ბევრი უსამართლობა და უსწორ-მასწორობა ხდება ამ დალოცვილ ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ქალაქის განაპირა უბნის მცხოვრებნი რის მოწმენიცა ვხდებით, ენით გამოუთქმელია.
ქალაქის მამები მარტო შუაგულ ქალაქის გამშვენიერებისთვის ფიქრობენ, დანარჩენები-კი უყურადღებოდაა მიტოვებული. ამ მხრივ განსაკუთრებით ხარფუხია ჩამორჩენილი. აქ არ არის არავითარი კულტურული დაწესებულება - თეატრი, ბიბლიოთეკა და სხვა...
ქუჩებში რომ გაიაროთ, ისეთ უწმაწურ მჭევრმეტყველურ ლანძღვა-გინებას გაიგონებთ, რომ ძალაუნებურად ყურებში თითი უნდა დაიცოთ: ბიჭები დუქნების წინ, ფეხმორთხმით სხედან და აშკარად „ყომარსა“ თამაშობენ. თამაშობას ჩხუბი და დანების ტრიალი მოსდევს. მაგალითები ბევრია. პურის თუ სხვა სანოვაგეზე გაგზავნილები რომ ქუჩაში ყომარში ან სხვაფრივ აგებენ ფულს, ან გაჯიბგირებული ბიჭბუჭნი სტაცებენ ფულს, ამას ხომ ანგარიში არა აქვს. ხშირად ცოლ-შვილიანი კაცებიც თამაშობენ ოთხ კოჭს-ყომარს, შვილები-კი თავზე ადგანან და გატაცებით უყურებენ მამას. რასაკვირველია, ამგვარი მამის შვილები სწავლის მაგივრად თანდათანობით ისეთ წუმპეში ცვივდებიან, საიდანაც მათი ამოყვანა და გამობრუნება ყოვლად შეუძლებელია.
ხარფუხელებს ერთი სიკეთე გვჭირდა: რამდენიმე ინტელიგენტის თაოსნობით შესდგა ხარფუხის ქართული წარმოდგენების მმართველი წრე, რომელიც სისტემატურად მართავდა იაფფასიან წარმოდგენებსა, რითაც ბნელში ჩაფლულ ხალხს სულიერად ასპეტაკებდა. პირველხანად აქაური თავაშვებული ბიჭები ურწმუნოდ უყურებდნენ თეატრს, მაგრამ გამგეობა ყოველ წარმოდგენაზე ათ ბილეთს უფასოდ ურიგებდა მათ და მართლაც 3-4 წარმოდგენის შემდეგ უნდა გენახათ ეს ქუჩის ბიჭები რა ხალისითა და მოწიწებით დაიარებოდნენ თეატრებში და აკი ქურდბაცაცობამა და ყომარბაზობამ შესამჩნევლად იკლო.
ამ წრეს არსებობისათვის საღსარი არ ჰქონდა. ის ერთი-ორი გროში, რომელიც მომჭირნეობითა ჰქონდა შენახული, თეატრის გამშვენიერებას გააგლისა. უსაღსრობით ქალაქს სახლის ქირა თავის დროზე ვერ გადაუხადა. იმის მაგივრად, რომ ქალაქი თითონ დახმარებოდა ამ სიმპატიურ დაწესებულებას, ხელი შეეწყო სუბსიდიებით, წრეს სასამართლოში უჩივლა და უქადის ბუტაფორიის, ხის დამტვრეული ხანჯლებისა და ძველ ქუდების გაყიდვას. წრეს რომ ხელშეკრულობის ძალით ვერაფერი დააკლო, შემდეგ ხერხს მიმართა: გამოუგზავნეს ქაღალდი ბოქაულს, რომ შენობა 9 საათის განმავლობაში დაცალეთ, ლაზარეთისათვისაო. თუმცა საანბანო ჭეშმარიტებაა, რომ ლაზარეთისთვის შენობას კომისია სინჯავს, ამოწმებს და შემდეგ, თუ გამოსადეგია, ამტკიცებს კიდეც. აქ კი ქალაქმა სულ სხვა გზა აირჩია...
ქალაქი თავისი დაწესებულებით ხომ ხალხისაა და მცხოვრებლების კეთილდღეობისათვის ზრუნავს. წრეც ხომ სახალხო დაწესებულებაა და მიზნად ამ უბნის ბნელი ხალხის გათვითცნობიერება და სინათლის შეტანა უნდა. მაშ, არ გვესმის, გერივით რად უყურებს ქალაქი ამ წრეს და არ აძლევს საშუალებას თავისი დანიშნულება პირნათლად შეასრულოს?!
შარშან რამდენჯერმე მიუმართავს წრის გამგეობას ქალაქისათვის შემწეობისათვის და თავისი მოქმედების საბუთებიც წარუდგენია, მაგრამ... პატრონი სად არის?
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას