ევროპის სოციალისტური დელეგაციის ჩამოსვლის დღეს, სექტემბრის 14-ს ბათომის კომუნისტების ორგანიზაციამ გადმოყარა სპეციალური ფურცლები.
მოწოდებაში ბოლშევიკები მოუწოდებენ მუშებს შეკრებილიყვნენ მესამე ინტერნაციონალის გარშემო. მოწოდება სავსე იყო ევროპელი სოციალისტების ლანძღვა გინებით და ურჩევდა მუშებს ზურგი ექციათ ყვითელ მასპინძლებისა და ყვითელ სტუმრებისათვის. ეს ფურცელი დაიჭირეს და მის გავრცელებისათვის რამოდენიმე პირი დაატუსაღეს.
ბათომში მყოფ საბჭოთა საკონსულომ რამოდენიმე ხნის შემდეგ აღძრა შუამდგომლობა განსაკუთრებულ კომისარის წინაშე დატუსაღებულთა განთავისუფლების შესახებ.
შუამდგომლობას საკონსულო ასაბუთებდა მით, რომ დატუსაღებულნი საბჭოთა მოქალაქეებია და მცირე წლოვანნი იყვნენო. გარდა ამისა დაჭერილ იქნა ვინმე მელიქ ოსიმოვი, რომელსაც საბჭოთა კავშირის მოქალაქის საბუთი არ გააჩნდა. ოსიმოვმა წარადგინა საბუთი რომ სომხეთის მოქალაქე გახლდათ და რუსეთის დეპეშათა სააგენტოში კორესპონდენტის თანაშემწეთ მუშაობდა. მოწმეების ჩვენებიდან გაირკვა, რომ სომხეთის მოქალაქე ფურცლების გადაყრაში განსაკუთრებით აქტიურობდა. როგორც კი იქნა წარდგენილი დამამტკიცებელი საბუთები, რომ ოსიმოვი სომხეთის საკონსულოშიც მუშაობდა, ის დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს.
ამავე დროს ბათომში მოვიდა ცნობები თბილისის სისხლის სამართლის მილიციისა, რომ განსაკუთრებულ კომისარის კანცელარიაში მსახურობს ვინმე მენაბდე, რომელიც საბჭოთა მისიის აგენტათ ითვლებაო. გამორკვეული იქნა აგრეთვე კავშირი საბჭოთა წარმომადგენლობასთან საფრანგეთის მისიის შიკრიკის, სომხეთის ქვეშევრდომის მარგონიანისა, რომელიც საფრანგეთის სამსახურში ითვლებოდა ოფიცრად.
როგორც გამოირკვა, მენაბდე ყველა კონვერტებს წინასწარ აძლევდა საბჭოთა საკონსულოს, სადაც ხსნიდნენ კონვერტებს და შინაარსის გადმოწერის შემდეგ აბრუნებდნენ უკან. სექტემბრის 14-ს მენაბდე სწორედ იმ დროს იქნა დატუსაღებული ალექსანდროვის ბაღში, როდესაც იგი აძლევდა დიდ კონვერტს საკონსულოს ინფორმაციულ განყოფილების გამგეს პაეჩანსკის. მენაბდესთან ერთად დატუსაღებულ იქნა პაეჩანსკი, რომელმაც ჩვენებაზედ უარი განაცხადა, მაგრამ მენაბდესაგან მიღებული დოკუმენტი გადასცა სისხლის სამართლის მილიციის უფროსს.
პაეჩანსკი როგორც პასუხისმგებელი მოსამსახურე საკონსულოსი განთავისუფლებულ იქნა. მენაბდის გამოკითხვამ გამოარკვია, რომ პაეჩანსკიმ რამოდენიმეჯერ მიმართა მას წინადადებით გადაეცა მისთვის კომისარიატში მიღებული საიდუმლო დოკუმენტები. სახელდობრ მას (მენაბდეს) მისცეს წინადადება ეშოვა ასლი კისკინზადეს დაკითხვის ოქმისა და აგრეთვე სხვა დოკუმენტებისა. დასასრულ მას სთხოვეს ყოფილიყო საკონსულოს საიდუმლო აგენტი კომისარიატთან, რისთვისაც მას დიდი თანხა შეაძლიეს.
ამგვარათ ბოლშევიკებს ინგლისის საოკუპაციო მმართველობის დროს კიდევ ჰქონდათ გავლენა ხალხში, მაგრამ საქართველოს ჯარების შემოსვლის შემდეგ მათ ეს გავლენა დაკარგეს და პროფესიონალურ კავშირებში სრული დამარცხება განიცადეს. ეხლა ყოფილი აგენტები თავს აფარებენ საბჭოთა რუსეთის საკონსულო დროშას და განაგრძობენ თავის შავ მუშაობას დემოკრატიულ საქართველოს წინააღმდეგ.
სათანადო მთავრობის აგენტთა ცნობებით გამოირკვა, რომ ამ მუშაობას ხელმძღვანელობდა საკონსულოს მდივანი დადიანი. დასახელებულ პირებს მთავრობის ორგანოები ყოველთვის ნდობით ეკიდებოდა. მიუხედავად ამისა იმათ მაინც მოაწყვეს დაწესებულებიდან საბუთების დატაცება და საქართველოს წინააღმდეგ აგიტაცია.
ბათომისა და მისი ოლქის საგანგებო კომისარმა ზემოთ მოყვანილ მოსაზრებით აღძრა შუამდგომლობა მთავრობასთან, რომ მოსთხოვოს სტარკს საკონსულოდან განდევნოს დასახელებული პირები, რათა ამით უნდობლობისა და გაუგებრობის ატმოსფერო განფანტოს და საბჭოთა რუსეთის საკონსულოსთან შეთანხმებული მუშაობა მოეწყოს ორივე სახელმწიფოს იმტერესების სასარგებლოდ.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას