სახელი გეტყვით ყველაფერს: იმ დიდ სიყვარულსაც გაგახსენებთ, რომლითაც მაყურებელი და მსმენელი ხვდებოდა, იმ არაჩვეულებრივ როლებსაც, დღესაც რომ ღიმილს გვგვრის, იმ ცხოვრებისეულ დრამასაც, წილად რომ ხვდა და გადაიტანა... ეს სახელია - ეროსი.
არ ვიცი, რამდენს ერქვა ან ჰქვია ეს სახელი... საქართველოსთვის კი ის ერთ კაცს ეკუთვნის - ეროსი მანჯგალაძეს.
ერთ დროს უშიშროების თავკაცს, შადურს, როცა აჩვენეს აფიშა (ეს აუცილებელი პროცედურა იყო - უნდა სცოდნოდა სახელმწიფოს, რა ეწერებოდა აფიშაზე!) - მთავარ როლში ეროსი მანჯგალაძეო, აღშფოთდა: ეროსი რა სახელია, დაწერეთ ერასტიო...
გაიგო ეს ამბავი ეროსიმ. გაგიჟდა: არც თქვენი ერასტი მინდა, არც თქვენი თეატრიო... შავ დღეში ჩავარდნილმა ადმინისტრაციამ გამოსავალი იპოვა - არც მწვადი დაწვა, არც შამფური: მთავარ როლში ერ. მანჯგალაძეო!
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა მარტო... თუმცა რა მარტო - ყოველ საღამოს მასთან იკრიბებოდნენ მეგობრები, რომლებმაც იცოდნენ პაროლი - ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი... მიდიოდა კარტის თამაში... ეროსი სულ მოგებული უნდა ყოფილიყო... სხვანაირად არ შეეძლო. ამიტომ ზოგჯერ მეგობრებიც "უზრუნველყოფდნენ" მის მოგებას. მერე იწყებოდა ლხინი. დიდი სანახაობა იყო მისი თამადობა...
ფეხბურთის მოყვარულებისათვის ეროსი დღესაც ფეხბურთის სიმბოლოდ რჩება. თუმცა, ამბობენ ქუთაისში ერთხელ მეგობრული მატჩი ითამაშეს მსახიობებმა და ეროსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი კარისკენ კი არა, სულ სხვა მხარეს გაფრინდაო... მაშინ უთქვამს, ფეხბურთს აღარასოდეს ვითამაშებო. პირველი რადიორეპორტაჟი 20 წლისამ წაიყვანა. ამის გამო კინაღამ ინსტიტუტიდან გარიცხეს... აბა, რას უზამდნენ, სადიპლომო სპექტაკლი მიატოვა და მოსკოვში ამოყო თავი, საიდანაც პირველად უნდა გადმოეცა ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟი ქართულ ენაზე... კიდევ კარგი, აკაკი ხორავაც ფეხბურთის გულშემატკივარი იყო. ეროსის მოუსმინა და მისი გარიცხვაც გადაიფიქრა...
რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს სულით და გულით აკეთებდა. თუ უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, თუ ხარობდა, ისე უხაროდა, რომ სხვა არაფერზე ფიქრობდა... სულ უბრალო ამბავია: ერთხელ ბაზრიდან დაბრუნდა დატვირთული, ორივე ხელით მკერდზე ქაღალდის პარკებმიხუტებული. სახლის წინ მეზობლები დახვდნენ - მისი საყვარელი ბიჭები. ბიჭებს სალამიო - და ორივე ხელი მაღლა ასწია. პარკები მოწყვეტით დაცვივდა ასფალტზე... ყველაფერი ერთმანეთში აირია. ეროსი დაბნეული დაჰყურებდა დაჭყლეტილ პომიდვრებს, გაფანტულ ხილს... წამოხტნენ ბიჭები. ბაზარში გავარდნენ და ყველაფერი მოუტანეს საყვარელ არტისტსა და ადამიანს.
ეროსიც თავისებურად გამოხატავდა სიყვარულს. ყველას მეტსახელს არქმევდა. თეატრალურ ინსტიტუტში შექსპირის "მეთორმეტე ღამე" დადგეს. მაშინ ეროსი მანჯგალაძე თეატრის პარტკომიც იყო და საბჭოს თავმჯდომარეც... გადახედა მონაწილე სტუდენტთა სიას. ერთი გვარი მოხვდა თვალში - ღაღანიძე. სამტრედიის რაიონში არის სოფელი ღანირი. იქ ჰქონდათ ფესვები ღაღანიძეებსაც და მანჯგალაძეებსაც. სპექტაკლი რომ დამთავრდა - აბა, რომელია ღანირსკიო. მე ვარ, ბატონო ეროსიო, - უთქვამს მორიდებით ბატონ ჯემალს. გადაეხვია თურმე. მას მერე შეერქვა ღანირსკი ღაღანიძეს.
სპექტაკლში "დაკარგული ბარათი", ჯემალ ღაღანიძე თამაშობდა ბებერ ქალაქის მერს. ეროსი ედგა გვერდით. ერთ ეპიზოდში დაიძახებდა, - ყოჩაღო, და ზურგზე ხელს ისე მაგრად ურტყამდა ღანირსკის, თვალებიდან ნაპერწკლებს აყრევინებდა...
„ლამის თავი დამერტყა სცენაზე, - იხსენებს ჯემალ ღაღანიძე, - ერთხელ ვიპოვე დასარტყამი ინსტრუმენტის რკინის მრგვალი თეფში. თოკი მოვაბი, ბეჭებზე გადავიგდე და მოსასხამის ქვეშ დავმალე. დამარტყა ეროსიმ და ისეთი ხმა გამოსცა "თეფშმა", კინაღამ გული გაუსკდა - ვაი, შენ რა გითხარიო"...
„ხანუმაში" ერთად თამაშობდნენ რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი. თბილისში გრიპის ეპიდემიაა. რამაზ ჩხიკვაძეც სიცხიანია, ვერ სუნთქავს, არადა სიმღერა აქვს შესასრულებელი: „დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას". ღელავს, როგორ უნდა იმღეროს... მოვიდა შესრულების დრო და, როგორც იქნა, იმღერა... ამოისუნთქა, რომ მორჩა. უცებ ეროსი ეუბნება: - ეგ როგორა, რა თქვი - დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისასო?.. ეგ როგორა თქვიო... სიმღერაა ასეთიო, - პასუხობს აკოფა და გულმა უგრძნო, კოლეგა რაღაცას უმზადებს. დარბაზი იცინის, მიჩვეულია, რომ აკოფას და თავადის მოკლე დიალოგი შეიძლება კარგა ხანს გაგრძელდეს. აბა, ერთი კიდევ იმღერე, კარგად გავიგო, რა ხდებაო... ისმის ტაში და სხვა რა გზაა, რამაზ ჩხიკვაძე მეორედ მღერის. ეროსის ეღიმება! სიმღერა მთავრდება და ეროსი ისევ ბუხუნებს: - დაა... ბიჭო, აკოფ, მაინც ვერ გავიგე, ეგ როგორაა, რომა დოქის ტუჩი გირჩევნია ქალისას... აბა, ერთიც მიმღერე, რომ გავიგო. ამ დროს კი გაცეცხლდა რამაზი - გრიპი მაქვს, კნიაზ, გრიპი!.. არ შემიძლია, მეტს ვერ ვიმღერებო!
როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, როცა სცენაზე უნდა გასულიყო, არც ღვინოს გაეკარებოდა, სიგარეტსაც კი არ მოსწევდა.
ცხოვრებისგან არაერთი სიმწარე ჰქონდა ნაგემი: დედა მძიმე ავადმყოფი ჰყავდა, ძმა გარდაეცვალა... სიყვარულიც კი ტრაგიკულად დამთავრდა - ლენა ყიფშიძესთან ძალიან მალე დაენგრა ოჯახი... მეორე ოჯახზე აღარც უფიქრია...
მსახიობებიც და მეგობარ-მეზობლებიც ბევრს ხუმრობდნენ ეროსის ძაღლზე - ტანგოზე. ეს სახელი ბავშვობაში ეროსის საყვარელ ძროხას რქმევია... ეს იყო იაპონური ჯიშის, როგორც ამბობდნენ, ძალიან უჯიშო ძაღლი. ნუგზარ ჯუღელის თქმით, სტუმრისათვის ტანგოს შეიძლება შარვლის ტოტიც მოეჭამა და წინდაც მიეყოლებინა ზედ... მერე იყო და, ძაღლი წამდაუწუმ იკარგებოდა. ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი თავგამოდებით ეძებდნენ ტანგოს... აბა, რა ექნათ, ეროსის სიხარული იყო ეს ძაღლი.
საარაკო ამბავია: რუმინეთში საგასტროლოდ წასვლაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, ტანგოს წაყვანის ნებართვა რომ არ მისცეს... შოკში ჩავარდა თეატრი... ვიდრე ეროსი არ დაარწმუნეს, საუკეთესო კინოლოგი ჩაიბარებს შენს ტანგოსო, მანამ ვერ დაითანხმეს. როცა რუმინეთში გამართულ ბანკეტზე სადღეგრძელოს თქმა სთხოვეს, მოკლედ მოჭრა: - ტანგოს გაუმარჯოსო... აბა, ვინ გაიგებდა, რას ამბობდა ეროსი. ელჩმა ნიშანი მისცა და ტანგო დაუკრეს.
ამბობენ, ტანგო რომ მოკვდა, პატივით დაასაფლავა კუს ტბაზეო... დოდო აბაშიძემ კი დეპეშა აფრინა მასთან: - ვიზიარებ შენს მწუხარებას ტანგოს გარდაცვალების გამოო...
ეროსის თავზარს სცემდა სიკვდილი... მეზობელი რომ გარდაეცვალა, სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად თურმე... პანაშვიდებზე რომ მიდიოდა, მხოლოდ ეზოში დგებოდა.
სიბნელეში ძილის ეშინოდა. ამიტომ საძინებელში ღამითაც არ აქრობდა შუქს. ჯიბეში უამრავი წამალი ედო...
ყველას ეგონა, ეროსი დიდხანს, დიდხანს იცოცხლებდა, ჯიბეებში წამლები ექნებოდა, ივლიდა რეპეტიციებზე, გადაღებებზე. მხიარულად გაივლიდა კორპუსის წინ, ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებოდა, მერე დომინოს გაშლიდა...
ყველას ეგონა, ღამით, მის ბინაში სინათლე არასოდეს ჩაქრებოდა...