ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან
ოპოზიციაში გადაჯგუფება მოხდება?
- ჩვენი სტრატეგია უცვლელია, რომ დღესდღეობით ოპოზიციამ ერთად უნდა შეასრულოს თავისი მიზანი, ახალი სამოქმედო გეგმითა და ახალი იარაღით. ეს არის ჩემი გზა, მე არ გადავუხვევ აქედან და მე არ ვარ გარეული რაღაც პოლიტიკურ თამაშებში. ვთვლი, რომ საქართველოს ბედი ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ბაიდენის ჩამოსვლა ჯერ არ არის საბოლოო გამარჯვება.
რომელ საბრძოლო იარაღს გულისხმობთ?
- ბაიდენმა ჩვენ დაგვიტოვა ახალი გზავნილი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. მან მოგვცა გეგმა, საბრძოლველი იარაღი, ამიტომაც გამოვიდა კონსერვატიული პარტია და უკვე მოითხოვა, ამერიკისგან გამოგზავნილი დახმარება - 1 მილიარდი სად არისო? ეს არის დამრტყმელი ძალა, აქედან დაიწყება სრულიად ახალი ბრძოლა. წაიკითხეთ ოპოზიციის მიმართვა ამერიკის ვიცე–პრეზიდენტისადმი და ბაიდენის გამოსვლის სრული ტექსტი და ნახავთ, როგორ ჰგავს ერთმანეთს.
ბაიდენის ჩამოსვლა იყო სიგნალი, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა?
- ბაიდენმა საქართველოს უთხრა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ამაში აღარასდროს ჩავერევითო. ვინ იქნება პრეზიდენტი, კომპეტენტური იქნება თუ არა, ესეც თქვენი გადასაწყვეტიაო. არ იფიქროთ, რომ ამერიკის რუსეთთან ურთიერთობის გამო ეს დამოკიდებულება რამენაირად შეიცვლებაო. ჩვენი კონკრეტული დახმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვიქნებით ამერიკის მეგობარი, ამერიკის მეგობრები კი იზომებიან დემოკრატიულობით. ჩვენ მის გამოსვლას ავიღებთ როგორც სამოქმედო გეგმას და გავზომავთ ხელისუფლების მიერ გადადგმულ თუ გადაუდგმელ ნაბიჯებს. ვიქნებით მონიტორინგის ძალა ხალხთან ერთად.
ბაიდენის გამოსვლას ექსპერტებმა ორმაგი სტანდარტები მიუსადაგეს.
- არ მაინტერესებს ექსპერტები. მე მგონი, მე ამერიკის უფრო კარგი ექსპერტი ვარ, ვიდრე ნებისმიერი აქაური ექსპერტი. ყველაზე კარგი ექსპერტიზა კი არის ბაიდენის სიტყვები. აიღეთ თარგმანში ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია, წაიკითხეთ, მე არაფერს ვუმატებ და ვაკლებ.
ხელისუფლებამ რომ სათავისოდ აღიქვა მისი გამოსვლა?
- როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ამახინჯებს. ნახევარს გვერდზე ტოვებს. მე ვეთანხმები ბაიდენის გზავნილს და, როგორც ქართველი, ამ ტექსტის ყველა წინადადებით ვარ ძალიან ბედნიერი. ჩემთვის მისმა სიტყვამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ესაა უთქმელი, მაგრამ პირდაპირი მხარდაჭერა და სამოქმედო გეგმა ოპოზიციისთვის. ესაა ამერიკის ძალიან გონიერი ახალი ადმინისტრაცია, რომლის წარმომადგენელმაც ამ დღენახევრიანი ვიზიტის დროს არცერთი შეცდომა არ დაუშვა.
სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნება შესთავაზა.
- რომელ პარლამენტზეა საუბარი? როცა ბაიდენმა თავისი სიტყვის პირველ ნაწილში თქვა, ამერიკა მხარს დაუჭერს მხოლოდ დემოკრატიულ საქართველოსო, ამ პარლამენტმა ტაში დაუკრა. მეორე ნაწილში კი არცერთი ტაში ბაიდენს არ მიუღია, რადგან ლაპარაკი იყო დემოკრატიაზე. ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა მიანიშნა, უნდა იყოს დემოკრატიული მედია, სასამართლოო. მანვე აღნიშნა, მოლოდინი, რაც ვარდების რევოლუციის დროს გააჩინეთ, უნდა შეასრულოთო. ამ ჩამონათვალზე ამ პარლამენტისგან ტაში საერთოდ არ გაისმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ბოლოდროინდელი გამოსვლები თითქოს არ ჰგავს ადრინდელს და ის გაცილებით რადიკალურია.
- სხვათაშორის, არც საპარლამენტო ოპოზიციას გამოუდია თავი, როცა ბაიდენი დემოკრატიულ მოთხოვნებზე საუბრობდა, მათგანაც არცერთი ტაში არ წამოსულა. რა სურათი იხატება ამით? რას იფიქრებდა ბაიდენი? ესაა ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავს, რაზეც მაჭავარიანი გადაწყვეტს ადგომას, ხოლო გაჩუმებულია დემოკრატიული მოთხოვნების დროს?
7 აგვისტოს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი გრანდიოზული საპროტესტო აქცია ისევ ძალაშია?
- ამას დავაზუსტებთ, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, 7 აგვისტოს ისევ შევიკრიბოთ. ჩვენი პროტესტი უკვე სხვა ფორმით გაგრძელდება. ამ ხელისუფლებამ რაც უნდა თავის სასარგებლოდ ატრიალოს ბაიდენის თემა, სიტუაციის მძევლად მაინც ვერ გადაგვაქცევს. განა ბაიდენს არ მიუვიდოდა ინფორმაცია, როცა სააკაშვილი აცხადებდა, პუტინს რომ შევხვდი, მზად ვიყავი გადამეგდო ნატოც და ამერიკაცო? "უოლსტრით ჟურნალს" კი უთხრა, ნატო მკვდარიაო, ჰგონია ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა ეს არ იცის?
ოპოზიცია ხშირად საყვედურობს ამერიკის ელჩს ჯონ ტეფტს. ახლაც გქონდათ სასაყვედურო?
- რაც უნდა დაუმალოს ამერიკის ხელისუფლებას ტეფტმა, მათ ყველაფერი კარგად იციან. ამიტომაც ჯოზეფ ბაიდენი არც ერთობლივ პრესკონფერენციას დათანხმდა სააკაშვილს, არც – იპოდრომზე წასვლას, რათა იქ ეგორავა ზოგიერთივით.
ზოგიერთები იმანაც გააღიზიანა, რომ დევნილ ბავშვებთან ბაიდენის შეხვედრისას თითქმის ყველა მათგანი ამერიკაში წასვლას და ფულად დახმარებას ითხოვდა. ესეც ახალი ქართველების სამშობლოდან გაქცევის მორიგი მცდელობა ხომ არ იყო?
- ბაიდენს დახვდნენ ეს ბავშვები, რომლებმაც მას შესჩივლეს, მშიერნი ვართ, ფული არ გვაქვს, საშინელ დღეში ვართო. ისიც მიუტრიალდა სააკაშვილს და აღნიშნა, თქვენს პრეზიდენტს ძალიან კარგი სასახლე აქვს, ძალიან კარგი ვახშმით დამხვდაო. ამაზე მეტის თქმა დიპლომატიურად და იმ დახვეწილობით, რაც ახასიათებს ამერიკის ვიცე–პრეზიდენტს, არ შეიძლებოდა. რომელ გამარჯვებაზეა საუბარი, როცა სააკაშვილი დახვდა ვიცეპრეზიდენტს ახლადმიღებული, სრულიად ანტიდემოკრატიული კანონით. ამ დროს სტუმარს დაატარებს თავისი "გოიმური" სასახლიდან მეორე ციხესიმაგრეში– პარლამენტში. როგორ გგონიათ, ის კაცი არ იფიქრებდა, ამათ სასახლეც ჰქონიათ და ჩემ მიერ ქართველი ხალხისთვის მიცემული და კონგრესში ძნელად მოპოვებული 1 მილიარდი თურმე დაიხარჯა იმ რაღაც საზიზღრობაში, რასაც სააკაშვილი რეზიდენციას უწოდებს? ამერიკის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანაში ომის პერიოდში იყო ჩამოსული და იბრძოლა ჩვენთვის 1 მილიარდის გამოყოფისთვის, ახლა ხედავს, რომ მილიარდის დიდი ნაწილი წავიდა ამ სასახლეში, რომლის ხარჯები ალბათ თვითონ სააკაშვილმაც არ იცის დაზუსტებით.
ფიქრობთ, ბუშის ჩამოსვლის დროს საქართველოში განსხვავებული სიტუაცია იყო?
- როცა ბუში ჩამოვიდა, მას დახვდა თავისუფალი, ნათელი ქართველი ხალხი. დღეს კი ბაიდენს დაახვედრეს ჩაკეტილი, ხალხისაგან დაცლილი ქუჩები.
ეს ხელისუფლებამ მაღალი სტუმრის უსაფრთხოებით ახსნა.
- ეს არ იყო ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების მოთხოვნა, რადგან წინასწარ იყვნენ ისინი ჩამოსულნი და ეს რომ გვცოდნოდა, ჩვენც მივიღებდით შესაბამის ზომებს და თავს არ მოვიკლავდით მოწოდებით, ხალხო, გამოდით თავისუფლებაზე–თქო. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ხალხს გზას არ გაუხსნიან და არ მისცემენ საშუალებას, მშვიდობიანად გამოხატონ თავისუფალი ნება, თანაც თავისუფლების მოედანზე.