშნავად ემზადებოდა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისშიც დიდი ზეიმი იყო. იუბილეს აუარება ხალხი ესწრებოდა. თუმცა რუსეთის დიდი იუბილის დასაგმობი პროკლამაციები ქუთაისში მაინც დაიბეჭდა და ამ საზეიმო დღეს ფურცლები ყველგან გავრცელდა. ატყდა დიდი ალიაქოთი. დატრიალდა ჟანდარმერია. აწრიალდნენ ჯაშუშები, მაგრამ მაინც ვერ გაიგეს, თუ ვინ დაბეჭდა და გაავრცელა ეს პროკლამაციები. პოლიცია ეჭვობდა, რომ ამის უკან ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეები იდგნენ. იოსებ ოცხელიც დაკითხეს. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ეს გიმნაზიელებმა გააკეთეს, იოსებ ოცხელს გიმნაზიას დაუხურავდნენ და მათ დაღუპვა ელოდათ. თავდაპირველად, ვიქტორი არ ამხელდა, თუმცა მოგვიანებით მაინც გამოუტყდა თავის ერთგულ პედაგოგს, რომ ამ პროკლამაციების ტექსტი მისი დაწერილი იყო. იოსებ ოცხელს გაღიმებია და უთქვამს, ყოჩაღ, კარგად დაგიწერიაო.
როგორც აკადემიკოსი გურამ შარაძე იხსენებდა, ვიქტორ ნოზაძე დაინტერესებული ყოფილა წიწამურთან მომხდარი საიდუმლოების გარკვევით. სხვათა შორის, ერთ-ერთ წრეში ამ თემაზე კამათისას კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს და მისი საათი ფილიპე მახარაძეს აღმოაჩნდაო. კონსტანტინეს მენშევიკებმა ამ ფაქტის დამტკიცება მოსთხოვეს, თუმცა ქართველ მწერალს ამის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა.
ვიქტორ ნოზაძის მოგონებებით, რევოლუციის შემდეგ გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში იგი ნოე რამიშვილსა და ლადო ახმეტელთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროს ოთახში უცნობი კაცი შესულა, რომლისთვისაც ნოე რამიშვილს ვიღაცის მისამართით დაუვალებია, აქ შემოათრიეო. მართლაც ოთახში შეიყვანეს უცნობი მამაკაცი. მისი დანახვისას ნოე რამიშვილი წამოჭრილა და უთქვამს - შე ბინძურო! გათახსირებულო! მოღალატე! გამცემო! მკვლელო! ჟანდარმერიის აგენტო! შემოყვანილი თავჩაღუნული მდგარა. - ამოიღე ხმა, ჯაშო! - უყვირია ნოე რამიშვილს. ეს უცნობი მამაკაცი ილია ჭავჭავაძის მოურავი - დიმიტრი ჯაში აღმოჩენილა. რამიშვილს მისთვის უთქვამს, „ჩვენ ვიცით, რომ შენ მონაწილეობა მიიღე ილიას მკვლელობაში, მაგრამ ვისი დავალებით გააკეთე ეს?!“ - „არაფერი ვიცი“, - უპასუხია ჯაშს. ამის გაგონებაზე ნოე რამიშვილს მისთვის სილა გაუწნავს. ჯაში დაბარბაცდა, მაგრამ არ დაეცა. ბოლოს, მოურავი ჯაში ისევ გაიყვანეს და ციხეში დააბრუნეს. ვიქტორ ნოზაძის მოგონებებში ჩანს ჯაშის დაკითხვის დეტალებიც. გამომძიებელი ეკითხება ილიას მოურავს, რა გინდოდა სწორედ იმ დროს კაკლის ხეზე, როცა წიწამურში ილიას თავდამსხმელები დაუხვდნენ? ჯაში თავს იმართლებდა, რომ მას თურმე ახალი ნიგზვის ჭამა მონატრებოდა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ ახალი ნიგზვის მოსაკრეფად სულაც არ იყო საჭირო კაკლის კენწეროზე ასვლა, მას, როგორც ილია ჭავჭავაძის მოურავს, მოსამსახურე ბიჭებიც მიართმევდნენ კაკალს. სინამდვილეში, საქმე ის იყო, რომ ილიას ეზოში მდგარი კაკლის ხის კენწეროდან კარგად ჩანდა წიწამური... ოქმებიდან ისიც ირკვევა, რომ ჯაში, ამავდროულად, ჟანდარმერიის აგენტი იყო.
***
ვიქტორ ნოზაძის საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით For.ge „ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების“ თავმჯდომარეს გაიოზ ნოზაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ 1993 წელს ვიქტორ ნოზაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით მისი იუბილის აღნიშვნას აპირებდნენ, თუმცა ტრაგიკული მოვლენების გამო საქართველოში ამისთვის არავის ეცალა. ასევე, 110 წლისთავის აღნიშვნა ჩაიშალა 2003 წელს. ამიტომ წელს აღინიშნება ბატონი ვიქტორის იუბილე.
გაიოზ ნოზაძის თქმით, მათი საზოგადოების თხოვნით, მისი მშობლიური სოფლის - მოძვის საჯარო სკოლას (სადაც სექტემბრის ბოლოს ვიქტორ ნოზაძის მუზეუმი გაიხსნება) მიენიჭა ვიქტორ ნოზაძის სახელი, ასევე, საჩხერის ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა.
„ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის შემდეგ ვიქტორ ნოზაძემ სწავლა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო და 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. იგი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთს, შემდეგ იგი იყო „საქართველოს რესპუბლიკის“ პირველი რედაქტორი. 1919 წლის ბოლოს კი დემოკრატიულმა მთავრობამ 70 ნიჭიერი ახალგაზრდა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა, მათ შორის ვიქტორიც, რომელიც საქართველოს ანექსიის შემდეგ იძულებით ემიგრაციაში 55 წლის განმავლობაში დარჩა. იქვე დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, მიიღო დოქტორის წოდება, 1928 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიქტორ ნოზაძე მიიწვიეს სამხრეთ ამერიკაში. ცნობილი მეცენატისა და ბიზნესმენის -ავთანდილ მერებაშვილის საშუალებით ვიქტორ ნოზაძემ სამხრეთ ამერიკაში „ვეფხისტყაოსნის“ ოთხი ტომის გამოცემა შეძლო. თავდაპირველად ბუენოს-აირესში გამოსცა „ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება“, შემდეგ - „ვარსკვლავთმეტყველება“, „მზისმეტყველება“. ამას მოჰყვა „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება“ და „ღვთისმეტყველება“. ხოლო მეექვსე ტომი - „ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება“ ავადმყოფობის გამო ვერ დაასრულა და მისი დაბეჭდვა მისმა ძმამ, გიორგიმ შეძლო, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და, ასევე, ცნობილი მეცნიერი გახლდათ“, -აღნიშნა გაიოზ ნოზაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში ემიგრანტული ლიტერატურისადმი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. ამიტომ მათ ვიქტორ ნოზაძის უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული შრომების გამოცემა გადაწყვიტეს. გაიოზ ნოზაძე აცხადებს, რომ ვიქტორ ნოზაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასებისა და მისი პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ტრაგიკულად დაღუპულმა აკადემიკოსმა გურამ შარაძემ. სწორედ მან ჩამოიტანა მისი არქივის უდიდესი ნაწილი პარიზიდან, ასევე, ჩამოიტანა ის საბეჭდი დაზგა, რომელზეც ვიქტორ ნოზაძე თავად ბეჭდავდა ნაშრომებს. აღნიშნული სტამბა, გურამ შარაძესთან შეთანხმებით, გაიოზ ნოზაძემ სოფელ მოძვში ჩაიტანა, რომელიც ვიქტორ ნოზაძეს იმდენად უყვარდა, რომ უამრავ ფსევდონიმს შორის ერთ-ერთ ფსევდონიმად სწორედ „მოძველი“ აიღო. თავისი წიგნის ერთ ეგზემპლარს კი ბატონი ვიქტორი ყოველთვის უგზავნიდა ნათესავებს იმერეთში.
„მთელი 30 წელიწადი შეალია „ვეფხისტყაოსანს“. „ჩხრეკანი“ - ასეთი სიტყვა უყვარდა ამ შესანიშნავი პოემის გამოკვლევისას. 1966 წელს „ზარია ვოსტოკაში“ გამოქვეყნდა წერილი, სადაც ვიქტორ ნოზაძე იყო გაკრიტიკებული, რადგან მან თქვა, ძალიან კარგია, რუსთაველის იუბილე რომ ტარდება, მაგრამ ჯერ საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემა არ არსებობს, ამიტომ ჯერ აკადემიურად გამოგვეცა „ვეფხისტყაოსანი“ და შემდეგ გადაგვეხადა იუბილეო. ეს ჩაუთვალეს უსამართლობად, გააკრიტიკეს, ვიღაც ნოზაძეა უცხოეთში და მან გააკრიტიკა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაო“, - იხსენებს გაიოზ ნოზაძე.
ვიქტორ ნოზაძე 1975 წლის აპრილში გარდაიცვალა.