ნინო ბურჯანაძე სკანდალში გარეული აღმოჩნდა

ნინო ბურჯანაძე სკანდალში გარეული აღმოჩნდა

უკრაინული მას-მედია ირწმუნება, რომ ნინო ბურჯანაძემ ვიქტორ პინჩუკს ოპოზიციის გეგმის დასაფინანსებლად 2 მილიონ დოლარს სთხოვდა, სანაცვლოდ კი, ქართული ღვინისა და საკურორტო ბიზნესში დიდძალ წილს ჰპირდებოდა.

„ნაროდნაია პრავდა" წერს, რომ ბურჯანაძემ შეხვედრები ასევე უკრაინული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართა. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, იმის გამო, რომ ბურჯანაძეს საქართველოში ფულის წარმომავლობის ლეგალური საბუთები სჭირდებოდა, მან ბანკებთან ფულის გათეთრების გარიგების დადება სცადა.

„უკრაინულ ბანკებს ნინო ბურჯანაძისთვის 2 მილიონიანი კრედიტის მიღების ყალბი საბუთები უნდა გაეცათ, სანაცვლოდ კი 240 ათას დოლარს მიიღებდნენ. გარანტად ამ საქმეში ბანკებს პინჩუკის მიერ კონტროლირებადი კომპანიები უდგებოდნენ. მცდელობების მიუხედავად, ბურჯანაძემ ფულის გათეთრება ჯერ ვერ შეძლო, თუმცა ამ გეგმას, სავარაუდოდ, მომავალში, პინჩუკისა და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მეგობრის მედვედჩუკის დახმარებით განახორციელებს", - აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს უმრავლესობა. ამ საკითხზე კომენტარს არც ნინო ბურჯანაძე აკეთებს. თუმცა, ბურჯანაძის თანაგუნდელი რომან კუსიანი „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ბურჯანაძე 29 ივნისის შემდეგ კიევში ვიზიტით მართლაც იყო. კუსიანი ვიზიტის დეტალებს არ ახმაურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი საქმიანი იყო.

„თუ ხელისუფლებას ექნებოდა ნინო ბურჯანაძის მხრიდან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ვერსიები, ან რაიმე სახის დოკუმენტი, გარწმუნებთ, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილი ააფრიალებდა ამ დოკუმენტს და არ იქნებოდა მითქმა-მოთქმა ტელევიზიით. ეს არის ჭორების გაგრძელების სერია ხელისუფლების მხარიდან, ისეთივე, როგორიც განახორციელდა ბოლო დღეებში როგორც პაატა ბურჭულაძის, ასევე საპატრიარქოს წინააღმდეგ. ვიცნობ ამ გამოცემას და ისიც ვიცი, არა მარტო უკრაინულ პრესაში, არამედ სხვა საიტებზეც, თუნდაც უცხოურ პრესაში მსგავსი სტატიის გამოქვეყნება როგორ ხდება, საჭირო დროს, საჭირო ტექსტით", - ამბობს რომან კუსიანი.

რაც შეეხება ბურჯანაძისა და ლეონიდ კუჩმას სიძის ვიქტორ პინჩუკის შეხვედრას, კუსიანი მათ შეხვედრას არ ადასტურებს, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფს.

„უკრაინაშიც იყო, ევროპაშიც და აშშ-შიც. ეს ვიზიტები იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში. თუ იქნებოდა ამ შეხვედრაზე ფინანსებზე საუბარი, გარწმუნებთ, რომ ამ შანსს ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებდა. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხელისუფლების შავი პიარის ნაწილია, რომელსაც მათ დაქირავებული ფირმა უწერს ყოველდღიურად.

არავითარ ფინანსებზე საუბარი არ ყოფილა. მით უმეტეს, ბურჯანაძის მხრიდან ფულის გათეთრებაზე საუბარი არის აბსურდი. ხელისუფლება დიდი ხანია, ფიქრობს, რომ რაიმე მტკიცებულება გამოაქვეყნოს მის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არ გამოსდით. მსგავსი რამ არ არსებობს. ხელისუფლება იყენებს სახელისუფლებო ბერკეტებს ფინანსური პრობლემების შექმნისათვის. ამის იქით მათი პროფესიონალიზმი არ განვითარდა", - აღნიშნა რომან კუსიანმა.